Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქში უსახლკაროებისათვის კარვები დაიდგმება


უწყებათშორისმა ჯგუფის შეხვედრა
უწყებათშორისმა ჯგუფის შეხვედრა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილმა უწყებათშორისმა ჯგუფმა უსახლკარო ადამიანებისათვის დროებითი თავშესაფრის შექმნის შესახებ იმსჯელა და გადაწყვიტა, მოსალოდნელი ყინვების ფონზე, მიუსაფარი ადამიანების დასაცავად დედაქალაქში რამდენიმე ადგილას კარვები დაიდგას, სადაც ქუჩაში დარჩენილი ხალხი ღამეს გაათევს, გათბება, გამოიკვებება და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებასაც მიიღებს. ხელისუფლების განცხადებით, ეს მათი სამოქმედო გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც პრობლემის სწრაფად მოგვარებას და ზამთარში ფატალური შედეგების თავიდან აცილებას გულისხმობს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი სამოქალაქო აქცია და პეტიცია, თავშესაფრის გახსნის მოთხოვნით.

ერთი კვირის წინ ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც უსახლკაროთათვის თავშესაფრის გახსნას გეგმავდა, ერთი მიუსაფარი ადამიანის გარდაცვალების ცნობა გაავრცელა. გარდაცვლილი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. სოციალურ ქსელში ისევ გაჩნდა, თავშესაფრის გახსნის მოთხოვნით, სამოქალაქო პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც ხელისუფლებას ქუჩაში მცხოვრები ადამიანების გადარჩენას სთხოვდნენ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ „იდენტობას“, საპატრიარქოს კრიტიკული განცხადებების შემდეგ, მიუსაფარი ადამიანებისათვის თავშესაფრის გახსნაზე უარის თქმა მოუხდა, რის შემდეგაც ადამიანთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების
რამდენიმე ადგილი მოვძებნეთ და უახლოეს საათებში გადავწყვეტთ, სად განთავსდება თავშესაფარი. ძირითადად კარვებს დავდგამთ, სადაც 20 ადამიანი დაეტევა. იქ იქნება ის პირობები, რომ ყინვაში ადამიანებმა თავი შეაფარონ, გათბნენ, ჰქონდეთ საკვები...
დავით ნარმანია
ერთი ნაწილი ხელისუფლებას მუდმივად მოუწოდებდა თავად მიეხედა ამ პრობლემისათვის. 11 დეკემბერს ხელისუფლების უწყებათშორისი ჯგუფის წევრები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე კიდევ შეიკრიბნენ. გადაწყდა, რომ თბილისში, ერთ კონკრეტულ ადგილას (ადგილები ჯერ ზუსტდება), უსახლკარო ხალხისათვის ოც-ოცკაციანი კარვები დაიდგას, სადაც ქუჩაში მცხოვრები ხალხი გამოზამთრებას შეძლებს:

„რამდენიმე ადგილი მოვძებნეთ და უახლოეს საათებში გადავწყვეტთ, სად განთავსდება თავშესაფარი. ძირითადად კარვებს დავდგამთ, სადაც 20 ადამიანი დაეტევა. იქ იქნება ის პირობები, რომ ყინვაში ადამიანებმა თავი შეაფარონ, გათბნენ, ჰქონდეთ საკვები“, - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

მინისტრი ამბობს, რომ ზუსტი რიცხვი, თუ რამდენს დასჭირდება თავშესაფარი, გზადაგზა დადგინდება. ამ პროცესში ჩაერთვება საპატრულო პოლიციაც. როგორც ნარმანია აცხადებს, ინფორმაცია გროვდება რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებაც:

„მოვიძიეთ ინფორმაცია და ბათუმში, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არ არის, რადგან ქალაქის მერია ზრუნავს ამაზე. რუსთავსა და ქუთაისში ცოტაა ასეთი ადამიანი და ახლა ველოდებით დამატებით ინფორმაციას. შესაძლოა თავშესაფარზე მეტად მათ უფრო სხვანაირი დახმარება დასჭირდეთ - თბილი ტანსაცმელი, გასათბობი საშუალება და სხვა“.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ უტიაშვილის ინფორმაციით, თავშესაფრებთან განთავსდება სადღეღამისო სამორიგეო ამბულატორიული პუნქტი, რომელიც მიუსაფართა თავშესაფარში მყოფ პირებს დაეხმარება. ამავე უწყების სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია განმარტავს, რომ ეს არ იქნება ტიპიური თავშესაფარი, არამედ დროებითი ადგილი იმისათვის, რომ ადამიანი ღამით გარეთ არ გაიყინოს და მიიღოს მშრალი საკვები. სულ რამდენი ასეთი მიუსაფარია დედაქალაქში ან საქართველოს მასშტაბით, გია კაკაჩიას თქმით, დათვლილი არ არის:

„ვიცით, რომ 9 აპრილის ბარში რომ კარავი დგას, იქ, დაახლოებით, 20 ადამიანი ცხოვრობს. ზოგადად უსახლკაროების აღრიცხვა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია, ასეთი აღრიცხვა კი არ არსებობს. ეს პრობლემა ძირითადად დიდი ქალაქების პრობლემაა. მე მოვიძიე ინტერნეტში, რომ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბრიუსელი და ჰელსინკი, სადღაც 1000-1500 ადამიანამდე მერყეობს უსახლკაროთა რიცხვი. მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. კარვების პრობლემა ამ ეტაპზე არ დგას, დღესვე დაიდგმება რაღაცა რაოდენობა და მოთხოვნის შემთხვევაში დაამატებენ“.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, რომ მთავრობამ სამი ტიპის გეგმა შეიმუშავა. კარვების დადგმა გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია და სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული.
ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე

მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მათი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, თუმცა სამოქალაქო სექტორი მთავრობის კონტროლს კვლავაც გააგრძელებს:

„ჩვენ გვინდოდა საპილოტე თავშესაფარი გაგვეკეთებინა, რამდენიმე ათეულ ადამიანს რომ დავხმარებოდით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სახელმწიფოსთვის გამოცდილება გაგვეზიარებინა და მათი ყურადღებაც მიგვექცია ამ პრობლემაზე. ამას მივაღწიეთ“.

12 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი, მათ შორის „იდენტობაც“, ოფიციალურად დააფუძნებს უსახლკაროთა დახმარების ცენტრს, რომელიც დამოუკიდებლად გააკეთებს თავშესაფარს, გამოიკვლევს ამ პრობლემას და, რაც მთავარია, ამ კუთხით მთავრობას მუდმივად გააკონტროლებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG