Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი და მისი ეფექტურობა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ


ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფაქტებზე, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით კანონში შესულ ცვლილებებზე ისაუბრეს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართალდამცავები იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროში შეიკრიბნენ. დისკუსია ამავე ბიურომ ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტთან (LAG კონსორციუმი)“ თანამშრომლობით მოაწყო ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.

გადმოწერა
სამართლებრივ რეგულირებას უნდა მოჰყვეს უკვე მეორე ეტაპი - საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, საზოგადოებაში, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს, როცა მიუხედავად ძალადობრივი ქმედებისა, მოძალადეს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი ქმედება...
დავით ლოგუა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელის, რომან კედიას, განცხადებით, სხვა მოვალეობებთან ერთად მათ კომპეტენციაში შედის ოჯახში ძალადობის არასრულწლოვან მსხვერპლთა დახმარება მათი დაცვის კუთხით. აქედან გამომდინარე, ბიუროს გააჩნია გარკვეული მონაცემები - თუ გასულ წელს 2 არასრულწლოვანი გოგო იყო მათი ბენეფიციარი, წელს ასეთი შვიდია.

იურისტი დადებითად აფასებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესულ ცვლილებებს, რადგან ფიქრობს, რომ ის დანაშაულის კლებას გამოიწვევს.

„პოლიციას მანამდე არ ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. ანუ, თუ იქნებოდა ქალის მიმართ ძალადობის რაიმე შემთხვევა, პოლიციას არ ჰქონდა იმის ბერკეტი, რომ ეგრევე რეაგირება მოეხდინა. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პოლიციას იდენტიფიცირებამდეც. პოლიცია ეგრევე ახდენს რეაგირებას და კარგია, რომ კანონში არის რეგულაციები“, - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელმა.

საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება. პოლიციელი, როგორც რიგითი მოქალაქე, და პოლიციელი, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად აღიქვამდეს ამ ფაქტებს...
რუსუდან პაჭკორია

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლომ უკვე იმსჯელა ამ მუხლით (ადევნება) ჩადენილ ერთ დანაშაულზე და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრის, დავით ლოგუას, განცხადებით, ისინი მუშაობენ ბენეფიციარ მამაკაცთან, რომელიც უთვალთვალებდა ქალს და სოციალური ქსელით უვრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციას. დავით ლოგუას თქმით, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მამაკაცი არ თვლის თავს დამნაშავედ და მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამაღლდეს მისი თვითშეგნება და გააცნობიეროს ჩადენილი.

„სამართლებრივ რეგულირებას უნდა მოჰყვეს უკვე მეორე ეტაპი - საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, საზოგადოებაში, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს, როცა მიუხედავად ძალადობრივი ქმედებისა, მოძალადეს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი ქმედება, თუ რამდენად არის ის ძალადობის შემცველი“, - განაცხადა დავით ლოგუამ.

დისკუსია
დისკუსია

მის მოსაზრებას იზიარებს „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტი. როგორც რუსუდან პაჭკორია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2006 წლიდან არსებობს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, სამართალდამცავებისა და ადვოკატების დამოკიდებულებაც კი პრობლემის მიმართ ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია.

„საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება. პოლიციელი, როგორც რიგითი მოქალაქე, და პოლიციელი, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად აღიქვამდეს ამ ფაქტებს. ანუ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა ხშირად უკან გადადის და ჩვენ ვთვლით, რომ ოჯახში ძალადობა მაინც დახურული თემაა და არ უნდა ჩავერიოთ ამაში. თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩვენ, საბედნიეროდ, ვიცავთ კანონს“, - ამბობს იურისტი.

რუსუდან პაჭკორიამ მოიყვანა არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. იურისტი ამბობს, რომ ეს სტატისტიკა არ ასახავს რეალობას, რადგან ყველა მსხვერპლი არ მიმართავს პოლიციას. ამავე მონაცემებით, ქალთა 78 % თვლის, რომ ძალადობა ოჯახის პრობლემაა და მისი გამჟღავნება დაუშვებელია.

XS
SM
MD
LG