Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთი, სადაც „სხვა საქართველოა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას რეგიონებში „სხვა საქართველოს“ არსებობის შესახებ კახეთში გამოეხმაურნენ. ადგილობრივი მცხოვრებნი პრემიერს მოუწოდებენ, რომ მხოლოდ განცხადებით ნუ შემოიფარგლება და არსებული პრობლემები რეალურად მოაგვაროს. რა ქმნის რეგიონებში “სხვა საქართველოს”?

კახეთში მოსახლეობის ნაწილი ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „რეგიონებში სულ სხვა საქართველოა და აქ ცხოვრება უფრო რთული და გაუსაძლისია, ვიდრე ქვეყნის დიდ ქალაქებში“. ჩვენ მიერ გამოკითხული რიგითი ადამიანები გვეუბნებიან, რომ „პრემიერ-მინისტრმა აღიარა და ღიად თქვა, რომ ქყვეყნის რეგიონებში ხალხს არსებობისთვის ბრძოლა უწევს“.

„ძალიან სამწუხაროა, როცა საკითხს ასე მიუდგები: ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რეგიონებში ეს არ ჩანსო. ბოდიში, მაგრამ, როცა რაღაცას აკეთებ, ეს მე აუცილებლად უნდა შემეხოს. მანამ, სანამ შენი გაკეთებული „სიკეთეები“ მე არ შემეხება, ჩემთვის ყოველთვის „სხვა საქართველო“ იქნება. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მექნება განცდა, რომ საქმეს არ აკეთებთ. ჩვენ ადამიანები ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან გვჭირდება კეთილდღეობა. მთავრობა იმისთვის გვყავს, რომ ის ყველგან უნდა მივიდეს, მათ შორის, რეგიონებში“, ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ტასო მოდებაძე,.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თქვა, რომ „რეგიონებში სულ სხვა რეალობაა და მოსახლეობას არ აქვს არანაირი შეგრძნება, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან ჩართული“. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ამ კუთხით ბევრი სამუშაო აქვთ. ლაგოდეხში რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ამაზე ღიად ლაპარაკობს ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გოზალიშვილი. ამბობს, რომ ბევრი პრობლემაა, მათ შორის, დასაქმების, რომელიც „სხვა საქართველოს“ ქმნის:

„მე ვფიქრობ, რომ პრემიერმა სწორი განცხადება გააკეთა, და ასევე მგონია, რომ რეგიონებს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების გაფართოებაზე. იქნებ ამ კუთხით მაინც მოხდეს მოსახლეობის დასაქმება. სოფლის მოსახლეობასკი ხელი უნდა შევუწყოთ მოყვანილი პროდუქციის რეალიზებაში. ეს დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს“.

მუდმივი სამუშაო ადგილები რომ პრობლემაა, ამას ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურიაც აღნიშნავს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „2015 წელს ლაგოდეხში ბევრი ინფრასტრუქტურული საკითხი მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიჭრა“.რეგიონებში „სხვა საქართველოსა“ და სხვა რეალობის შექმნაში ლაგოდეხის გამგებელი წინა ხელისუფლებასაც ადანაშაულებს:

„ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ, რათა ხალხი დასაქმდეს. ასევე ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტ სოფელში შევიდეს ბუნებრივი აირი და მოწესრიგდეს წყლისა და ელექტროენერგიის, ასევე გზების პრობლემა.დღეს ეს პრობლემები არის, თუმცა ისსათავეს გასული წლებიდან იღებს“.

რა ქმნის რეგიოენბში სხვა რეალობას? ამ კითხვაზე რიგით ადამიანებს საკუთარი პასუხი აქვთ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომრეგიონებში წლების განმავლობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის მილიონობით ლარი იხარჯება, კონკრეტული პროექტების განხორციელებიდან 2-3 წლის გასვლის შემდეგ საქმე თავიდან არის გასაკეთებელი.

მაგალითად, კახეთში სოფლების ურმავლესობაში მოსახლეობას წყალი არ აქვს, ან, თუ აქვს, გრაფიკით. მოშლილია ასევე შიდა საუბნო გზები. გარკვეული გამონაკლისების გარდა, არ არსებობს ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენების ადგილები. არადა, სოფლის პროგრამებით ეს პრობლემები ეტაპობრივად გვარდება, თუმცა დროებით, რადგან, მოსახლეობის თქმით, შესრულებული სამუშაოები ხშირად უხარისხოა და ობიექტებიგახსნიდან მალევე მწყობრიდან გამოდის.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG