Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეპე არ სრულდება...


ჯო ზავინული
ჯო ზავინული
ლანდშტრასეზე დაიბადა, ვენის უძველეს უბანში. პატარაობიდანვე თავს ბოშა ბებია დაჰფოფინებდა. „სლივოვიცას“ დიდი მოტრფიალე ქალი ბრძანდებოდა და რომანსებს ასრულებდა, ხოლო შვილიშვილი აკორდეონს გრეხდა. თუმცა დუეტს ომის გამო მოუხდა დაშლა. ყმაწვილს „ჰიტლერიუგენდში“ უკრეს თავი, ინსტრუმენტის ნაცვლად ხელში ნაღმსატყორცნი შეაჩეჩეს, მაგრად ისვრიო. საბედნიეროდ, დაბრალებული ნიჭის გამოვლენა არ დასცალდა, რადგან წითლები მალევე გამოჩნდნენ - ბუნებრივია, ხელდამშვენებულნი: ქალაქს ძღვნად სიკვდილი და შიმშილი მოართვეს. პატარაც შებინდებულზე რუსებს ცხენებს ჰპარავდა, კლავდა და თავი რომ გაეტანათ, ხორცი ოჯახში მიჰქონდა. რამდენიმე თანატოლს საკუთარი ხელით მიაყარა მიწა, ბავშვობის იმ მეგობრებს, რომლებმაც ჯოზეფ ზავინულს „პეპე“ შეარქვეს.

ომი რომ მორჩა, პეპემ ვენის კონსერვეტორიის კომპოზიციის ფაკულტეტზე ისწავლა. 1958 წელს ბერკლის კოლეჯის სტიპენდია მოიპოვა და ამერიკაში გადასახლდა. მოგეხსენებათ, ამ პატივცემულ დაწესებულებაში მოხვედრას ბევრი შეჰნატრის, თუმცა ავსტრიელმა სწავლა სულ რაღაც ერთ თვეში მიაგდო. არა, მცონარება და სიზარმაცე არ მისძალებია – უბრალოდ, წიგნიერებას პრაქტიკა არჩია. კაცმა რომ თქვას, არც შემცდარა. ჯერ ქენონბოლ ედერლის კვინტეტში შეიძინა გამოცდილება, ხოლო მოგვიანებით - მაილს დევისთან. იმის დასტურად, თუ როგორი მარჯვე პიანისტი და კომპოზიტორი ჩამოყალიბდა, ორი თემის გახსენებაც საკმარისია: In a Silent Way და Mercy, Mercy, Mercy.



1970 წლიდან პეპე ამინდის ჭვრეტა-პროგნოზირებას მოჰყვა. სინოპტიკოსი პარტნიორიც ეგულებოდა – უეინ შორტერი, რომელიც მაილსის კვინტეტიდან ახალი წამოსული იყო. „დარია თუ ავდარია“ „Weather Report“ დაარქვეს და 16 წლის მანძილზე ერთმა ელექტრო-კლავიშით, მეორემ კი საქსოფონით იმგვარი კლიმატი შექმნა, არა თუ წვიმა, ღრუბლის ქულაც არავის უნახავს ჯაზურ ცაზე. ფული და დიდება არ გვაინტერესებდა, ბიბოპიც გვარიანად გვქონდა მობეზრებული, ამიტომ რასაც გული გვიკარნახებდა, იმას ვუკრავდითო, – არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში. მათი გულისნადები ბევრმა მალევე შეიყვარა, „ვეზერ რეპორტისეულ“ რიტმს, ჰარმონიას, მელოდიურობასა და პეპესეულ ელექტრომეტყველებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ცნობდნენ და მისი თარგმანის გარეშე ესმოდათ.



მართალია, პეპე და უეინი ლიდერები ბრძანდებოდნენ, მაგრამ ბენდი სხვა, არანაკლებ საოცარი მუსიკოსების თავშეყრის ადგილიც გახლდათ. სხვადასხვა დროს რიტმ-სექციებზე დრამერ-პერკუსიონისტები - დონ ალიასი, ომარ ჰაკიმი, პიტერ ერსკინი, მანოლო ბადრენა, ალექს აკუნა, აირტო მორეირა - ზრუნავდნენ, ბასური ხაზი კი მიროსლავ ვიტუშს, ალფონსო ჯონსონს, ვიქტორ ბეილისა და, რა თქმა უნდა, გენიალურ ჯაკო პასტორიუსს მიჰყავდა. ამ უკანასკნელზე ახლა ენას გვარიანად მოვიფხანდი, მაგრამ ცალკე სიუჟეტს იმსახურებს, ამიტომ სხვა დროს იყოს. ამჯერად, კი „Birdland“-ს გავიხსენებ, პეპეს შედევრს, რომელიც 1977 წელს „კოლამბია რეკორდსის“ სტუდიაში ერთი ამოსუნთქვით ჩაიწერა და დღემდე ბენდის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.



1986 წელს, 15 ალბომის თავზე, „ვეზერ რეპორტის“ ხანა დასრულდა და პეპეც ახალი წიგნის წერას შეუდგა. უფრო სწორად, კრებულის, სადაც სხვადასხვა ხალხთა მითებს, ზღაპრებსა თუ ლეგენდებს მოუყარა თავი. მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოს მასშტაბით იმ ახალგაზრდა არტისტების ძებნას მოჰყვა, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ეთნომუსიკალურ ტრადიციებს ჯაზ-როკში მოუყრიდნენ თავს. უთქვამს კიდეც, როცა მუსიკოსებს ვარჩევ, წინასწარ ვიცი, რომ ეს ბენდი მსოფლიოში საუკეთესო იქნებაო. ასე შეიქმნა აფრიკული, ლათინოამერიკული და აღმოსავლური ფოლკლორით ნასაზრდოები ჯადოსნური სამყარო, სახელად „სინდიკატი“ - მსოფლიოში საუკეთესო! ის ყირმიზ-ფირუზ-ზურმუხტისფრად ჭრელი ჩაჩი ხომ გახსოვთ, პეპეს თავს რომ ებურა? ჰოდა, მუსიკაც ასეთი გამოსდიოდა – მრავალფეროვან რიტმულ თუ მელოდიურ კონტრასტებზე აგებული, რომელმაც ჯაზურ ლექსიკაში „ეთნო-ფიუჟენის“ სახელით დაიმკვიდრა თავი.



„სინდიკატის“ ლაივებს უხვად ნახავ იუტუბზე. მაგრამ არის ერთი, ლუგანოს 2007 წლის 7 ივლისის კონცერტი, რომელსაც ყველა დანარჩენისგან გამოვარჩევდი. გემო იმაშია, რომ პეპე იმ დღეს იუბილარი გახლდათ, ამავე დროს მისი უკანასკნელი კონცერტიც გამოდგა. ტანხმელი და უფეროა, უკურნებელი სენით შელახული და მოახლოებულ აღსასრულს შეგუებული. ჩანაწერის ნახვისას თვალებში უნდა ჩახედო – იოტისოდენა სინანულს ვერ იპოვი. ჭინკებს ჭიაკოკონა გაუმართავთ და ბაგეზე თბილი ღიმილი დასთამაშებს. ხოლო მუსიკას რაც შეეხება – ჩვეულებისამებრ მხიარული, აღვირახსნილად შმაგი და ვნების აღმძვრელია. თუმცა მას ხეირიანად ვერც აღვწერ და, ალბათ, არც უნდა ვეცადო. წერტილსაც ვერ დავუსვამ, რადგან პეპე არ სრულდება...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG