Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანანის პრინციპი


„Трудно быть леди, когда кругом бляди“
საბჭოთა ბავშვობაში მოსმენილი სიბრძნე

„ამათი შიშით კაცს წვერი ვეღარ გაუპარსია!“

ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დალაქი

27 ოქტომბერს, საარჩევნო უბნიდან გამოსულს, სუპერმარკეტში მომიწია შევლა, თუმცა რაც დამაბარეს - სასურველ კონდიციამდე მისული ბანანი - ვერ შევიძინე: ნაწილს სიშავე შეჰპარვოდა და საეჭვოდ დარბილებოდა გვერდები, ნაწილს კი ისეთი მომწვანო სიმტკიცე დაჰყვებოდა, რომ ცვილის ბუტაფორიას უფრო ჰგავდა, ვიდრე სიხარულის მომნიჭებელ ხილის ნაყოფს. სწორედ აქ, მწირი არჩევნის წინაშე მდგომს, გამახსენდა ბანანის პრინციპი, რომელიც შესაშური სიზუსტით მოქმედებს. აი, ისიც:

„თუ შეიძენთ მკვახე ბანანებს, დამწიფებამდე შეიჭმება ყველა უკლებლივ. თუკი იყიდით მწიფე ბანანებს, უკლებლივ ყველა დალპება შეჭმამდე“.

რა გამოდის - არც მკვახე და არც მწიფე? რაღაც ნამეტნავად ჩამოჰგავს ჩვენს არჩევანს!

დავით ბაქრაძე თავისი წარსულით, პარლამენტის უპრეტენზიო თავმჯდომარეობითა და დამყოლი, რბილი ხასითათით უდავოდ მწიფე ბანანია, განსხვავებით გიორგი მარგველაშვილისგან, რომელიც პოლიტიკოსის ნულოვანი სტაჟითა და კარიერაში მოულოდნელი ნახტომით, ხიდან უდროოდ მოწყვეტილ ნაყოფს მოგვაგონებს, რომელიც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, კიდევ კარგა ხანს ინებივრებდა GIPA-ს კენწეროში, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, სხვაგვარად ინება ქვეყნის უპირველსმა მებაღემ და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მკვახე ნაყოფი ვღეჭოთ მოჩვენებითი მონდომებით. აკი, გიორგი კორკოტაშვილმაც რამდენიმეჯერ საგულდაგულოდ გაგვიმეორა მეორე მშობლიურ ენაზე, жуй, жуй бананы-ო.

ჩვენში დარჩეს და, არჩევნების შემდეგ ბანანებზე რომ ვლაპარაკობთ და არა „კაცის ტანიდან ჩამოჭრილ გირვანქა ხორცზე“, რომელიც შექსპირის თქმისა არ იყოს, „არცა დიდებით და არც ფასით არ შეედრება საქონლის ხორცსა, ანუ ცხვრისას, თუნდა თხის ხორცსა“, ეს უკვე დიდი საქმეა. არჩევნებმა ისე ჩაიარა, რომ არც ერთმანეთი დაგვიჭამია და არც ოპონენტები.

უკან მოტოვებული არჩევნები გვაძლევს საფუძველს, ვილაპარაკოთ ერთგვარი „სათნოების ეპოქის“ დადგომაზე. არჩევნები ისე დასრულდა, რომ არც საარჩევნო ყუთი მოუტაციათ, არც მოწინააღმდეგე და, მით უმეტეს, არც ყუთიანი მოწინააღმდეგე. გაუმაძღარი კანიბალები პირდაპირ ვეგანებად ვიქეცით.

მგონი, გადაჭარბებით ასრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: „მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბაშად და ლომი, ვითარცა ხარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა“, ხოლო ძენნი ჩემნი იღოღნებოდნენ ოდენ კეთილ ნაყოფითა ბაანანისაო.

დავრჩეთ ფიტოფილურ-ვეგეტარიანულ დისკურსში და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბანანთა შორის კი ვაკეთებთ არჩევანს, მაგრამ ჩვენ თვითონ კიტრებივით ვიქცევით. ავიღოთ თუნდაც გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის გაკიცხვისა და სამარცხვინო ბოძზე გაკრობის დაუსრულებელი ამბავი, რომელსაც ახალი სული და ენერგია შთაბერა ბიძინა ივანიშვილმა, როცა „პირველლედობა“ ჩამოართვა მომავალი პრეზიდენტის გულისსწორს და გადასცა მომავალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს. თან ეს ყველაფერი გააკეთა საშინელი ფორმით, ფაქტობრივად შედარებითი დახასიათების ფონზე:

„მას [ირაკლი ღარიბაშვილს] ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე. აღსანიშნავია, რომ მათ სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი. ეს ჩემთვისაც კი უნიკალურია. ასეთი პირველი ლედი გეყოლებათ, ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ძალიან ტრადიციული ოჯახის შემქმნელი, ძალიან დამსახურებული, ასე ვთქვათ. კიდევ ერთს გავუსვამდი ხაზს, რაც უნიკალურია ჩემთვისაც კი, რომ ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი ერთად ისვენებენ, შვებულებას ერთად ატარებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. თქვენ იცით, მე გართულება მაქვს ოჯახზე და მიხარია, რომ ირაკლი აქაც აჭარბებს და იმაზე კარგი აქვს [ოჯახი], რაც შეიძლება იყოს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მე კიდევ ერთს გავუსვამდი ხაზს და გავიხსენებდი, როგორია ჩვენი მომავალი პირველი ლედი.“

ცხადია, ვერც ბიძინა ივანიშვილის ამ სიტყვებმა და ვერც სხვა მორალისტების ქილიკმა, ვერაფერი დააკლო მაკა ჩიჩუას ღირსებას. უფრო პირიქით. ამდენი ვითომ წმინდანის ყბაში ჩავარდნილი, ხაზგასმული დუმილითა და თავშეკავებით, ნამდვილი Lady-ვით იქცეოდა. ღირსება შეინარჩუნა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც პოლიტიკის გამო ნაფერებ წვერ-ულვაშს კი შეელია, მაგრამ მანვე პირადი ცხოვრების პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად გადაკეთებაზე კატეგორიული უარი თქვა. აქ, შეიძლება ერთი ხალხური ლექსი გავიხსნენოთ:

„მოდი, გაუშვით ეგ ქალი,
ნუ გავალთ მუქარაზედა!
თუ ეგ ქალ წაგაყვანინოთ,
წვერიც ნუ მსხმია ყბაზედა!“

მართალია, წვერი ყბაზე აღარ ასხია, მაგრამ მეგობარი ქალი მაინც ბოლომდე დაიცვა.

ისე, რას ერჩოდა გიორგი მრაგველაშვილი წლების განმავლობაში ნაფერებ წვერ-ულვაშსს? განა, ცოტა ფილოსოფოსს უტარებია წვერი? ან, განა კავკასიაში შებალნული სახე უფრო საამო საცქერად არ ითვლება, ვიდრე პირტიტველი?

ბარემ არსენას ეპოსიც გავიხსენოთ. ის, თუ როგორ შეარცხვინეს ოძელაშვილი: „საციმბიროდ გაამწესეს, ცალი წვერი მოპარსესა“!

როგორც ჩანს, საქართველოში ცალი წვერის მოპარსვა შეურაცხყოფაა, ორისა კი - იმიჯის შეცვლა. რა მაგის პასუხია და ასევე შეიცვალეს იმიჯი ქართველმა მამებმა ორი საუკუნის წინ, როცა ჩათრევას ჩაყოლა, ხოლო თავისუფლებას ოქროს ბორკილები ამჯობინეს და რუსეთის თვალუწვდენელ იმპერიაში შეაბიჯეს. პოეტი-გენერალი გრიგოლ ორბელიანი იხსენებდა: „ივანე სარდალმა ორბელიანმა ნიშნად ერთგულებისა რუსეთისადმი მოიპარსა წვერი და მრავალთა თავადიშვილთა მოაპარსვინა წვერი თავისთანავე, ასე რომ ტომრები ბალნით გატენილი გადაყარეს მტკვარში“.

ცხადია, ის დრო აღარ არის, რომ შემდეგი „ხალხური სიბრძნე გავიზიაროთ:

„ნამუსისათვის გამოვა
ულვაშები და წვერია,
რაც გინდა ელაპარაკე,
თუკი კაცს არა სცხვენია!“

გეთანხმებით, საეჭვო სენტენციაა, მაგრამ მაინც ვიკითხოთ, ნეტა, ვისი ერთგულების ნიშნად მოიპარსა წვერი არჩეულმა პრეზიდენტმა?
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG