Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ატამი, საზამთრო, ნესვი  - გლეხები მოსავალს ვერ ყიდიან


ატმით ვაჭრობა კახეთში
ატმით ვაჭრობა კახეთში

კახეთში ხეხილის ბაღები ადრე გაზაფხულზე ჯერ ყინვამ, შემდეგ ყვავილობის დროს გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ დააზიანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას უხვი მოსავალი მოვიდა. მოსავლის სარეალიზაციოდ სახელდახელოდ მოწყობილი ბაზარი სოფელ ყიტაანშია. ბაზარში ატმის გასაყიდად გამოსული ადამიანები თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ ხილს ან საერთოდ ვერ ყიდიან, ან, თუ ყიდიან, მიზერულ ფასად. ფერმერები იმასაც ამბობენ, რომ ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაგვიანებით გაიხსნა და იქ მხოლოდ საუკეთესო პროდუქტს იბარებენ.

გადმოწერა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა ახალგაზრდა გურჯაანელი ფერმერის შესახებ, რომელმაც ატამი ვერ გაყიდა და მდინარეში გადაყარა. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ქვეყნიდან ატამი ექსპორტზე რომ გადიოდეს, მყიდველიც ბევრი იქნებოდა და ფასიც მაღალი.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს. საწარმო რომ დაგვიანებით გაიხნა, ამის მიზეზად ხელმღძვანელობა ტექნიკურ გადაიარაღებას ასახელებს. საწარმოს მენეჯერის, იოსებ მანჯავიძის, თქმით, ამჟამად ნებისმიერი რაოდენობით ხილს იბარებენ, თუმცა წელს ხარისხიანი პროდუქტის ნაკლებობაა.

„სახელმწიფო პირდაპირ არა, თუმცა ირიბად მუშაობს, რომ გლეხმა მოყვანილი მოსავალი გაყიდოსო“, - ამბობს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ამის მაგალითად იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათი კოორდინაციით საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანია გურჯაანში ჩავიდა და გარკვეული რაოდენობის პროდუქტი ჩაიბარა.

აგვისტოს დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა ანონსდება, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ დაბალი ხარისხის პროდუქტს ჩაიბარებენ, შემდეგ კი წვენებსა და ხილფაფებს დაამზადებენ.

ვარაუდობენ, რომ პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოიხსნება. ატამი არ არის ერთადერთი ხილი, რომლის რეალიზაციაც ჭირს. გლეხების თქმით, წელს კახეთში საზამთრო და ნესვიც ძნელად იყიდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG