Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო, არჩევნებისთვის სამზადისში, „პროფილაქტიკის“ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებს უტევს


ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად აზერბაიჯანის მთავრობა ზომებს მიმართავს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უტევს. ამას ის დაერთო, რომ ბაქომ ეუთოს მოსთხოვა, თავისი მისიის სტატუსი შეამციროს.

ბაქო ეუთოსგან ოფიციალურად მოითხოვს, მისიის ნაცვლად, სტატუსად “ პროექტების მაკოორდინირებელი ოფისი“ განისაზღვროს. აზერბაიჯანის მთავრობას მიაჩნია, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და მისიამ თავისი ამოცანა შეასრულა. აზერბაიჯანელი ექსპერტი ვაფა გულუზადე, რომელიც ადრე მთავრობის მრჩეველი იყო, ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯის მიზანია, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეუთო, როგორც კრიტიკის პოტენციური ავტორი, თამაშიდან გამოთიშონ. წარსულში აზერბაიჯანის არჩევნები ეუთოს მიერ ფასდებოდა ყოველთვის როგორც არასამართლიანი და არათავისუფალი. გულუზადეს აზრით:

„საქმე ახლანდელ ურთიერთობებს არ ეხება. პრობლემა მომავალია, საპრეზიდენტო არჩევნები, და ძნელია ახლა იმის განსაზღვრა, მას ეუთო აღიარებს თუ არა. ესაა მათი შეშფოთების მიზეზი და ეუთოს უფრო მორჩილი სტრუქტურა ურჩევნიათ“.

გულუზადეს ეთანხმება ჰაფიზ ჰასანოვი, კანონისა და განვითარების სოციალური კავშირის ხელმძღვანელი. მისი აზრით, ეუთოს მისიას ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვევენ. ბაქოში ეუთოს მისიის თაობაზე უნდა ითქვას ის, რომ მისია ოთხი თვის წინ განახლდა და ბიუჯეტიც ახლახან დაუმტკიცეს. მისიის ხელმძღვანელი, თურქი დიპლომატი ქორაი თარგაი ალიევის თავგამოდებული მომხრეა, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პროექტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. მისი აზრით, აზერბაიჯანის მთავრობა სწორ გზას ადგას ყველა თვალსაზრისით. ის ფიქრობს, რომ დემოკრატიზაცია, კანონის უზენაესობა, კორუფციასთან, საერთაშორისო დამნაშავეობასთან ბრძოლა მთავრობის სწორი პოლიტიკის თანახმად მიმდინარეობს. ეუთოს ოფისის დაკნინების შესახებ ცნობა მოჰყვა 14 მარტის ამბებს, როცა დააკავეს სამი აქტივისტი, მათ შორის, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის ბაქოს ოფისის პროგრამის თანამშრომელიც. აზერბაიჯანის პრესა მანამდე იუწყებოდა, რომ ეს ოფისი ამ ქვეყანაში „ფეისბუკის რევოლუციას“ ამზადებდა.
სამწუხაროდ, ვხედავთ სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს. ერთი-ორი თვის წინ, მაგალითად, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურებმა დააპატიმრეს არასამთავრობო ორგანიზაციების 22 ეგრეთ წოდებული წარმომადგენელი...
სამად სეიდოვი

ბრალდებას აშშ-ის საელჩო კატეგორიულად უარყოფს. აზერბაიჯანის მთავრობა რომ საკუთარ თავს თავისებურად ხედავს, გამოჩნდა ბაქოელი კანონმდებლის, მმართველი პარტიის წევრის სამად სეიდოვის ოკეანის გაღმა სტუმრობისას. სეიდოვი აშშ-ში მოწოდებით გამოდიოდა, მხარი დაეჭირათ მისი ქვეყნისთვის, როგორც სტაბილური პარტნიორისთვის, რომელიც თეოკრატიულ ირანსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის მდებარეობს. სეიდოვი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის თავმჯდომარეა. მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის მიზანია ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხეებთან ბრძოლა:

„სამწუხაროდ, ვხედავთ სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს. ერთი-ორი თვის წინ, მაგალითად, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურებმა დააპატიმრეს არასამთავრობო ორგანიზაციების 22 ეგრეთ წოდებული წარმომადგენელი. რატომ? იმიტომ, რომ ისინი გეგმავდნენ აშშ-ისა და ისრაელის საელჩოების აფეთქებას“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბაქოს იერიშის მთავარი მოქმედი პირია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რამიზ მეჰდიევი, რომელიც ქვეყნის გავლენიან „რუხ კარდინალად“ არის მიჩნეული. 74 წლის მეჰდიევი მოქმედ პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევს, რომელიც 2003 წლიდან მართავს აზერბაიჯანს, არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს და აცხადებს, რომ „ყალბი“ არასამთავრობო ორგანიზაციები აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ერევიან. მეჰდიევის სახელს უკავშირდება სკანდალი, რომლის დროსაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი სხვა პირს ევაჭრება საკანონმდებლო ორგანოში ადგილების გარშემო და ეუბნება, რომ თანხმა „ოსტატ რამიზს“ - სავარაუდოდ, მეჰდიევს - უნდა გადასცეს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სეიდოვმა, როცა ის აშშ-ში მოგზაურობდა, განაცხადა, რომ ბაქო ვაშინგტონს სთავაზობს ურთიერთობის ახალ ფორმას, რომელიც „მორალურ მხარდაჭერას“ დაეფუძნება. სეიდოვი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი არაფერს მოითხოვს, არც ფულს, არც მილსადენებს, - ეს ყველაფერი გვაქვსო, ამბობს აზერბაიჯანელი კანონმდებელი. რასაც გთხოვთ, ესაა მორალური მხარდაჭერაო, პოლიტიკური მხარდაჭერა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG