Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იქცევა მედია


წინასაარჩევნო ქცევის კოდექსზე ხელის მოწერა
წინასაარჩევნო ქცევის კოდექსზე ხელის მოწერა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 27 ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ წამოიწყო ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც წამყვანმა ტელევიზიებმა ხელი მოაწერეს მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს. საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“ და „აჭარა“ ვალდებულებას იღებენ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იყვნენ დამოუკიდებლები, ზუსტები და სამართლიანები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქცევის კოდექსზე ხელმომწერი ტელეკომპანიების მონიტორინგს, რომელიც 2 სექტემბრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. კოდექსზე ხელმომწერთა შორის არ არის ტელეკომპანია „კავკასია“.

„თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად, ასევე საზოგადოების არასასურველი პოლარიზაციის თავიდან ასაცილებლად და მაღალეთიკური ჟურნალიზმის მხარდასაჭერად ხელმომწერი მხარეები პირობას ვდებთ...“ - ასე იწყება მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი, რომელიც ოთხი პუნქტისგან შედგება: ჟურნალისტური დამოუკიდებლობა, დაბალანსებულობა და მიუკერძოებლობა, სიზუსტე და შესაბამისობა, სამართლიანობა და სანდოობა. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, აღნიშნულ კოდექსს, საზოგადოების გარდა, ორი ძირითადი ადრესატი ჰყავს:
ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

„ერთი თავად მედიაორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ პრინციპებს დაიცავენ და ჟურნალისტებიც ძალიან ბევრ თვითდაცვის ინსტრუმენტებს აღმოაჩენენ ამ კოდექსში - იგულისხმება დაცვა ზეწოლისგან, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ჯგუფებისგან ჰქონდეს ადგილი. მეორე ადრესატია პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც ძალიან მკაფიოდ უნდა ეთქვას მედიისგან, რომ თქვენ გაქვთ თქვენი დღის წესრიგი: მუშაობთ, იბრძვით, მაგრამ მედია იცავს ამ სტანდარტებს და თუ ამ სტანდარტებთან მოვიდა წინააღმდეგობაში თქვენი მეთოდები, მაშინ ჩვენ ამას ასე არ გავაშუქებთ“.

ზვიად ქორიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ქცევის კოდექსის დაცვით სარგებელს ნახავს მთელი საზოგადოება, რომელსაც ინფორმირებული არჩევანის საშუალება მიეცემა. თამარ რუხაძეც - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი - ფიქრობს, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, მედია არ იყოს ბრძოლის იარაღი პოლიტიკური ჯგუფების ხელში.

„როგორღაც მივეჩვიეთ იმ შეგრძნებასა თუ კლიშეს, რომ არა მხოლოდ არჩევნებს, არამედ ქვეყნის ცხოვრების სურათს ქმნიან ტელევიზიები და არჩევნებსაც იგებს ის მხარე, ვისაც ძლიერი მედიამხარდაჭერა აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კოდექსი არის სწორედ ის, რამაც როდისმე მაინც უნდა დაასრულოს ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ პოლიტიკოსებისა, მედიისა საკუთარი თავის მიმართ და, ბუნებრივია, საზოგადოებისა და მედიის მიმართ“, - უთხრა თამარ რუხაძემ რადიო თავისუფლებას.
სრული პასუხისმგებლობით ვეთანხმებით და ხელს ვაწერთ ამ დოკუმენტს, რომ შევასრულებთ ყველა პუნქტს. ჩვენი მიზანია ვიყოთ აბსოლუტურად ობიექტურები და ხელი შევუწყოთ გამჭვირვალე პროცესებს...
თინათინ ბერძენიშვილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს პირველმა ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა მოაწერა. თინათინ ბერძენიშვილის თქმით, კოდექსში ჩამოყალიბებული პრინციპების დაცვას საზოგადებრივ მაუწყელებს კანონიც ავალდებულებს:

„ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვეთანხმებით და ხელს ვაწერთ ამ დოკუმენტს, რომ შევასრულებთ ყველა პუნქტს. ჩვენი მიზანია ვიყოთ აბსოლუტურად ობიექტურები და ხელი შევუწყოთ გამჭვირვალე პროცესებს“.

წინასაარჩევნო ქცევის კოდექსზე ხელის მოწერა მნიშვნელოვნად ჩათვალა „რუსთავი ორმაც“, რომლის სახელით კოდექსის ტექსტზე ავტოგრაფი ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დატოვა:

„რუსთავი 2“ აპირებს გააშუქოს არჩევნები ისე, როგორც ეს პროცესი განხორციელდება საქართველოში. არც მეტი, არც ნაკლები! საზოგადოებრივი ინტერესი არის გაიგოს ყველაფერი კანდიდატების შესახებ, რათა იყოს ინფორმირებული სწორი არჩევანის გასაკეთებლად, მაგრამ ასევე საზოგადოების ინტერესია გაიგოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ჩვენ ორივე თვალსაზრისით ვგეგმავთ, რომ საზოგადოების ინტერესი სრულად დავაკმაყოფილოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამიტომ ვუერთდებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც აქეთ არის მიმართული“.
ჩვენ დიდი ხანია ვხელმძღვანელობთ კანონებითა და ქცევის შიდაკოდექსით. სიმართლე გითხრათ, ფორმალურ მხარესაც არ ვაქცევ ყურადღებას. ეს არც დემარშია და არც არაფერი, უბრალოდ, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. თანაც პოლიტიკოსები არ ვართ, რომ რაღაც დეკლარაციებზე ხელი ვაწეროთ...
ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მონიტორინგს, რომლის პროცესში გამოყენებული იქნება ანალიზის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მგელაძის თქმით, მონიტორინგი განხორციელდება სლოვაკეთში დაფუძნებული ორგანიზაციის „MEMO 98“-ის დახმარებით. გაიზომება და გაანალიზდება მონიტორინგის სუბიექტებისათვის დათმობილი მთლიანი დრო და გაშუქების ტონი. გიორგი მგელაძის თქმით, მონიტორინგის შედეგებს აუცილებლად გააცნობენ საზოგადოებას.

არჩევნების დაბალანსებული გაშუქებისათვის ემზადება ტელეკომპანია „კავკასიაც“, თუმცა, როგორც მისი გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, ამისათვის მას არ სჭირდება დამატებით დოკუმენტზე ხელის მოწერა.

„ჩვენ დიდი ხანია ვხელმძღვანელობთ კანონებითა და ქცევის შიდაკოდექსით. სიმართლე გითხრათ, ფორმალურ მხარესაც არ ვაქცევ ყურადღებას. ეს არც დემარშია და არც არაფერი, უბრალოდ, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. თანაც პოლიტიკოსები არ ვართ, რომ რაღაც დეკლარაციებზე ხელი ვაწეროთ“, - უთხრა ნინო ჯანგირაშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG