Accessibility links

ქუთაისში ქალთა გიმნაზიის იმ კურსდამთავრებულთა ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ამსახველი ბანერები გამოფინეს, რომლებმაც XX საუკუნის დასაწყისში გავლენა მოახდინეს საქართველოში ქალთა მოძრაობის გააქტიურებასა და განათლების, კულტურისა და სხვა სფეროების განვითარებაზე.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:15 0:00

გამოფენა, სახელწოდებით „ქუთაისი და ქალთა მოძრაობა“, ყოფილი ქალთა გიმნაზიის შენობაში, ამჟამინდელ წმინდა ნინოს სახელობის ნომერ მესამე საჯარო სკოლაში მოეწყო ქალაქის მერიისა და ჟურნალისტთა ქსელის „გენდერული თანასწორობისთვის“ მედიაცენტრის ინიციატივით.

გამოფენა ქუთაისში
გამოფენა ქუთაისში

XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებულთა მოღვაწეობას საქართველოს ისტორიის განმსაზღვრელად მიიჩნევს ქალაქის მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე. მისი თქმით, საუკუნის წინ საქართველოს რეალობაში ქუთაისი ავანგარდი იყო ყველა პროგრესული მოძრაობისა და აქტიურ როლს თამაშობდა ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამ პერიოდში ქუთაისიდან დაიწყო ქალთა გააქტიურება და მათი როლის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თამთა თურმანიძე ნიშანდობლივად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ასი წლის წინ ადგილობრივ პრესაში ქალის ფუნქციებზე, როლსა და საჭიროებებზე აქტიური პოლემიკა მიმდინარეობდა. თამთა თურმანიძე ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულებზე საუბრისას გამოყოფს იმ ქალებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი 5 ქალიდან 3 გიმნაზიის კურსდამთავრებული იყო.

გამოფენა ქუთაისში
გამოფენა ქუთაისში

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას განცხადებით, განათლებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება ქალებისთვის დღემდე აქტუალური პრობლემებია და საბჭომ გასულ კვირაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა იმ სტრატეგიის შესამუშავებლად, რომელიც ქალებზე დადებითად უნდა აისახოს.

სხვადასხვა სტატუსის მქონე ქალთა საჭიროებების გათვალისწინებით, მათი ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე, რომლის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართვლობა მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს მდგომი სახელმწიფო სტრუქტურაა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები მათთვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობენ, თუმცა მხოლოდ შემწეობითა და დახმარებით ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება ვერ მოხერხდება.

გამოფენა ქუთაისში
გამოფენა ქუთაისში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საათის“ ხელმძღვანელის, მაკა ცერცვაძის, აზრით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებმა იზრუნონ ქალების ცნობიერების ამაღლებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რადგან სოციალური ვითარება მათ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს და დღემდე აქტუალურია - განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებთათვის - ისეთი პრობლემები, როგორიცაა ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლების ნაკლებობა და სხვა. მაკა ცერცვაძისავე განცხადებით, გადასახედია სახელმწიფო პოლიტიკა დედათა და ბავშვთა მიმართ, რადგან ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით დედები მხოლოდ 6 თვით სარგებლობენ და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის სასურველია ეს ვადა 1 წლამდე გაიზარდოს.

ქუთაისში გამართული ღონისძიების - „ქუთაისი და ქალთა მოძრაობის“ - მონაწილეებმა ქალთა ამჟამინდელ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე საუბრისას აღნიშნეს ისიც, რომ ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერებისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისთვის სხვადასხვა სექტორის ჩართულობაა აუცილებელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG