Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცვლილებების 2 წელი“ ღარიბაშვილისგან


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონში“ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ბოლო ორი წლის ანგარიში გააცნო. “ცვლილებების ორი წელი” - ამ სათაურის ქვეშ გააერთიანა პრემიერმა ახალი ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის პერიოდი. ირაკლი ღარიბაშვილი „რედისონში“ თავმოყრილ მთავრობის წევრებს, ასევე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს - ექიმებს, პედაგოგებს, პოლიციელებს, მეწარმეებსა თუ სპორტსმენებს - უკვე გაკეთებულ თუ მომავალში დაგეგმილ საქმეებს, მიღწევებსა და მიზნებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აცნობდა.

რას მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მეთაური ამავე მთავრობის მიღწევად და როგორ აფასებენ გასულ ორ წელს პოლიტიკურ წრეებში?

ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბრის გამოსვლა ორი წლის წინანდელი მოვლენების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ 2012 წელს, ოქტომბერში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება შეცვალა - ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, რასაც ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით შეცვლა მოჰყვა. შემდეგ იყო კოჰაბიტაციის ერთი წელი და, ღარიბაშვილის თქმით, მტკივნეული, მაგრამ გრძელვადიანი რეფორმების პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება. ღარიბაშვილმა ორწლიანი მმართველობის მიმოხილვა ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ერთი მილიარდი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის ხსენებით დაიწყო. მისი განცხადებით, პირველად 20 წლის განმავლობაში, შემცირდა სიკვდილიანობა ქვეყანაში და გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი:

„დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 2 781 000 ადამიანი სარგებლობს. ეს კი ნიშნავს, რომ აქამდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თითქმის ნახევრისათვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ იყო. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და ადამიანს, რომელსაც ოპერაცია სჭირდება, ეს ოპერაცია უტარდება უფასოდ და დროულად, რაშიც ფულს სახელმწიფო იხდის“.

ის თანხა, რაც ჩვენმა მთავრობამ ამ დაავადების მკურნალობისათვის გამოყო, თავისუფლად ააშენებდა, მაგალითად, ანბანის კოშკის მსგავს შენობას. ჩვენ არც აქ დაგვისვამს კითხვა...
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონებში აშენებული და მოწყობილია 82 ამბულატორია, 30%-ითაა გაზრდილი სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; სოფელ რუხში, სამეგრელოში, შენდება მულტიპროფილური სამედიცინო კლინიკა, რომელზე წვდომა აფხაზებსაც ექნებათ. პრემიერი ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებად C ჰეპატიტთან ბრძოლას ასახელებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოში ათასობით პაციენტი მედიკამენტებს 60%-იანი ფასდაკლებით ყიდულობს, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაავადებული პატიმრების მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. 1000 დაავადებული პატიმრის მკურნალობისათვის 6 მილიონი ლარი იხარჯება:

„ის თანხა, რაც ჩვენმა მთავრობამ ამ დაავადების მკურნალობისათვის გამოყო, თავისუფლად ააშენებდა, მაგალითად, ანბანის კოშკის მსგავს შენობას. ჩვენ არც აქ დაგვისვამს კითხვა - 40 თუ 60-მილიონიანი თვალისმომჭრელი სრულიად უსარგებლო შენობა თუ მძიმე სენისგან განკურნებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“.

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ გაიზარდოს პენსია, რომელიც დღეს 150 ლარია და საარსებო მინიმუმს უტოლდება, მოიმატოს სოციალურმა დახმარებამ, რომელიც ბოლო ორ წელიწადში გაორმაგდა, უსახლკაროდ არ დარჩეს არც ერთი დევნილი ოჯახი, რომელთაგან 10 000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებლით. პრემიერის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რომ განათლებაა, ამაზე მეტყველებს თუნდაც უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რამაც, ღარიბაშვილის განცხადებით, ოჯახების წლიური დანახარჯი 60%-ით შეამცირა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამსახველი რამდენიმე ციფრიც მოიშველია:

მართლაც, მსურს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. როგორ წარმოუდგენიათ მათ საქართველოს გარეშე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა? ძალიან რთულია, როდესაც სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას...
ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 6%-ია. მსოფლიო ბანკის წლევანდელი ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის - მეორე ადგილზე. განსაკუთრებული წინსვლა ექსპორტის კუთხით გვაქვს - ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. აქედან, 2012 წელთან შედარებით, ევროკავშირთან ექსპორტი გაზრდილია 70%-თ, ხოლო რუსეთთან - 534%-ით“.

პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ მიმართა აფხაზებსა და ოსებს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მიადგა და კიდვე ერთხელ შესთავაზა ავტონომია - ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში:

„მართლაც, მსურს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. როგორ წარმოუდგენიათ მათ საქართველოს გარეშე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა? ძალიან რთულია, როდესაც სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ეს არ მოხდება - მიუღწეველი, უტოპიური გეგმაა, რომელსაც არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა არ შეეგუება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს: თქვენ გქონდათ ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვენ ისევ გთავაზობთ იმასვე - ავტონომიას ერთიანი, ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში“.

ის, რასაც ღარიბაშვილი ცვლილებებს უწოდებს, ოპოზიციისათვის ტყუილებით მართვის ტოლფასია - ასე ფიქრობს, მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე კონკრეტულად ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებით:

"უკვე ზედიზედ ორი წელია ეს მთავრობა ვერ ასრულებს ბიუჯეტს. საქართველოს ეკონომიკამ, ამ მთავრობის გეგმასთან შედარებით, უკვე დაკარგა 4 მილიარდი ლარი და ამ მთავრობამ საქართველოს ახალი, 3 მილიარდი ვალი აჰკიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მხოლოდ წლის დასაწყიში საქართველომ დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები. ეს არის რეალური ციფრები და შედეგები, რასაც საქართველოს მოსახლეობა უკვე გრძნობს საკუთარ თავზე“.

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს ჰგონია, რომ ასი დაპირებული ქარხანა-ფაბრიკა ციმციმებს, საბანკო-საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია, რომ ბინებიდან ხალხს აღარ ასახლებენ, ყველა კმაყოფილი და მხიარულია, რაც, რა თქმა უნდა, ილუზიაა...
შალვა ნათელაშვილი

კიდევ ერთი „ნაციონალის“ , გიგა ბოკერიას აზრით, ღარიბაშვილის გამოსვლამ დაადასტურა, რომ მოქმედ მთავრობას კარგად არა აქვს გაცნობიერებული, თუ რა რეალური პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველო.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ჯერჯერობით ამჟამინდელი მთავრობის ერთადერთ დამსახურებად ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალების“ ჩამოცილებას ასახელებს. სხვა მიღწევებზე ლაპარაკი უჭირს, მაგალითად, „ახალი მემარჯვენეების“ წევრს, მამუკა კაციტაძეს.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერს კი, შალვა ნათელაშვილს, ღარიბაშვილის გამოსვლა „ათას ერთი ღამის“ ზღაპრებს ახსენებს:

„როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს ჰგონია, რომ ასი დაპირებული ქარხანა-ფაბრიკა ციმციმებს, საბანკო-საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია, რომ ბინებიდან ხალხს აღარ ასახლებენ, ყველა კმაყოფილი და მხიარულია, რაც, რა თქმა უნდა, ილუზიაა“.

რადიო თავისუფლებამ პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილსაც ჰკითხა, როგორ რეაქციას უნდა ველოდეთ აფხაზებისა და ოსებისგან პრემიერის შეთავაზებაზე, რაზეც პოლიტოლოგმა გვიპასუხა, რომ ეს იდეა, სავარაუდოდ, თავიდანვე განწირულია იმ მიზეზით, რომ აფხაზებისა და ოსებისათვის ავტონომიის შეთავაზება მიუღებელი იქნება. თუმცა ცქიტიშვილი იმასაც ამბობს, რომ ღარიბაშვილის გამოსვლაში მთავარი მესიჯი მაინც ის იყო, რომ არც ერთი ხელისუფლება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას მხარს არ დაუჭერს და რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლას გააგრძელებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG