Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით მიდის სასამართლო?


მართლმსაჯულების სფეროს მასშტაბური რეფორმირების მიუხედავად, საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა მაინც დაბალია, თუმცა, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეცვლილმა პოლიტიკურმა ვითარებამ შესაძლებელი გახადა სასამართლოების გათავისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის გავლენისაგან. 13 ივლისს თბილისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზეც ითქვა, რომ ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ მოსამართლეებმა მიიღონ მხოლოდ კანონსა და შინაგან რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

„ძლიერი სასამართლო - გზა მომავლისაკენ“ - ამ დევიზით ჩატარებულ მოსამართლეთა კონფერენციაში, ასამდე მოსამართლის გარდა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომამდგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეული წევრები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის გახსნისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის ბედი, უპირველეს ყოვლისა, თავად მოსამართლეთა ხელშია:

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც უნდა გამოიყენოთ ყველა ის წარმატება და გამოსწორებული მდგომარეობა, რასაც დღესდღეობით მივაღწიეთ, და დავძლიოთ ის მცირე ნაწილი პრობლემებისა, რომელიც კიდევ დაგვრჩა. ეს არის მთლიანად თქვენზე დამოკიდებული. ამისათვის თქვენ გაქვთ, ფაქტობრივად, ყველა გარანტია!“

გარანტიები, რომელთა შესახებაც კონსტანტინე კუბლაშვილი ლაპარაკობდა, დიდწილად უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის სანდრო ბარამიძის თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, პირველად იქნა არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა.

„სხვა რეფორმების მხრივ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განვახორციელეთ რიგი რეფორმებისა მხარეთა თანასწორობისა და რეალური შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით. ასევე დავაბრუნეთ ტელეკამერები სასამართლო დარბაზებში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სასამართლო დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის თვალსაზრისით. ასევე სხვა რეფორმებიც იყო განხორციელებული, თუმცა ამაზე ჩვენ არ ვჩერდებით. უკვე ვმუშაობთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მეორე ეტაპზე, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება“, უთხრა სანდრო ბარამიძემ რადიო თავისუფლებას.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურის ამოქმედება, რომელიც შესაძლებელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების, ანუ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა, კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, სიახლე არ უნდა შეეხოს მხოლოდ ახალდანიშნულ მოსამართლეებს:

„უნდა გადაინიშნოს ყველა მოქმედი მოსამართლე და დაინიშნოს უვადოდ კონსტიტუციის ამ ნორმის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. უვადოდ დანიშნული მოსამართლე აღარ არის დამოკიდებული, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმებზე. იგი აირჩევს ვიღაცებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამით დამთავრდება მისი ურთიერთობა საბჭოსთან. ეს არის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა ის, რომ ათი წელი როცა გავა, დაიწყოს მოსამართლემ ხელმეორედ დანიშვნასა და ათი ხმის როგორმე მიღებაზე ფიქრი“.

კონსტანტინე კუბლაშვილის მსგავსად, მოქმედი მოსამართლეების უვადო დანიშვნის მომხრეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც. ლევან მურუსიძის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა წარმატებით ვერ განხორციელდება, თუკი მოსამართლეებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა, რაც დიდწილად ასევე დამოკიდებულია მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე.

„გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არის გარანტი იმისა, რომ არავინ ჩაერევა ხელისუფლებიდან სასამართლოს საქმიანობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც განხორციელდება. დანარჩენი დამოკიდებულია მოსამართლეებზე, რომლებიც უკვე ვალდებული არიან დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ კანონს და მიიღონ სწორი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება“, უთხრა ლევან მურუსიძემ რადიო თავისუფლებას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მართლაც განაცხადა, რომ არ დაუშვებს აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევას სასამართლოს საქმიანობაში.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის თქმით, ევროპული გამოცდილების გაზიარებით საქართველოს მართლმსაჯულება მალე მიაღწევს დამოუკიდებლობის მაღალ სტანდარტს:

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ვითარდება. არაერთხელ მითქვამს, რომ მოსამართლეს სჭირდება გამოცდილება, საკუთარი თავის რწმენა და სახელი, რომელსაც უნდა უფრთხილდებოდეს. ამ ყველაფრის მოსაპოვებლად წლებია საჭირო. ვფიქრობ, საქართველოში მოწმენი ვართ სწორი ტენდენციისა დამოუკიდებლობისკენ, სასამართლოს ფუნქციების ადეკვატურად განხორციელებისკენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და არ შეფერხდება“.

ამგვარი დადებითი დინამიკის მიუხედავად, საქართველოში სასამართლო სისტემის ნდობა და ავტორიტეტი სხვა ინსტიტუტებთან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად დაბალია. ავტორიტეტული ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის თანახმად, რომელიც 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა, შეკითხვაზე „რომელ ინსტიტუტს მიიჩნევთ ყველაზე კორუმპირებულად“, ქართველი რესპონდენტების 51%-მა სასამართლო დაასახელა, თუმცა, ამის მიუხედავად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ შეცვლილი გარემო ვითარების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზმის წინაპირობას იძლევა.

„არის ხარვეზები, მაგრამ თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ და ერთიწლისწინანდელ სასამართლოს, აშკარა განსხვავებას დავინახავთ გადაწყვეტილების მიღების მხრივ, დამოუკიდებლობის გაზრდის მხრივ და ასე შემდეგ. ამას უნდა გაფრთხილება და ზრუნვა როგორც ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რათა პროცესმა კიდევ უფრო წინ წაიწიოს. და კიდევ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან ბოლომდე“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG