Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭო: მეორე ტური და 12 კანდიდატი


საქართველოს პარლამენტში დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის კენჭისყრა გაიმართა, თუმცა ეს კენჭისყრა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებით ვერ დასრულდა. საქმე ისაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 არამოსამართლე წევრის დამტკიცებისათვის საჭიროა დეპუტატთა ხმების 2/3, ასეთი მაღლი კვორუმის შეგროვება კი პირველ ტურში შეუძლებელი აღმოჩნდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრის პირველმა ტურმა ის 12 კანდიდატი გამოავლინა, რომლებიც საბჭოს წევრობისათვის ბრძოლას მეორე ტურში გააგრძელებენ. მეორე ტური პარასკევს, 14 ივნისს, გაიმართება, 12 ივნისს კი კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 100 დეპუტატის ნაცვლად 92 დეპუტატი იმყოფებოდა. სხდომას უმცირესობის წევრები არ ესწრებოდნენ.

“პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების 2/3-ს, როგორც მინიმუმ. ამასობაში ჩვენმა კოლეგებმა უმცირესობიდან უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, ისევ არითმეტიკასთან გვაქვს საქმე, რაც მათთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი - რომ მათი ხმების გარეშე 2/3 ვერ მოგროვდებოდა. პირველი ტურის შედეგად, შესაბამისად, ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნება არჩეული, აქედან გამომდინარე, აქ ყველა შემთხვევაში მეორე ტურთან გვაქვს საქმე“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც სასამართლო სისტემას კურირებს და აქვს ისეთი უფლებამოსილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათ წინააღმდეგ დისციპლინური დევნის განხორციელება. საბჭო 15 წევრისაგან შედგება და მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უძღვება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს, 6 წევრს კი პარლამენტი იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები და იურიდიული პროფილის ორგანიზაციები წარადგენენ. მოსამართლეთა კონფერენციამ არჩევნები 9 ივნისს გამართა, პარლამენტში მიმდინარე არჩევნებისთვის კი, მთლიანობაში, 44 კანდიდატის განაცხადი შევიდა. მათგან უშუალოდ კენჭისყრაში 29 კანდიდატურა განიხილებოდა. კენჭისყრის წესის თანახმად, თუ პირველ ტურში კანდიდატები დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, მეორე ტურში გადაწყვეტილების მიღება უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით - იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს წესი ვრცელდება 4 კანდიდატზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 არამოსამართლე წევრიდან მინიმუმ 2 ორი მესამედით უნდა იქნეს არჩეული. ამ საკანონმდებლო მოთხოვნის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობას 10 კანდიდატზე შეთანხმებისთვის კონსულტაციის გავლა შესთავაზა, უარის გამო კი სხდომათა დარბაზი დატოვა. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა:

“სამწუხაროდ, კონსულტაცია ვერ შედგა ჩვენ შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ორი ადამიანი, რომელიც ორი მესამედით უნდა იქნეს არჩეული, ამაზე ჩვენ შთანხმებას ვერ მოვახერხებთ. ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნის საწინააღმდეგო, ასევე ჩვენი პარტნიორი მხარდამჭერი ქვეყნების, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ შევთანხმებულიყავით ამ საკითხზე, და ძალიან სამწუხაროა, აქედან გამომდინარე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება“.

შეთანხმება, სავარაუდოდ, მეორე ტურშიც გაძნელდება, - ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური. იგი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის ფორმა ცალსახად პროგრესულია, თუმცა პროცესისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესის გამო, კარგი იქნებოდა პარლამენტს კანდიდატებისთვის საჯაროდ გამოსვლის საშუალება მიეცა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ეს მოთხოვნა ძალაში რჩება მეორე ტურში გადასული 12 კანდიდატის მიმართაც.

“მთავარია, რომ პროფესიონალები და ისეთი ადამიანები იქნენ არჩეულნი, რომელთაც გარკვეული ხედვები აქვთ, პრინციპები აქვთ ზოგადად სასამართლოს სისტემასთან მიმართებაში. შესაბამისად, მე მგონია, განსაკუთრებით მეორე ტურში გადასული კანდიდატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მათ ექნებათ საშუალება, რომ პლენარულ სხდომაზე გამოვიდნენ სიტყვით, გააკეთონ მცირე პრეზენტაცია თავისი ხედვების და ამის შემდეგ უკვე პარლამენტის წევრებს ექნებათ საშუალება, რომ მისცენ ხმა და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება და დამოკიდებულება ამ კანდიდატების მიმართ“.

ეკა გიგაურის თანახმად, ანალოგიური მოთხოვნა უნდა გავრცელდეს სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატების მიმართაც, რომელთაც 12 ივნისს პარლამენტში ასევე უყარეს კენჭი. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად საჭირო კვორუმი - 76 ხმა - ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 4 კანდიდატი გავიდა.
XS
SM
MD
LG