Accessibility links

ISFED: მოსყიდვა, დაშინება, სინოდის წევრების მხარდაჭერა


ამომრჩევლების მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ჩართვა საარჩევნო პროცესებში - ეს და დარღვევები მრავლად არის აღრიცხული „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების“ (ISFED) მორიგ ანგარიშში. შემთხვევათა დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების სათვალავზე მოდის. რადიო თავისუფლების ამ სტატიაში თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალი დარღვევები, რაც 4 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გამოვლინდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ეს ინსტრუმენტი მთლიანად სახელისუფლებო პარტიის ხელშია. მხოლოდ მას მიუწვდება ხელი, რომ ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებები თუ ადამიანური რესურსი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს.

ISFED-ის მონიტორინგის თანახმად, ბოლო ერთ თვეში 18 ასეთი ფაქტი გამოვლინდა - მათი შინაარსი ურთიერთგანსხვავებულია.

მაგალითად:

  • 14 აგვისტოს, კახეთში - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ,სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ესტუმრა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ ობიექტებს: სასტუმროს, სამაცივრე მეურნეობასა თუ ჩირის საწარმოს;
  • 10 აგვისტოს, კახეთში - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, სოფელ კურდღელაურში მოინახულა სახელმწიფო პროგრამით მხარდაჭერილი ახალი სასტუმრო.
  • 14 აგვისტოს, სამეგრელოში - აბაშის საკრებულოს აპარატის უფროსი, გოჩა ხურცილავა სამუშაო საათებში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ შტაბში და სწორედ იქ დაიბარა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელიც.
  • 31 აგვისტოს აჭარაში - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახი კალაძემ ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინეს. წინასაარჩევნო შეხვედრა სამუშაო საათებში ჩატარდა და მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

როგორც ISFED-ის წარმომადგენელი, ნინო რიჟამაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, „მსგავსი ფაქტები სახელისუფლებო პარტიასა და მის კანდიდატებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ოპოზიციონერ კონკურენტებთან შედარებით, რაც წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მკაცრად არის აკრძალული ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის 60-დღიან პერიოდში.

ამომრჩევლთა მოსყიდვა

ISFED-ს შეფასებით, ეს კანონდარღვევაც საარჩევნო გარემოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში გამოვლენილია 17 ფაქტი, რომლებიც როგორც „ქართული ოცნების“, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის სათვალავზე მოდის.

მაგალითად:

  • 1 სექტემბერს - ფოთი-სენაკი-ხობის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულებს სიგელები და 1000-დან 2000-ლარამდე ფულადი ჯილდოები გადასცა.
  • 22 აგვისტოს - მარნეულში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი, პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, აღსაკალებს შეხვდა. შეხვედრა ხილითა და ტკბილეულით გაწყობილი სუფრის ფონზე მიმდინარეობდა.
  • 25 ივლისს - აბაშაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით ჩატარდა უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. ამ შესაძლებლობით 300-მდე პირმა ისარგებლა. ექიმების მაგიდაზე „ქართული ოცნების“ დროშა იდო.
  • 6 აგვისტოს - ბათუმში, მსახიობებსა და თეატრალურ სფეროში დასაქმებულ პირებს „კარფურისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის მხარდაჭერით 150-ზე მეტი სასურსათო კალათა დაურიგეს; ამავე დღეს სასურსათო კალათები დარიგდა ოზურგეთშიც.
  • 11 აგვისტოს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატი, ბადრი ბასიშვილი 3 ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა.
  • 5 სექტემბერს - სენაკის მუნიციპალიტეტში ციხე-გოჯის ტერიტორიაზე პარტია „ევროპულმა საქართველომ“,მათი თქმით, პარტიის კოორდინატორებთან და აქტივისტებთან შეკრება გამართა. შეხვედრის შემდეგ პარტია მოწვეულ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა.

„წინა წლებთან შედარებით, ამომრჩევლების მოსყიდვის შემთხვევებმა უფრო მასობრივი სახე მიიღო... მოსყიდვის გამო წინასაარჩევნო პერიოდში პარტია შესაძლებელია რეგისტრაციიდანაც მოიხსნას, თუკი სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“ - ამბობს ნინო რიჟამაძე.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, როცა გარიგების ღირებულება აღემატება 100 ლარს, სასჯელად შესაძლოა 3 წლამდე ვადით პატიმრობაც განისაზღვროს.

ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობა

ლაგოდეხი, ახმეტა, დედოფლისწყარო, გორი თუ ქარელი - სასულიერო პირები ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას. მათ შორის არიან მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც - წმინდა სინოდის წევრები.

მაგალითად:

  • 10 აგვისტოს, ახმეტაში - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ესწრებოდა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი; ის სინოდის წევრია. ამავე კანდიდატის წარდგენას ლაგოდეხში ესწრებოდა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი. ისიც სინოდის წევრია;
  • 14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში - მაჟორიტარი
  • კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენას ესწრებოდა ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი; ის სინოდის წევრია;
  • 2 სექტემბერს, გორში - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას ესწრებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია; ის სინოდის წევრია;
  • 3 სექტემბერს, ქარელში - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა დუგლაძის წარდგენას ესწრებოდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ის სინოდის წევრია.

„ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელიც უფრო გაძლიერდა წლევანდელი არჩევნებისთვის. მმართველი პარტიის ღონისძიებებზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის განცდას ქმნის“ - ეუბნება ნინო რიჟამაძე რადიო თავისუფლებას.

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტები

ISFED-ის მიერ აღრიცხული ფაქტები მრავალგვარი შინაარსისაა და მასში ასახულია როგორც სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ძალადობა, ასევე დასაქმებულთა გათავისუფლება, მუქარა არჩევნებში მონაწილეობის გამო თუ აგიტაციის პროცესში ხელშეშლა.

მაგალითად:

  • 4 სექტემბერს - „ლელოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. პარტიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ეკითხებოდნენ რატომ უჭერდა ის მხარს „ლელოს“. დაზარალებული ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
  • 10 აგვისტოს - ნინოწმინდა-ახალქალაქში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არჩეულმა მოქმედმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა (რომელიც მომავალ არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს) „სამართლიან არჩევნებს“ დაუდასტურა მანამდე მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ - აშანტაჟებენ და ემუქრებიან. მისი თქმით, დაურეკეს და უთხრეს, რომ არჩევნებზე არ კი ეფიქრა, თორემ წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. 21 აგვისტოს მისი ძმის ავტომობილი აფეთქდა.
  • აგვისტოში - ნინოწმინდის მერიაში სამსახური 29 ადამიანმა დატოვა, აქედან 22 თანამშრომელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაუგრძელდათ კონტრაქტები. სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ განცხადება სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით დაწერეს. მათი ნაწილი ენზელ მკოიანის ღია მხარდამჭერია.ოლქში „ქართულმა ოცნებამ", ენზელ მკოიანის ნაცვლად, სამველ მანუკიანი წარადგინა.
  • 27 აგვისტოს - რადიო "ჰერეთის" საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. აღაჯალა ოღუჯოვი ამბობს, რომ მას რამდენიმე პირი დახვდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ISFED-ის ანგარიშში ასახულია ასევე მედიის საქმიანობის ხელის შეშლის 2 ფაქტი და პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციამ 8 სექტემბერს მონიტორინგის მე-3 შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. არჩევნებამდე კიდევ ორი ანგარიში გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG