Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიჰუნ მუჰამედალი − სამოქალაქო აქტივისტი


29 იანვარი, კვირა

დილის 10 საათია. ბუზღუნით გამაღვიძა მედრესეს მოხუცმა ბაბუმ, სახელად სეიდ ადილმა. ზუსტად ხუთი წლის წინ მოვედი ამ მედრესეში. ეს ხუთი წელი ჩემი „აღორძინების“ წელია. კვირაა, მშვიდად ვდგები და მედრესესწინა ცხოვრებაზე ვფიქრობ.

ოთხი წლისა ვიყავი, როდესაც დედაჩემი სოლმაზი მამაჩემს დაშორდა, რადგან მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა. ამის მერე რუსთავიდან მარნეულში გადავედით დედასთან ერთად. დედაჩემი უმაღლესი განათლების მქონე ქალი იყო, მაგრამ, არავისზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, ერთ-ერთ ფერმაში დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, არც აქ გაგვიღიმა ბედმა. ერთმა მთვრალმა ლოთმა დედაჩემს უცენზურო სიტყვა უთხრა. დედა 25 წლის ღონიერი ახალგაზრდა ქალი იყო და სათანადოდ უპასუხა, იმ ლოთს კი თავისი ძალა არ ეყო, ხელში ნიჩაბი აიღო და თავში ჩაარტყა. მაშინ არავინ მყავდა, რომ ის ნაძირალა შესაბამისად დაესაჯა. დედაჩემმა კი, იქიდან მოყოლებული, მარცხენა მხარეს ძალა დაკარგა და დაინვალიდდა. ამის მერე დაიწყო სხვის საკუთრებაში არსებულ, ნახევრად დანგრეულ სახლში მძიმე ცხოვრების პერიოდი. წლების განმავლობაში საუზმე რა იყო, არ ვიცოდით. მეზობლების დახმარებით გავძელით... ასე გავიდა 12-14 წელი. 90-იან წლებში დედაჩემი ინვალიდობის 12-ლარიან პენსიას იღებდა და იმასაც მე მახარჯავდა, რომ სკოლაში თავი უმწეოდ არ მეგრძნო. ზაფხულობით მაყვალს ვკრეფდი და ვყიდდი, რომ სახლში რაღაც შემომეტანა. ცხოვრების გამოცდას ასე ვაბარებდი!

ყოველღამე, ძილის წინ, ვფიქრობდი, რომ მალე ეს ღამე გათენდება, მზე ამოვა, მე კი სიმაღლისკენ სვლას განვაგრძობ. მართლაც, ნელ-ნელა შემოდიოდა მზის შუქი ჩვენს ცხოვრებაში. 2003 წლის შემდეგ ჩემი და დედაჩემის ცხოვრება ნელ-ნელა შეიცვალა. დედაჩემს პენსია მოემატა, ცოტა ხანში სოციალურად დაუცველების სტატუსიც მივიღეთ და დახმარებაც გაგვეზარდა. სამ წელიწადს ჯიუტად ვცდილობდი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და მეოთხე წელს 1+4 პროგრამით მოვხვდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქ სწავლის განმავლობაში, ბევრი ვინმე გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე. ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობაც. არასამთავროებო ორგანიზაციები გავიცანი და რამდენიმესთან ვითანამშრომლე კიდეც. შემდეგ უკვე დამოუკიდებლად ვაწყობდი ტრენინგებს და ღონისძიებებს. უფალს მადლიერებით მივმართავდი, რომ მძიმე ცხოვრებით ადამიანობა მასწავლა, ზრუნავდა ჩემზე და არასდროს მივუტოვებივარ. პირიქით, სიმაღლეების დასაპყრობად მამზადებდა.

შენი იმედი მაქვს-მეთქი, მივმართავდი ღმერთს, სწავლის გადასახადის გადახდის და თავის შენახვის ძალა არ მქონდა. თითქოს შეისმინა ჩემი ვედრება. სწავლის პირველი წლის საფასურის გადახდა რომ მომიწია, დედაჩემი ადგა და გაყიდა ერთადერთი, რაც სახელმწიფოსგან გვქონდა მიღებული: 1000 კვადრატული მეტრი მიწა და ის ფული მე მომცა. ამის მერე გამოჩნდა კომპანია „სოკარი“, რომელმაც მთელი ხუთი წლის სწავლა დამიფინანსა და სტიპენდიაც დამინიშნა. მარნეულის იმამ ალის სახელობის მეჩეთი კი ყოველთვიურად 300 ლარით მეხმარებოდა.

სწავლის პირველი წელი ქირით ვცხოვრობდი და ძალიან გამიჭირდა. ქირის გადახდა იოლი საქმე არაა სტუდენტისთვის. მარნეულის მეჩეთში გავიცანი ერთი კაცი, რომელმაც, ჩემი მდგომარეობა რომ გაიგო, დახმარება გადაწყვიტა. დამირეკა და მითხრა, თბილისში ერთი კარგი ადგილი მოგიძებნე და იქ იცხოვრე რამდენ ხანსაც გინდაო. ასე მოვედი მედრესეში. ეს მედრესე საბურთალოზე, ზემო ვეძისის ქუჩაზე მდებარეობს. მედრესეს, ძირითადად, მეჩეთად იყენებენ და აქ მუსლიმები ლოცულობენ. აქვს თავისი სამზარეულო, საპირფარეშოები და ერთი საძინებელი, სადაც ერთი ორსართულიანი საწოლი დგას. აქ კომუნალური გადასახადებისგან თავისუფალი ვარ. ამ საძინებელ ოთახში კი ერთი მოხუცი ბაბუ, სეიდ ადილი ცხოვრობს წლების მანძილზე. მას ამ საწოლის პირველ სართულზე სძინავს, მე კი − მეორეზე. ხშირად მეჩხუბება, რატომ ხვრინავო?! :)))

თავისუფლების დღიურები - ჯეიჰუნ მუჰამედალი
please wait

No media source currently available

0:00 0:20:35 0:00

დღესაც ბუზღუნებდა მოხუცი ბაბუ, ეს ბიჭი არ მაძინებსო. მე კი სიცილით ვუპასუხე: ღამის 4 საათამდე ტელევიზორი მაღალ ხმაზე რომ გაქვს ჩართული, მაშინ გძინავს და ჩემმა ხვრინვამ გაგაღვიძა-მეთქი? ამ ლაპარაკში სულ დამავიწყდა, 29 იანვარი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე რომ არის! დღეს ჩემი შეყვარებულის დაბადების დღეა. ტელეფონს ვეცი და, რომ დავხედე, უკვე 17-ჯერ იყო დარეკილი. გავგიჟდი! დავურეკე და ბოდიშები ვუხადე. მან კი მაგრად გამომლანძღა, რატომ ხარ ასეთი უყურადღებო, ღამის 12 საათზევე უნდა დაგერეკა და მოგელოცაო და ასე შემდეგ... მე კი მისთვის უკვე მომზადებული მქონდა სიურპრიზი. მოკლედ, ავდექი, ჩავიცვი და გავედი...

დღეს მთელი დღე ჩემს შეყვარებულთან და ცხოვრების აზრთან ერთად გავატარე და სულ მის სურვილებს ვასრულებდი. ძალიან ბედნიერი იყო და ეშმაკური მზერით თვალებში მიყურებდა. ეს მზერა კი უზომოდ მაბედნიერებდა! სამწუხაროდ, მისი მშობლები არ არიან თანახმა, ოჯახი რომ შევქმნათ, რადგან მე კერძო საკუთრება და სახლ-კარი არ გამაჩნია...

30 იანვარი, ორშაბათი

დილიდან ხვალინდელი დღისთვის ვემზადები. 14 წლის აიდანის ბადიროვზე მინდა რეპორტაჟი გავაკეთო. აიდანის ბადიროვს უკვე ყველა იცნობს საქართველოში, რადგან მასზე „პალიტრა TV“-მ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ჩანდა, როგორი წარმატებული სპორტსმენია აიდანისი და, ამავე დროს, როგორ უჭირს ეკონომიკურად. რეპორტაჟი ქართულ ენაზე იყო მომზადებული და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ძირითადმა ნაწილმა ვერ გაიგო ამის შესახებ. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ძირითადი ნაწილი, სახელმწიფო ენას არ ფლობს. ამიტომ გადავწყვიტე, ამ პატარა გმირის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი აზერბაიჯანულად მომემზადებინა. სულ ახლახან განვადებით გამოვიტანე ფოტოაპარატი, მიკროფონი და შტატივი. მინდა, პატარა ვიდეორგოლები გავაკეთო წარმატებული და გამორჩეული, სამშობლოს მოყვარული აზერბაიჯანელების შესახებ და ისინი ჩემი სამშობლოს დანარჩენ მოსახლეობას გავაცნო, ვუჩვენო, რომ საქართველოს ასეთი შვილები ჰყავს. მიმაჩნია, რომ ერთ სამშობლოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს ერთმანეთის კულტურისა და ღირებულებების შესახებ. სრულყოფილი ინტეგრაცია და ტოლერანტობა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი...

მოკლედ, დღეს დავურეკე აიდანისს და ხვალინდელზე შევუთანხმდი. მერე დედამ დამირეკა, ხვალ არ მოდიხარ სახლშიო? უკვე რამდენი დღეა არ მინახიხარო. არა, დე, ვერ მოვდივარ, საქმეები მაქვს-მეთქი. ამაზე გამიბრაზდა, შენთვის ტკბილეული მაქვს მომზადებული, შენ კი გარბიხარო. მოკლედ, ავუხსენი სიტუაცია და ბოდიში მოვუხადე. ისე, დედაც მართალია. ექვსი თვის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავიწყე მუშაობა. GARB-ის პროექტის საშუალებით მოვხვდი საზმაუწყებელზე. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურად, „მოამბის“ 18 და 20 საათის გამოშვებები პირდაპირ ეთერში ითარგმნება აზერბაიჯანულად და სომხურად. დამფინანსებელი კი აშშ-ის საელჩოა. საზმაუწყებელზე ჩემი ფუნქცია სინქრონული თარგმნაა. „მოამბის“ აზერბაიჯანულად მთარგმნელები ორნი ვართ: 15 დღე მე ვთარგმნი, 15 დღე კი − ჩემი მეწყვილე, ქამრალ ამჯანოღლი. ეს დღეებიც ჩემი დასვენების დღეებს ეკუთვნის.

სამწუხაროდ, საკმარისი დრო ვერ გავატარე დედასთან. მისთვის მე ვარ ყველაფერი: მამაც, დედაც და მეგობარიც. ჩემით ხარობს და ჩემით ამაყობს. დღეს რომ გამიბრაზდა, გუნება გამიფუჭდა. მან ცხოვრებაში საკმარისი ტანჯვა გაიარა და მინდა, ეს ტანჯვა ნაწილობრივ მაინც შევუმსუბუქო. თავის დროზე ის ჩემ გამო არ გათხოვდა, შვილი უნდა გავზარდოო. ერთი სიტყვით, ცხოვრება მე შემომწირა, უზარმაზარი ვალი მაქვს მისი. როცა დედაჩემი იღიმება, ის დღე ჩემთვის არაჩვეულებრივი დღეა. წინასწარმეტყველი მუჰამედი ბრძანებს, სამოთხე დედათა ფეხქვეშააო, ანუ, თუ გინდა ბედნიერი იყო და ღმერთის სიყვარული მოიპოვო, მაშინ დედა უნდა გაახარო. მით უმეტეს, დედაჩემისთანა დედა, რომელიც მშიერი იყო და მე მაჭმევდა, ცუდად იყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ მე მაინც ვყოფილიყავი კარგად...

საღამოს დავურეკე და ვუთხარი, ოთხშაბათს აუცილებლად გინახულებ-მეთქი. მე და დედა მარნეულში ვცხოვრობთ, ნაქირავებ სახლში. სამწუხაროდ, ხშირად უჩემოდ არის იმ სახლში. რა ვქნა, ცხოვრებამ და პირობებმა ასე მოიტანა...

31 იანვარი, სამშაბათი

დღეს ისევ მოხუცი ბაბუს ბუზღუნმა გამაღვიძა. 9 საათზე ავდექი, ჩაი დავლიე და დავიწყე მზადება აიდენისთან შესახვედრად. რომ დავურეკე, ჯერ სახლში იყო, გარდაბანში, მაგრამ 3 საათზე დიღმის სპორტულ დარბაზში ვიქნებიო. იქამდე დარჩენილი დრო გამოვიყენე და ერნესტ ჰემინგუეის „მშვიდობით, იარაღო!“-ს კითხვა დავიწყე. ამ დროს დამირეკა მეგობარმა, ელვირ ჰასანოვმა, და ხუთშაბათს ინტერნეტგადაცემა „ფანჯარაში“ მიმიწვია. ვკითხე, რა თემაზე იქნება საუბარი-მეთქი. ტოლერანტობა, ინტეგრაცია და მულტიკულტურული იდეებია თემაო. რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდა. იმიტომ, რომ ეს თემები ჩემი მტკივნეული წერტილებია. საუკუნეებია, აზერბაიჯანელები საქართველოში ცხოვრობენ და ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მაინც არსებობს გარკვეული დისტანცია. ერთმანეთს უცხოებივით უყურებენ. ეს განპირობებულია იმით, რომ საკმარისად არ იცნობენ ერთმანეთის კულტურასა და ღირებულებებს. ასევე, ამ ორი ერის მეხსიერებაში ჯერაც შემორჩენილია ისტორიული შიშების ფესვები და, რა თქმა უნდა, ესეც უშლის ხელს მათ დაახლოებას.

90-იან წლებში, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხალხს ეთნიკური ნიშნით დევნიან, საქართველოდან ბევრი აზერბაიჯანელი გაიქცა. ასევე, ისტორიულად, ოსმალეთის პერიოდში მუსლიმი თურქების საქართველოში შემოსვლა და ა.შ. ამგვარი ამბავი ბევრია და ასეთი ისტორიების გავლენა გარკვეულ დონეზე იგრძნობა ხალხის ერთმანეთის მიმართ სიძულვილის თვალით ყურებაში. გამიხარდა, ჩემი მოსაზრების ღიად თქმის საშუალება რომ მომეცა და დავთანხმდი, რომ ხუთშაბათს მივალ ინტერნეტგადაცემაზე. ამის მერე სხვა ზარები შემოვიდა და წიგნი ვეღარ წავიკითხე. 2 საათი რომ გახდა, აიდენისის სპორტულ დარბაზში წავედი.

აიდენისს შევხვდი. გადაღებისას რომ არ დაბნეულიყო, ჯერ საუბრით გავუშინაურდი. ცხოვრების სირთულეებზე მელაპარაკებოდა და ჩემი წარსული გამახსენდა. ვუთხარი: აიდენის, ერთ დროს მე შენზე უფრო რთულ ვითარებაში ვიყავი, ასე რომ, შენი მზეც მალე ამოვა, მთავარია, არ დანებდე, თუ არ იშრომე, უფალიც არ დაგიდგება გვერდში-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, აიდენისის თვალებში იმედის შუქი დავინახე. მეუბნება: „მართალს ამბობ?“ კი-მეთქი, აბა ხომ არ გატყუებ, მართლა შენზე რთული ცხოვრება მაქვს გადატანილი-მეთქი. აი, დღეს ფეხზე ვდგავარ. აიდენისი თვალს არ მაცილებდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ რატომღაც ვერ თქვა...

რეპორტაჟი გადავიღე და მედრესეში დავბრუნდი. დაბრუნებისას, ტაქსიმ ვაგზალზე გამიყვანა და იქ დამწვარი და განადგურებული „ბავშვთა სამყარო“ ვნახე. იქვე გავაჩერებინე მანქანა და ჩამოვედი. ნეტავ, არ ჩამოვსულიყავი. წუხელ, ღამის 3 საათზე დაწყებული ხანძარი, საღამოს 6 საათზეც არ იყო ჩამქრალი. მეხანძრეები ცდილობდნენ, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. იმ ხალხის ემოციებმა, ვინც ქონება და ბოლო ლუკმა დაკარგა, ცუდად იმოქმედა ჩემზე. ზოგი ცდილობდა, ალმოდებულ შენობაში შესულიყო და ქონება გადაერჩინა, მაგრამ ამაოდ. პოლიციაც არ უშვებდა და ქონებაც უკვე განადგურებული იყო. ვერ ვუძლებდი ამ ემოციებს. ბევრმა ხვალინდელი ლუკმა-პური დაკარგა. ამ ხალხის დახმარება მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ძალა არ გამაჩნდა. იქიდან სოციალურ ქსელში „ლაივი“ ჩავრთე და მალევე გავშორდი იქაურობას. მედრესეში დავბრუნდი. ცოტა ტკბილეული მქონდა და იმით ჩაი დავლიე. შუადღეზეც არაფერი მქონდა ნაჭამი. ამის მერე, აიდენისის რეპორტაჟი დავამონტაჟე. ავტვირთე ფეისბუკზე, მალე აიდენისმაც ნახა ვიდეო და გაუხარდა. მომწერა და დაალაიკა კიდეც რეპორტაჟი. ამ რეპორტაჟის მერე უფრო მეტს გაუჩნდა აიდენისის დახმარების სურვილი. ბევრმა მადლობა მომწერა, რომ აზერბაიჯანულად ასე ვრცლად გავაშუქე.

უკვე ღამის 1 საათია და უნდა დავიძინო. ხვალ, დედას რომ დავპირდი, ის პირობა უნდა შევასრულო...

1 თებერვალი, ოთხშაბათი

თორმეტის ნახევარია. დედა მირეკავს, მოდიხარო? კი-მეთქი, მოვდივარ. სახლის პური მომენატრა, გამომიცხვე-მეთქი, თუ შეგიძლია. დამპირდა, როგორარ დაგიცხობ, ოღონდ სახლში მოდი, გნახოო. არაფერი მიჭამია, ჩავიცვი, გავედი და 26 ნომერ ყვითელ „მარშრუტკას“ გავყევი ვაგზალზე. იქიდან კი მარნეულში, დედაჩემთან მივდივარ. გზაში ჩემთან ერთად არიან სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩემსავით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განკუთვნილი „1+4 პროგრამით“ ჩაირიცხნენ და ახლა ქართული ენის მოსამზადებელ კურსებზე სწავლობენ. გოგონები არიან, გზადაგზა ქართულს მეცადინეობენ. ამ გოგონებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, დიდება უფალს: მოდის თაობა რომელსაც საშუალება აქვს, სამშობლოს სახელმწიფოებრივ საქმეებში თავისი წვლილი შეიტანოს. ისინი სამშობლოს სხვა მოქალაქეებსთავიანთ ერს გააცნობენ და ხვალ აზერბაიჯანულ მოსახლეობას თათარს არავინ დაუძახებს.

სამწუხაროდ, დღეს კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ეთნიკურად აზერბაიჯანელს თათარს უწოდებს. „იმედის“ ეთერში, ეკა ხოფერიას გადაცემის სტუმარი ია ფარულავა, ერთ ქართველ კაცს ეუბნება, აბა, თათრულად დაილაპარაკეო. თუნდაც ამ ერთი მაგალითითაც ნათლად ჩანს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გამოსასწორებელი ჩვენს ქვეყანაში. ჩემს მეგობართან, ელვირ ჰასანოვთან ერთად, ტელეკომპანია „იმედში“ საჩივარიც შევიტანე. იმედია, შეცდომას გაასწორებენ...

ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც და თვალი მარნეულში გავახილე. ის გოგონები უკვე ჩასულიყვნენ და მე არც კი დამინახავს. მოკლედ, დედასთან ჩავაღწიე და კარგად ჩავეხუტე, შუბლზე კოცნა მიყვარს და შუბლი დავუკოცნე. დღე დედასთან გავატარე და მისი გამომცხვარი სახლის პურიც ვჭამე ლობიოსთან ერთად. საღამოს მე და დედამ 9-საათიან „კურიერს“ ვუყურეთ. მერე ცოტა ხნით მეგობრებთან გავიარე და დღეც დასრულდა.

2 თებერვალი, ხუთშაბათი

ყოველ დილას, სანამ მზე ამოვა, დილის ლოცვაზე ვდგები. დღესაც ასე იყო. ლოცვის მერე ვეღარ დავიძინე. დღევანდელ ინტერნეტგადაცემაზე ვფიქრობ, როგორ და რა მიმართულებით ვისაუბრო.

დილის 10 საათია. როგორც ყოველთვის, ტელეფონი ავიღე ხელში და სოციალურ ქსელში სტატუსებს და ნიუსებს ვათვალიერებ. ყველა წერს, რომ დღეს ბედნიერი დღეა, ევროპარლამენტმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უნდა მიანიჭოს, ისტორიული დღეა და ასე შემდეგ. მეც ძალიან მიხარია და მოუთმენლად ველოდები კენჭისყრას.

ჩაი, ყველი და პური ჩემი დღევანდელი საუზმე იყო. აი, უკვე 12 საათია და ახალ ამბებში იუწყებიან რომ მალე დაიწყება სხდომა სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ. ყველას უხაროდა, მეც მიხაროდა. ეს ამბავი საქართველოს წინსვლისა და გაძლიერებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან განვითარებულ და გაძლიერებულ საქართველოს გამთლიანება უფრო გაუადვილდება.

ვჩქარობ. ორის ნახევარი გახდა და ძველ თბილისში უნდა მოვასწრო მისვლა, რადგან ინტერნეტტელევიზია იქ ისტორიული მეჩეთის კუთვნილ შენობაშია მოწყობილი. გავედი გზაზე და ყვითელ „მარშრუტკაში“ ჩავჯექი. გზა მანქანებით იყო გადაჭედილი. ისევ ფეისბუკზე შევედი და ისევ გახარებული სტატუსები დამხვდა. მაგრამ გამაღიზიანა ერთმა-ორმა სტატუსმა, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელების დაწერილი იყო და სადაც განვითარებულ ევროპას რუსეთის ბაზარს ამჯობინებდნენ. ვკითხულობდი და ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ ზოგიერთი რატომ ფიქრობს ასე? ნუთუ ამ ადამიანებს სახელმწიფოებრიობის გრძნობა და სამშობლოს სიყვარული აკლია? აქ ნათლად ჩანს, რომ ასეთი ადამიანები მხოლოდ კუჭზე და თავიანთი ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობენ, არ ადარდებთ, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, ვინ არის მტერი და ვინ − მეგობარი.

სამწუხაროდ, ჩემს სამშობლოს ბევრი პრობლემა აქვს. ეთნიკურ აზერბაიჯანელებშიც ბევრი პრობლემაა. მე იმ ახალგაზრდების ნაწილის მდგომარეობა მაწუხებს, ვისაც თავისი თავი ჯერ კიდევ სტუმარი ჰგონია საქართველოში. მაწუხებს იმ აზერბაიჯანელთა მიდგომა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და აზერბაიჯანი პირველ ან მეორე სამშობლოდ მიაჩნიათ. იმ აზერბაიჯანელების ბედი მაწუხებს, რომლებსაც ინტეგრაცია ასიმილაციად მიაჩნიათ. აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და იქ ჩემი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ჩემი დროშა ხუთჯვრიანი დროშაა, სამშობლო კი ერთი მაქვს და ის საქართველოა. ბევრი ღონისძიება ჩამიტარებია, სადაც მითქვამს, რომ ჩვენი კულტურა და ღირებულებები უნდა დავიცვათ და სხვა თანამოქალაქეებს გავაცნოთ, მაგრამ თავი არასდროს არ უნდა ჩავთვალოთ სხვა ქვეყნის ნაწილად. ასე თუ არ იქნება, ჩვენ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები ვერ ვიქნებით. ქართველისა და აზერბაიჯანელის დარდიც და ლხინიც საერთო უნდა იყოს და არა ცალკე: ეს შენი, ის ჩემი...

ამ ფიქრებში გართული, ძველ თბილისში მივედი და ინტერნეტტელევიზიაშიც ამ თემებზე ვისაუბრეთ. გავიდა რამდენიმე წუთი და გამოცხადდა ახალი ამბავი, რომ ჩვენ სავიზო ლიბერალიზაცია მივიღეთ. ეს იყო უბედნიერესი წუთები! დღეს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამით ხარობდა და ყველა ამ ამბავს აზიარებდა. ძალიან მახარებს, რომ ასე ბევრია პროგრესულად მოაზროვნე ქართველი აზერბაიჯანელიც. გადაცემა დამთავრდა და, გახარებული, მედრესეში დავბრუნდი. გზაში დედა მირეკავს და ისიც გახარებული მილოცავს: ტელევიზორში ვუყურე, რომ „ვიზალიბერალიზაცია“ მივიღეთო! დედაჩემის ასეთი დამოკიდებულებაც მახარებს.

მედრესეში შემოვედი და ცოტა ვიცელქე: ვივარჯიშებ-მეთქი და კისერი კინაღამ მოვიტეხე, მერე კი ტკივილისგან მთელი ღამე ვერ დავიძინე...

3 თებერვალი, პარასკევი

გათენდა, კისერი მტკივა. ბევრი დაგეგმილი საქმე წყალში ჩამეყარა უძილობისა და ტკივილის გამო. დღეს მთელი დღე მედრესეში დარჩენა მომიწევს. დედას ვუმალავ, რადგან პატარა რამეც რომ მომივიდეს, გიჟდება. არ მინდა, შევაწუხო. შუადღეა და მედრესეში თბილისელი მუსლიმი მრევლი პარასკევის ლოცვაზე იკრიბება.

ავდექი, ტკივილგამაყუჩებელი დავლიე. ცოტა გამიარა, მაგრამ მაინც მტკივა კისერი და გვერდზე ვერ ვიხედები. პარასკეობით, პარასკევის ლოცვაზე მივდივარ ხოლმე და ორ საათს სასულიერო პირის ქადაგებებს ვუსმენ, სულს ვიმშვიდებ და მერე საქმეებზე გავრბივარ. დღევანდელი დღე კი ასე უშედეგოდ დასრულდა, პარასკევის ლოცვაზეც არ წავსულვარ.

4 თებერვალი, შაბათი

დღეს კიდევ მტკივა კისერი, მაგრამ უნდა გავუძლო და დედასთანუნდა ჩავიდე, რადგან სამშაბათიდან ტელევიზიაში ჩემი რიგია და 15 დღე სამსახურში უნდა ვიარო. შესაბამისად, დედას ვერ ვნახავ კარგა ხანს.

ავდექი და წავედი მარნეულში, მოვინახულე დედა და ცოტა დავმშვიდდი. შაბათობით ყოველთვის დედასთან მივდივარ ხოლმე. მარნეულში ჩასვლისას, ჩაიხანებში გავივლი ხოლმე. მარნეულში ჩაიხანას უკვე ჩაიხანა-ნიუსს უწოდებენ, რადგან ყველანაირი ჭორი და სიახლე იქ ვრცელდება. დღეს ვერ მივალ, მაგის ხასიათზე არ ვარ, ტკივილი მიშლის ხელს. ეს ამბავი მომავალი შაბათისთვის იყოს, აუცილებლად მივალ. ვნახოთ, ახალს რას გავიგებ. დღეს კი მოვითმენ, ისედაც მოთმენის მეტი რა მასწავლა ცხოვრებამ. ეს კი მაძლიერებს. ჩემი მზე ამოვიდა და, დილიდან მოყოლებული, იმის რწმენა არ მაკლია, რომ ჩემს მზეს ვერანაირი ღრუბელი ვერ დაფარავს. ეს მზე უღრუბლოდ უნდა ჩავიდეს. სანამ მზე ჩავა, ბევრ რამეს მოვასწრებ. ასეთ შაბათს ბევრს ვნახავ და ბევრ სიახლესაც გავიგებ. იმედია ყველა სიახლე სიხარულის მომტანი იქნება...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG