Accessibility links

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - რა არის აკრძალული, რა არის სავალდებულო


პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით, 2020 საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა და წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყო. საქართველოს კანონმდებლობით, წინასაარჩევნო კამპანიის 60-დღიან პერიოდში კანონმდებლობა საგანგებო აკრძალვებსა თუ ვალდებულებებს უწესებს კამპანიაში ჩართულ მხარეებს. ამასთან, ძალაში რჩება კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიამდეც მოქმედებდა - მაგალითად: ამომრჩევლებზე ზეწოლა, მუქარა, ძალადობა და ასე შემდეგ.

რას ითხოვს კანონი? რა არის სავალდებულო და რის გაკეთება ჩაითვლება უკანონოდ კენჭისყრამდე დარჩენილ 60 დღეში? სტატიაში ზოგიერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას გამოვყოფთ.

წინასაარჩევნო კამპანია წარმოადგენს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელსაც ჩაატარებს პარტია, ბლოკი, საინიციატივო ჯგუფი ანდა ამა თუ იმ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - არჩევნებში მონაწილეობისა და მასში გამარჯვების მიზნით.

წინასაარჩევნო აგიტაცია კი, წარმოადგენს ნებისმიერ იმ ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან უშლის ამა თუ იმ პარტიისა თუ კანდიდატის არჩევას.

  • კანონი მოითხოვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ყველა კანონიერ მონაწილეს ჰქონდეს თანასწორი უფლებები და თანაბარი ვალდებულებები.
  • აუცილებელი პირობაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და პარტიის ქმედებები; ისევე, როგორც სახელმწიფოსა და პარტიის საარჩევნო ხარჯები.

ვის არა აქვს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილეობის უფლება?

საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ მთელ რიგ საჯარო მოხელეებსა და საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულებს; მაგალითად:

საარჩევნო კომისიის წევრებს; მოსამართლეებს; ძალოვან უწყებათა წარმომადგენლებს (საჯარო მოხელეებს); გენერალურ აუდიტორს; სახალხო დამცველს; უცხო ქვეყნის მოქალაქესა თუ ორგანიზაციას; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებს; საჯარო მოხელეებს - მხოლოდ სამუშაო საათებში და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროს; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს.

საარჩევნო კოდექსში 2 ივლისს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, სამუშაო საათებში და სამუშაო ფუნქციების შესრულების დროს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ ასევე იმ პირებს, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები, მაგრამ დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან:

  • პედაგოგებს;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა);
  • სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებს.

„წინა წლების არჩევნებში მუდმივად პრობლემა იყო, რომ თვითმმართველობებში დასაქმებული პირები, სამუშაო საათებში მუშაობდნენ პარტიის შტაბის საქმიანობაში, მონაწილეობას იღებდნენ აგიტაციაში და თავს იმით იმართლებდნენ, რომ მათზე არ ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებისთვის დაწესებული აკრძალვები. ახლა ეს აკრძალვა ყველა საბიუჯეტო სტრუქტურას შეეხება“, - გვეუბნება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელი, ნინო რიჟამაძე.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა, - აღნიშნავდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და, შესაბამისად - კანონდარღვევად იქნება მიჩნეული ყველა ფაქტი, როცა საბიუჯეტო დაფინანსება მოხმარდება მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს.

  • კანონი დაირღვევა, თუკი სახელმწიფოს დაფინანსებული რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტის (ვთქვათ - გზის, ხიდის) გახსნას ან/და პროექტის პრეზენტაციას დაესწრება მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატი.
  • კანონი დაირღვევა, თუკი ბიუჯეტით დაფინანსებული ტექნიკური აღჭურვილობა (ტელეფონი, კომპიუტერი) ანდა, ვთქვათ, ავტომობილები გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

„ჩვენს მიერ უკვე გამოქვეყნებულ მონიტორინგის ორ ანგარიშში ჩანს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ და პარალელურად, აგიტაციაც იყო. ამ 60-დღიან პერიოდში ასეთი ქმედება აკრძალულია და ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად“, - განმარტავს რიჟამაძე.

პირდაპირ კანონით არ იკრძალება, მაგრამ ეუთოს კოპენჰაგენის 1990 წლის დოკუმენტით დადგენილი პრინციპის უგულებელყოფაა, როდესაც მმართველი პარტია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და პროგრამებს თავისი დამსახურების ხაზგასასმელად იყენებს.

  • მონიტორები სიფრთხილით ეკიდებიან ამ მხრივ კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებულ პროცესებს, რადგან ეს სახელმწიფოს ევალება;
  • მაგრამ ISFED-ში გვეუბნებიან, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ამ პროცესების პარტიის სასარგებლოდ გამოყენებისგან.

წინასაარჩევნო 60 დღეში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება და ახალი საბიუჯეტო პროექტების დაფინანსება. ეს დაშვებულია მხოლოდ ფორსმაჟორის შემთხვევაში.

ამომრჩეველთა მოსყიდვა - რეგისტრაციის გაუქმება

თუკი არჩევნების დანიშვნის შემდეგ, კენჭისყრის დღის ჩათვლით პარტიას ან მაჟორიტარ კანდიდატს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი დაუდასტურდა, მას სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია:

  • საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა);
  • შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება;
  • ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება (მიუხედავად მათი ღირებულებისა);
  • ისეთი მომსახურების გაწევა (ვთქვათ - გზის დაგება), რომელიც განეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას.

კანონდარღვევაა. თუ ამას გააკეთებს როგორც თავად პარტია და მაჟორიტარი კანდიდატი, ასევე მათ სასარგებლოდ - ფიზიკური ანდა იურიდიული პირი.

ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, როცა გარიგების ღირებულება აღემატება 100 ლარს, სასჯელად შესაძლოა 3 წლამდე ვადით პატიმრობაც განისაზღვროს.

შენობები და შენობებზე

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია). შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისია კი ვალდებულია:

  • მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში,
  • უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის.
  • სწორედ მათთან შეთანხმებით უნდა შედგეს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).
  • მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატებისა თუ შეკრება-მანიფესტაციების ორგანიზება-გამართვაში. მათი პასუხისმგებლობაა უსაფრთხოებაზე ზრუნვაც.

დადგენილია, რომ არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების შესახებ.

  • პარტიებისა და კანდიდატების სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.
  • აკრძალულია სააგიტაციო მასალის გამოფენა, მაგალითად: საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობებზე.

აუცილებელი პირობაა, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდში მკაცრად არის აკრძალული: ომისა და ძალადობის პროპაგანდა, მოწოდებები არსებული სახელმწიფო წყობილების დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისკენ, რელიგიური თუ ეთნიკური დაპირისპირებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG