Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არა ძლადობას! - აქციები კახეთში


თელავი, სიღნაღი, გურჯაანი და წნორი - ეს ის ადგილებია კახეთში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა მშვიდობიანი გამოსვლით გააპროტესტეს. მიუხედავად იმისა, რომ უამინდობა იყო, აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად რეგიონში უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

ნანა ბაგალიშვილი სიღნაღში გამართული აქციის ორგანიზატორია. ნანა კახეთში ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ერთ-ერთ ბოლო ფაქტს იხსენებს, როდესაც მეუღლე 8 თვის ორსულ ქალს სასტიკად გაუსწორდა. შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა. ამჟამად დაზარალებული ქალბატონი თბილისის ერთ-ერთ თავშესაფარშია გადაყვანილი:

„დედოფლისწყაროში ორსულ ქალბატონზე ძალადობის ფაქტი სულ ახლახან მოხდა. ეს ამბავი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის იყო შემაშფოთებელი, ხოლო ნაწილისთვის - ჩვეული ნორმა. ამ აქციის მიზანია, რომ ერთად შევებრძოლოთ ისეთი კლიშეებისა და სტერეოტიპების არსებობას, რომლის მიხედვითაც, თითქოს ქალზე ძალადობა არის ნორმა“.

2014 წლის 10 თვეში საქართველოში, სულ მცირე, 25 ქალი მოკლეს. დღეს თელავში გამართულ აქციაზე ითქვა, რომ ამ რიცხვს ბევრად აღემატება ის შემთხვევები, რომლებიც ფატალური შედეგით არ დასრულებულა. ლიკაძამუკაშვილს, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს თელავში, სჯერა, რომ ამ აქციების შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდება და თავად ძალადობის მსხვერპლი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად ნაბიჯებს გადადგამენ:

„შეიძლება ამწუთას ვიღაც არ განიცდის ძალადობას, თუმცა თუ საზოგადოება დაინახავს, რომ ასეთი ფაქტების მიმართ ერთიანი ვართ და გვერდში დგომა შეგვიძლია, მომავალში მსხვერპლი ქალები ხმის ამოღებას აღარ მოერიდებიან“.

რა დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს მსგავსი ტიპის აქციების მიმართ? ვიდრე უშაულოდ მათ პოზიციებს მოვისმენთ, სიღნაღში გამართული აქციის ორგანიზატორი ნანა ბაგალიშვილი ერთ კონკრეტულ ამბავს გვიყვება:

„როდესაც საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებდით და ქუჩებში პლაკატებს ვაკრავდით, ჩემი თაობის, 20-30 წლის, ბიჭები გვეუბნებოდნენ, თუ ქალი მოსაკლავია, უნდა მოკლაო. ეს არის შემაშფოთებელი რეალობა. ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ეს ბიჭები ჩვენ გვერდით დადგებიან, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ასეთი აქციებით მათი აზროვნება ნაწილობრივ მაინც შეიცვლება“.

ქალთა მიმართ ძალადობა მიუღებელია როგორც მამაკაცებითვის, ასევე ქალებისთვის, ამბობს ჩვენი რესპონდენტი, თუმცა ფაქტია, რომ მოძალადეები ხშირად სწორედ მამაკაცები არიან.

„ერთხელ პაპამ ასე მითხრა: ქალი კაცით ფასდება და კაცი ქალითო, და ამ სიტყვებს მეც ვეთანხმები. ჩემთვის ძალადობა მიუღებელია!“

„ქვეყანაში ქალის უფლებებს განსაკუთრებულად უნდა იცავდნენ“.

„ჩემი აზრით, მამაკაცი ქალზე არ უნდა ძალადობდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი გარყვნილ საქციელს სჩადის. ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები და სასამართლო“.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციები დღეს საქართველოს 20-მდე ქალაქში ერთდროულად გაიმართა. აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ მომავალში მსგავსი სახის გამოსვლები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG