Accessibility links

“ქალთა სოლიდარობის მარშს” ზუგდიდი შეუერთდა


ქალთა სოლიდარობის მარში ზუგდიდში

„ნუ გაჩუმდები“, „უთხარი ‘არა’ ძალადობას“, „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“ - მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტებით შეუერთდნენ ზუგდიდიდან მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ „ქალთა სოლიდარობის მარშს“. აქციის მონაწილეები, მეტწილად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამოეხმაურნენ რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ ე.წ. „ქართველთა მარშს“, სადაც „ქალთა სოლიდარობის მარშის“ მონაწილეთა თქმით, არატოლერანტული და ქსენოფობიური მოთხოვნები გაჟღერდა, მოგვიანებით კი ეს ყველაფერი კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში გადაიზარდა. ზუგდიდში გამართული „სოლიდარობის მარშის“ მონაწილეებმა მსვლელობა ქალაქის მთავარ ბულვარში მოაწყვეს, მოგვიანებით კი საკუთარი მოთხოვნები გაახმაურეს:

„მე მინდა მოვუწოდო ყველა ქალს, ვიყოთ სოლიდარულები. ნუ ვიქნებით ჩუმად ძალადობის შემთხვევებისას. ვიყოთ ერთად, როცა თავს ესხმიან ერთ-ერთ ჩვენგანს“, - თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

„სოლიდარობის მარშს“ შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი და პარლამენტარი ლელა ქებურიაც. მისი თქმით, დღეს აქ იმყოფება არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არამედ როგორც საზოგადოების რიგითი წევრი. ლელა ქებურიამ განმარტა, რომ მიუღებელია ქართველობის სახელით მსგავსი სახის ძალადობა, საზოგადოება კი არ შეიძლება ჩუმად იყოს ასეთი ფაქტების დროს.

ქალთა სოლიდარობის მარში ზუგდიდში
ქალთა სოლიდარობის მარში ზუგდიდში

„ნებისმიერი სახის ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოება უნდა იყოს აქტიური. მით უფრო სახიფათოა, როცა ძალადობა ხორციელდება ქართველობის და ვაჟკაცობის სახელით. ქართველობა არ არის ქალებზე ძალადობა. ქართველობა არ არის უცხოტომელების სიძულვილი. ქართველობა არ არის სუსტის ჩაგვრა. არ შეიძლება ქართველობის სახელით მსგავსი სახის ძალადობები ხორციელდებოდეს“, - თქვა მან.

„ქალთა სოლიდარობის მარშის“ მონაწილე, „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელი ცაბუნია ვართაგავა მიიჩნევს, რომ გარკვეული ძალები ე.წ. „ქართველთა მარშითა“ და მუქარების წერილებით მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას სხვა საკითხებზე:

„აქციაზე მოვედი იმისთვის, რომ ყველა ქალს გამოვუცხადო სოლიდარობა, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ძალადობა. მოვედით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ სექსუალური შევიწროებაც არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და მოვთხოვოთ სახელმწიფოს ეს გახდეს დასჯადი ქმედება“.

ქალთა სოლიდარობის მარში ზუგდიდში
ქალთა სოლიდარობის მარში ზუგდიდში

„ქალთა სოლიდარობის მარშის“ მონაწილეები დანაშაულებებზე ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა, ასევე, მიიღონ ქვეყანაში კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები კი ღიად გაემიჯნონ ძალადობასა და ფაშიზმს.

„სოლიდარობის მარშის“ მონაწილეები მოუწოდებენ ასევე მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG