Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანაფის ქოთანში ჩარგვა არ უნდა ისჯებოდეს“


„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს გააუქმოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანის დამზადებისთვის საჭირო მცენარის, კანაფის, მოყვანისთვის, თუ ეს პირადი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მოსარჩელეებმა სასმართლოს მიმართეს თხოვნით, მხედველობაში მიიღოს შარშან მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუკი ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამჟამინდელი მოსარჩელეების აზრით, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანის შემთხვევაშიც.

გადმოწერა

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“, რომლის სახელითაც საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მცენარე კანაფის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის.

როგორც მოსარჩელემ, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ეს არის, ფაქტობრივად, კლონირებული საქმე და იგივე სტანდარტი უნდა გავრცელდეს, რომლითაც იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, როდესაც ითქვა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არის არაკონსტიტუციური და მკაცრი სასჯელი:

„მიგვაჩნია, რომ იგივე სტანდარტი უნდა გავრცელდეს აქ, რაც ბექა წიქარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არის არაკონსტიტუციური და მკაცრი სასჯელი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თუ მცენარე მოჭრილია და ისე გიდევს სახლში, მაშინ თავისუფლების აღკვეთა არ დაგეკისრება და თუ ქოთანში გაქვს ჩარგული, მაშინ თავისუფლების აღკვეთა დაგემუქრება. სასამართლომ უნდა იმსჯელოს თავისუფლების აღკვეთა კანაფის დათესვა-მოყვანისთვის არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი დღეც კი ამ ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი, ეწინააღმდეგება ადამიანის პატივისა და ღირსების უფლებას“.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტ დავით სუბელიანის თქმით, საუბარი არ არის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარეების მოყვანის დეკრიმინალიზაციაზე, საუბარია პირადი მოხმარებისთვის კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის - როგორც არაზომიერი სასჯელის ფორმის - გაუქმებაზე:

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არდაყენებას არ ვითხოვთ, ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება კანონმდებლობით ნებისმიერ შემთხვევაში. ლაპარაკია, რომ ეს კანონმდებლობა არასოდეს არ იყოს პირადი მოხმარების შემთხვევაში - გინდა მოყვანა იყოს, გინდა მოწევა, გინდა ფლობა - დაკავშირებული ციხესთან. შარშანდელმა შემთხვევამ დაადგინა ერთადერთი რამ, რომ პირადი მოხმარების შემთხვევაში არ შეძლება, რომ ციხეში გავაგზავნოთ ადამიანი. იმ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო 70 გრ მშრალი მარიხუანა და გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ 70 გრამამდე. შესაბამისად, სასამართლოს აქვს საშუალება დაახლოებით 70 გრ მარიხუანა რომ მივიღოთ, იგივე ოდენობის მცენარზე გაავრცელოს იგივე წესი. თუცა არსობრივად მთავარი არის, რომ პირადი მოხმარებისთვის როცა არის განკუთვნილი და არ დგინდება გასაღება-გავრცელება და ა.შ., არაფრით არ იქნას წარმოდგენილი ისეთი სასჯელი, როგორიცაა პატიმრობა“.

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს გამწესრიგებელ სხდომაზე ადვოკატი ქრისტინე კუპრავა გამოდიოდა. მისი თქმით, საქმე ასე მარტივად არ არის, ვინაიდან მცენარე კანაფი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების დასამზადებლად შეიძლება გამოდგეს და მისი კულტივაცია საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებად შეიძლება მივიჩნიოთ. ამასთან, მისი აზრით, ბექა წიქარიშვილის საქმე ამ შემთხვევაში შესაძლოა ღირებული არგუმენტი არ იყოს:

„ყოველ შემთხვევაში, ხდება მოსარჩელეების მხრიდან პარალელების გავლება იმ საქმესთან, რომლის შესახებაც უკვე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამრთლომ - ეს არის „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც მარიახუანასთან მიმართებით მსჯელობა არის სხვაგვარი. კანაფი არის უფრო საშიშროების შემცველი მცენარე. კანაფისგან სხვადასხვა ნივთიერებები მზადდება, არამხოლოდ მარიხუანა, და სწორედ ამ მიმართულებით იქნება ჩვენი არგუმენტები წარმოდგენილი და მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

კანონმდებლობაში არსებული სასჯელები კონკრეტულ დანაშაულებზე საჭიროებს სისტემურ გადახედვას, ამბობს „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის წინ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვისთვის სასაჯელი გააუქმა და სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ქმედება საზოგადოებრივად საშიში არ არის. მიუხედავად საკონტიტუციო სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებისა, საკანონმდებლო ორგანოს ცვლილებები არ განუხორციელებია კანონში, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდგომ გაჩენილი ხვრელი ამოევსო:

„დღეს ნარკოკანონმდებლობის გადახედვის კუთხით მთავარი წარმმართველი ორგანო არის არა პარლამენტი, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეებს უფრო მეტი იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით შეიცვლება კანონები, ვიდრე პარალმენტის მიერ, რაც არ არის ნორმალური და ლოგიკური მდგომარეობა. როცა მასობრივი უკმაყოფილება არსებობს კანონების მიმართ საზოგადოებაში, მთავარი მოლოდინი სწორედ პარლამენტის მხრიდან მის ცვლილებაზე უნდა იყოს გაკეთებული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი პარლამენტი ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ნარკოპოლიტიკის და ნარკოკანონმდებლობის გადახედვას დააყენებს“.

საკონსტიტუციო სასამართლომ ორთვიანი ვადა ითხოვა იმის გადასაწყვეტად, მიიღოს თუ არა წარმოებაში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ სარჩელი. როგორც მოძრაობის აქტივისტი დავით სუბელიანი ამბობს, შესაძლოა სასამართლოს მიერ ერთი წლის წინ ბექა წიქარიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიძლიოს სარჩელი და არსებითი განხილვა აღარ გაიმართოს, რასაც ითხოვს კიდეც მოსარჩელე მხარე. უარეს შემთხვევაში მოელიან, რომ დაინიშნება არსებითი განხილვა. მოსარჩელე მხარე, ფაქტობრივად, გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG