Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდი, რომელიც არ აკავშირებს - ჟურნალისტების თვალით დანახული კონფლიქტი


ჟურნალისტების შეხვედრა
ჟურნალისტების შეხვედრა

მიკროავტობუსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიას განაპირას, მდინარესთან ახლოს, პოლიციის საგუშაგოსთან ჩერდება. საგუშაგოზე შეიარაღებული პოლიციელები დგანან. გაღმა, მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ოტობაიაში, ასევე შეიარაღებული პირები ჩანან. ბოძებს ცვლიან და მავთუხლართებს აბამენ. ავტობუსიდან ჟურნალისტები გადმოდიან და გადაღებას იწყებენ. ფოტოაპარატების დანახვაზე ისინიც დურბინდებს იმარჯვებენ. ორსანტიასა და ოტობაიას მდინე ენგური ყოფს, ამ ორ სოფელს კი პატარა ხიდი აკავშირებს, რომელზეც მეორე თვეა უკვე აღარავინ მოძრაობს. აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ეს გადასასვლელი ჩაიკეტა.

ქართველი პოლიციელი ამბობს, რომ აფხაზები და რუსეთის მესაზღვრეები საზღვრებს ამაგრებენ. ავტობუსიდან გადმოსული ჟურნალისტები იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც კარგად იციან კონფლიქტის ფასი. 6 ქვეყნის 17 ჟურნალისტს ბევრი კითხვა აქვს და ამ კითხვებზე პასუხს სოფელ ორსანტიაში ეძებენ. სოფლის ცენტრში მათ სათემო ფონდ „ეგრისის“ ხელმძღვანელი ციცინო ბიბლაია ხვდება. ეს ორგანიზაცია ქალთა გააქტიურებასა და მათ ხელშეწყობაზე მუშაობს, მონაწილეობს სამოქალაქო სამშვიდობო ფორმატებში, სადაც აფხაზი და ქართველი ქალები ერთმანეთს ხვდებიან. ბიბლაია სოფლის პრობლემებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ჩაკეტილი ხიდი ქართველებსაც და აფხაზებსაც პრობლემებს უქმნის. მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელები იკეტება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად ურთულებს. ქართველები ნათესავებთან ვეღარ გადადიან, აფხაზებს კი სავაჭროდ და სამკურნალოდ გადმოსვლისას ბარიერები ექმნებათ. ბიბლაია, პრობლემების გარდა, პოზიტიურ ისტორიებსაც იხსენებს, მაგალითად, როგორ შეახვედრეს ერთმანეთს გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი 20 წლის უნახავი დები და როგორ გაიცნეს მათმა შვილებმა ერთმანეთი.

უკრაინელ, მოლდოველ, რუს, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ჟურნალისტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ყველაფერი აინტერესებთ - დევნილთა ყოველდღიური მდგომარეობით დაწყებული, სოფლის კულტურული ცხოვრებით დამთავრებული. სოფლის ცენტრში მეგრული სიმღერა ისმის, ეს ადგილობრივი ანსამბლის, „ოდაბადის“, რეპეტიციაა. ჟურნალისტები მათაც სტუმრობენ.

ბანერი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე
ბანერი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე

ლადო ჭიხვარიამ ეს ანსამბლი 6 თვის წინ შექმნა და უკვე წარმატებას მიაღწია. ლადოს, თანასოფლელებთან ერთად, ენგურზე ჩაკეტილი გადასასვლელები აღელვებს. მისი თქმით, ნათესავებთან მისვლა შეუძლებელი გახდა.

ჟურნალისტები პატარა ჯგუფებად იყოფიან და თემაზე მუშაობას აგრძელებენ. ეს ჯგუფები შერეულია. უკრაინელები და რუსები, სომხები და აზერბაიჯანელები ორსანტიაში ერთობლივი რეპორტაჟის მოსამზადებლად ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. დღის ბოლოს შთაბეჭდილებების გაზიარების დრო დგება. ისინი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსა და საკუთარ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტს ერთმანეთს ადარებენ, მსგავსებასა და განსხვავებას ეძებენ. ანდრეი გილანი კიშინიოვში თავისუფალი ჟურნალისტია. მისი თქმით, მოლდოვასა და არაღიარებულ დნესტრისპირეთს შორის არსებული კონფლიქტი ახლა გაყინულია. დნესტრისპირელები უკვე მოლდავურ პასპორტებს იღებენ და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

ისმაილ ფატალიევი ბაქოში საინფორმაციო სააგენტო „აპაში“ მუშაობს. კონფლიქტების თემას ხშირად აშუქებს. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით პროცესები უფრო მძიმედ ვითარდება და ხშირად ცხელ ფაზაში გადადის. ისმაილის დაკვირვებით, აფხაზებსა და ქართველებში ურთიერთობის სურვილი უფრო დიდია, ვიდრე აზერბაიჯანელებსა და სომხებში.

ევგენია პოდობნაია უკრაინული მეხუთე არხის ჟურნალისტია და ხშირად ჩადის კონფლიქტის ზონაში. ის უფრო მეტ მსგავსებას ხედავს უკრაინულ და ქართულ კონფლიქტებს შორის, სადაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

დმიტრი ოკრესტი მოსკოვში „ერბეკას“ ჟურნალისტია. მისი დაკვირვებით, ენგურის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანები შერიგებისა და პატიებისთვის მზად არიან, რაც ნეგატიურ სოციალურ ფონზე პოზიტიურად მოჩანს.

ჟურნალისტების აზრით, კონფლიქტური ზონების მონახულება და ადგილზე ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია მათი საზოგადოების ინფორმირებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ საზოგადოებას პროპაგანდა მანიპულაციით მომზადებულ მედიაპროდუქტს აწვდის, რაც კონფლიქტის მოგვარებას ხელს არ უწყობს. საქართველოში ჟურნალისტების ვიზიტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით , გერმანიის დემოკრატიისა და მედიის ინსტიტუტმა უზრუნველყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG