Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ნეოლიბერალიზმი: მითი თუ რეალობა


ავტორი: გიორგი კეკელიანი

1918 წელს დამოუკიდებელი ქვეყნის სათავეში, პირველად ევროპულ კონცერტზე, სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ. სოციალ-დემოკრატიულმა ძალამ თავის თავზე აიღო მუშების, დამქირავებლების/დაქირავებულების ურთიერთობების დარეგულირების და კლასობრივი ანტაგონიზმის განმუხტვის ფუნქცია.

შეიქმნა ე.წ. სალიკვიდაციო კომისია, რომელიც იკვლევდა წარმოების შეჩერება-შემცირებისა და მუშათა დათხოვნის მიზეზებს. იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა დასტური სალიკვიდაციო კომისიის მხრიდან, დამქირავებლებს არ ჰქონდათ უფლება შეემცირებინათ დაქირავებულები.

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ მოახდინა მიწის წიაღის, კერძოდ მანგანუმის საბადოების ნაციონალიზაცია, თუმცა მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული გაეტანა ექსპორტზე, არ ჰქონია. სოციალ-დემოკრატები ცდილობდნენ მრეწველთა მოგების უმეტესი ნაწილი სახელმწიფოს ბიუჯეტში მოხვედრილიყო. ამის გამო მანგანუმის ექსპორტი სახელმწიფოს მონოპოლიად გამოაცხადა და ეს უფლება გადასცა სპეციალურად ამისთვის ჩამოყალიბებულ „ჭიათურის მარგანეცის საექსპორტო საზოგადოებას“ და მოითხოვა მისი მოგების 35%. მთავრობამ მოახდინა ასევე ტყიბულის მაღაროების ნაციონალიზაცია.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველ 7 თვეში სახელმწიფო შემოსავალმა შეადგინა 96 მლნ მანეთი ხოლო გასავალი 342 მლნ მანეთი. ფინანსური კრიზისი თანდათან კიდევ უფრო გამწვავდა_ კორუფცია აღმოცენდა. ამის საპასუხოდ, სახელმწიფომ გაზარდა ბიუროკრატია და შექმნა სახელმწიფო კონტროლის ინსტიტუტი. ირონია იყო ის, რომ კორუფციამ ამ უკანასკნელშიც შეაღწია.

1993 წელს აუცილებელი გახდა დროებითი ვალუტის შემოღება, რადგან ვერ ხერხდებოდა ფულის ნიშნების რუსეთიდან ჩამოტანა. საქართველოს მთავრობამ დაიწყო კუპონების გამოშვება. ეს იყო არაფრით გარანტირებული გადახდის საშუალება, რომელმაც იმთავითვე, სწრაფი ინფლაცია განიცადა და კიდევ უფრო დაამძიმე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის საშუალო ხელფასი 2-3 ამერიკული დოლარის ექვივალენტი იყო. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ მაინც შემცირდა. რეალურად, მოხდა ტრანსფორმაცია გეგმიური ეკონომიკიდან ჰიპერინფლაციაზე, სადაც მთავრობა გადასული იყო ვალების აღებაზე და არც კუპონიზაციას ჰქონდა დადებითი ეფექტი.

ეკონომიკური ღონისძიებათაგან ერთ-ერთი იყო ვაუჩერიზაცია, რომელმაც ნაცვლად მთლიანი ეკონომიკური წახალისებისა, გამოიწვია მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფების გამდიდრება. მოხდა ის, რომ ყოფილი კომუნისტები გახდნენ კაპიტალისტები, რომელთაც კონიუნქტურიდან გამომდინარე დანარჩენ მოსახლეობაზე მეტი წინაპირობა ჰქონდათ ეკონომიკური წარმატებისა. დაიშალა კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგდა პირად მფლობელობაში საკოლმეურნეო მიწები, თუმცა განსხვავებით პრივილეგირებული ჯგუფებისა ეკონომიკური წარმატება გლეხური მეურნეობისა ხელოვნურად განწირული იყო. იქმნებოდა ფიქტიური ბანკები, რომლებიც მალევე კოტრდებოდა და იხურებოდა. წარმატება იყო ის, რომ კუპონის ნაცვლად დამკვიდრდა ლარი.

90-იანი წლების ბოლოსკენ კი რუსეთში მომხდარმა დეფოლტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე. ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი ამისა კი იყო გაუფასურებული რუბლით აშშ-ს დოლარის ბანკონეტბის გატანა რუსეთში. ამას ასევე ემატებოდა იაფფასიანი ტვირთების იმპორტი, რამაც საბოლოო ჯამში ცუდი ზეგავლენა იქონია ლარის კურსზე და პრაქტიკულად, შეაჩერა ეკონომიკური რეფორმების გატარება.

XXI საუკუნის დასაწყისში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის დეკლარირებული, ფორმალური არჩევანი იყო სინგაპურიზაცია. ამ თვითგაცხადებული პოლიტიკის ბუნება, ნორმატიული გაგებით, დაახლოებით უნდა ყოფილიყო ახალი მემარჯვენე სტილის. საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას ამ პერიოდში, თუ განვიხილავთ ნეოლიბერალიზმის კონტექსტში, აღმოვაჩენთ ზოგიერთი ნეოლიბერალური ეკონომიკის ელემენტს, თუმცა ამის საპირწონედ, უამრავი ელემენტი იყო ანტინეოლიბერალური.

ნეოლიბერალური ეკონომიკის მახასიათებელი შეიძლება იყოს ეკონომიკური აქტივობების წახალისების მიზნით, საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, სოციალური გადასახადის გაუქმება, საგადასახადო წნეხის შემცირება, შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია. აღნიშნული პოლიტიკის შედეგი იყო საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2007 წლამდე 9.3%-ით, უცხოური ინვესტიციების ზრდა და საბოლოოდ გამოიკვეთა მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო ფენა საზოგადოებაში.

თუმცა ქართული ეკონომიკური პოლიტიკა ნეოლიბერალური ამ პერიოდში არ ყოფილა და ამას იწვევდა ბევრი გარემო ფაქტორი. უპირველეს ყოვლისა, თუ სახეზე იყო გარკვეული გადასახადების გაუქმება, ამის საპირწონედ დარჩენილი გადასახადების ნაწილი გაიზარდა. ასე, მაგალითად, თუ გაუქმდა სოციალური გადასახადი, საპირწონედ გაიზარდა ინდივიდუალური საშემოსავალო გადასახადი 12%-იდან 20%-მდე. თავისუფალი ბაზრის უპირველესი მტერი, როგორც წესი მონოპოლიებია. შეიძლება საკითხზე გაიშალოს დისკუსია, რამდენად იყო სასარგებლო ქვეყნის ეკონომიკისთვის ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება, მაგრამ როდესაც ქვეყნის შიგნით ჩნდება მონოპოლია/ოლიგოპოლია ეს თავისთავად ეწინააღმდეგება ნეოლიბერალურ პრინციპს, რამეთუ თვითონ თავისუფალ ბაზარს ექმნება არსებობის პრობლემები.

ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ნეოლიბერალიზმთან, არის კარტელური გარიგებების მფარველობა და კრონიზმის ელემენტების წარმოქმნა. როდესაც ბაზრის კონკურენციას კეტავს რამოდენიმე ეკონომიკური სუბიექტი, იქ ადგილი ექნება როგორც ფასების ზრდას პროდუქციაზე, ისე ექსპლუატაციას და სხვა პრობლემებს, რომლებსაც ახმაურებს მემარცხენე ტენდენცია. თუმცა არცერთი ზემოთ აღნიშნული ისე მძლავრად არ ეწინააღმდეგება თეზისს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა იყო ნეოლიბერალური, როგორც ფაქტები ბიზნესის დარეკეტებაზე. მთავრობის მიერ კერძო საკუთრების უფლების უგულებელყოფა და დარეკეტება არის ანტინეოლიბერალური.

2012 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოდის ახალი პოლიტიკური ძალა ეკონომიკური პოლიტიკა კვლავ იცვლის სახეს, იღებს რა, მემარცხენე-ცენტრისტულ ფორმებს. თუმცა, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში ამ შემთხვევაშიც ეკონომიკურ პოლიტიკას ჰქონდა ნარევი სახე. ერთ-ერთი კონცენტრაცია აღნიშნული პოლიტიკისა იყო ადგილობრივი მეწარმეობის წახალისება, სადაც თვითონ მთავრობა განსაზღვრავდა იმ კონკრეტულ მიმართულებებს, რაშიც უნდა მომხდარიყო სუბსიდირება.

2012 წლის შემდეგ სოციალური დაცვის პოლიტიკამ მიიღო უნივერსალური სახე, რაც აისახა მზარდ წნეხში გადასახადების გადამხდელთათვის. მართალია ბოლო წლებში უნივერსალური შეიცვალა მიზნობრივით, მაგრამ ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ ახალი ხელისუფლება მეტად ორიენტირებულია უფრო დიდ მთავრობაზე რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ნეოლიბერალური პოლიტიკის პრინციპებს. ბოლოს კი ვიტყვი იმას, რომ თანამედროვე ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაშიც კარტელური გარიგებების, ოლიგოპოლიების და მონოპოლიების ბევრი მაგალითი კვლავაცაა შემორჩენილი და სანამ აღნიშნული იარსებებს ლაპარაკი ნეოლიბერალური გარემოს არსებობაზე არასერიოზულია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG