Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯვებულის საპრეზიდენტო გეგმები


ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი
ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ლიდერობს, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ არჩევნების შედეგები შეაფასეს და სამომავლო შიდა და საგარეო პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრეს.

„ჩვენ ჩავატარეთ არა ევროპასთან მიახლოებული, არამედ ნამდვილად ევროპული არჩევნები“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე კონკურენტი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებაც ისაუბრა:

„ის 21 პროცენტზე ცოტა მეტი რაც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემთვისაც იყო ძალიან დიდი სიურპრიზი. მეც კი არ ველოდი ამას უარეს შემთხვევაშიც კი, რომ რამე მსგავსი მოხდებოდა და, აი, ესეც კარგად გამოჩნდა, რასაც მუდმივად ვამბობდი, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. ეს - ჩემი გადმოსახედიდან. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ“.

კითხვაზე, რაგვარ ურთიერთობას აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სამომავლოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ აზრზე შეიძლება იყოს, ეს არის ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესების დაცვა და, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, მჭიდრო თანამშრომლობა:

„რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მე ახლა რეალურად ვერ წარმომიდგენია თემა, რომელშიც ჩვენ შეიძლება გაერთიანებულები ვიყოთ“.

ბიძინა ივანიშვილმა კი უპასუხა ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც. მისი სიტყვებით, ერთადერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოა“, მისი ლიდერით, ნონო ბურჯანაძით სათავეში:

„მე ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ქალბატონი ნინოს მონაწილეობას ამ არჩევნებში და კარგია, რომ მან მოახერხა და, პრინციპში, სხვა ძალა არც ჩანდა, არ ჩანდა დამატებითი ძალა, რომელსაც შეეძლო პარლამენტს გარეთ ასეთი წინააღმდეგობა გაეწია და მან კარგად იმუშავა ამ არჩევნების პროცესში. მომავალშიც, მე ვფიქრობ, ის დარჩება აქტიური. კარგი იქნება, რომ კონსტრუქციულობა და არგუმენტირებულობა შეინარჩუნოს ოპოზიციამ, მთლიანად, რამეთუ ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იქ, სადაც მე გადავდივარ, სამოქალაქო საზოგადოებაში, გადამწყვეტი როლი იქაც ოპოზიციას აქვს“.

ამას გარდა, ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხის შესახებაც ისაუბრეს, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ ქვეყანასთან ურთიერთობის სირთულეს და მიღწეულ წარმატებად დაასახელეს ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინის თანამშრომლობის ფორმატში მიღწეული გარკვეული შედეგები ეკონომიკის სფეროში, თუმცა, დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლების დაწყებისა და მისი შეჩერების ფონზე, პრემიერმა და კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადეს, რომ ურთიერთობები იქნება რთული, თუმცა მასთან მიმართებით დასახულია სწორი და მტკიცე ვექტორი, მოხდება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ინტენსიფიკაცია და ასევე შესრულდება საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა რჩევები რუსეთთან მიმართებით: საქართველო არ იქნება აგრესიული, მაგრამ იქნება პრინციპული.

საკადრო საკითხებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს პრემიერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა. მათ თქვეს, რომ შერჩეულია პრემიერის, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურა, ასევე არსებობს მოსაზრება დედაქალაქის მერის ვინაობის თაობაზე, თუმცა მის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებენ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ასევე არ არის გამორიცხული და ამის ალბათობა არსებობს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შედეგად უმნიშვნელო, მაგრამ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს მთავრობაში.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტის არსებული რეზიდენციით არ ისარგებლებს - მას მთავრობის სახლში ექნება კაბინეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაუთმო.

კითხვაზე კი, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილმა ირიბად და დიპლომატიურად უპასუხა, რომ მას იმედი აქვს, რომ მის შემდგომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას თვითონ აუცილებლად დაესწრება. ამასთან, დასძინა, რომ ის აუცილებლად იქნება იმის გარანტი, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება, თუმცა, მისი მანდატიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის დაცვას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ვერ შეძლებს, თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG