Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი თეოდორე: შეიძლება ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია 


კათოლიკური ეკლესია თბილისში
კათოლიკური ეკლესია თბილისში

ვალეში, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთან, კათოლიკური ლოცვის წიგნებსა და ხატებს ცეცხლი წაუკიდეს. ადგილობრივთა განმარტებით, დამწვარი სიწმინდეები 12 მარტის საღამოს აღმოაჩინეს.

დამწვარი კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები

  • წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დამწვარი ადგილობრივებმა 12 მარტს, საღამოს, ნახეს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ვალეს პოლიციამ სსკ-ის 166 მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური საქმიანობისათვის ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.
  • დანაშაული ისჯება ჯარიმით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ვალეს კათოლიკური ტაძრის მრევლის წევრი ავთანდილ კაკაჩიშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი აშკარა ვანდალიზმი და ღია დისკრიმინაციაა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მომხდარის შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ განცხადებას საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

"ერთმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, რომ ვალეში, ერთ-ერთ პატარა სამლოცველოში, რომელიც გზის პირას დგას და იქ ინახება სხვადასხვა აღმსარებლობის ლოცვის წიგნები, ხატები, ჯვრები და ა.შ., რატომღაც კათოლიკური ლოცვის წიგნებსა და ხატებს ეკლესიის წინ ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. არ მინდა ცუდად ვიფიქრო ვინმეზე, არ მინდა, რომ ვინმეს შევეხო, მაგრამ, გამომდინარე რეალობიდან, სხვა გზა არ მრჩება გარდა იმისა, რომ ვიფიქრო ამ საქმის ჩადენის მიზანმიმართულებაზე. მე ვეძებე დამწვარ წიგნებსა და ხატებში, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის ქართული და სომხური წიგნები და ხატები იყო დამწვარი. მე ვიტყვი, რომ ეს არის აშკარა ვანდალიზმი და ღია დისკრიმინაციაა", – წერს სოციალურ ქსელში შოთა გიქოშვილი.

მომხდარი სამწუხარო ფაქტად მიაჩნია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ხელმძღვანელს. მიტროპოლიტი თეოდორე ფიქრობს, რომ მიზანმიმართულ ქმედებასთან ერთად საქმეში შეიძლება ყოფითი ხასიათის კრიმინალიც იკვეთებოდეს. მართლმადიდებელი მღვდელმთავარი არც იმას გამორიცხავს, რომ ვიღაცას ეს ხალხის დასაპირისპირებლად ჩაედინოს.

"ტაძარში იყო მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები. ჩვენ იქ არ შევდივართ, მხოლოდ ხალხი ლოცულობს. შეიძლება ეს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ჩაიდინა, ან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირებას ვერ გამოიწვევს. ხალხი გონიერია. მათ იციან, რომ ამას ჭკუათმყოფელი ადამიანი შეგნებულად არ იზამდა. რაც არ უნდა იყოს, ამ ფაქტს გამოძიება სჭირდება. სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, რა მოხდა. იყო შემთხვევები, როცა არა მარტო გაქურდეს ჩვენი ტაძრები, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს სიწმინდეებს. ვფიქრობ, ამას ადეკვატური პასუხის გაცემა სჭირდება, რომ არ გადაიზარდოს უმართავ პროცესებში“, – ამბობს მეუფე თეოდორე.

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ვალეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 13 მარტს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოს გვერდით კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის გამო ეპისკოპოსი მწუხარებას და აღშფოთებას გამოთქვამს და იმედი აქვს, რომ კომპეტენტური ორგანოები მომხდარს გულდასმით გამოიძიებენ. ვალეს მაჟორიტარი დეპუტატი კი ახალციხის საკრებულოში რადიო ,თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ მომხდარს მრევლში არანაირი დაპირისპირება არ გამოუწვევია და, ამის შესახებ დღეს უკვე აღარავინ ლაპარაკობს. გიორგი ზაქროშვილი ფიქრობს, რომ ხანძარი უბედურ შემთხვევას უფრო ჰგავს:

ტაძარში იყო მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები. ჩვენ იქ არ შევდივართ, მხოლოდ ხალხი ლოცულობს. შეიძლება ეს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ჩაიდინა, ან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირებას ვერ გამოიწვევს. ხალხი გონიერია...
მეუფე თეოდორე

"მოსახლეობასთან მქონდა საუბარი, არანაირი დისკრიმინაცია არ არის. ამ ფაქტს ვალელი ხალხი ერთნაირად გმობს. ალბათ, უფრო სანთლის გამო დაიწვა, ყოველ შემთხვევაში, არა მგონია ეს მიზანმიმართულად იყოს გაკეთებული. საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ მშვიდობით და ხალხში ამ ფაქტს ახლაც არაფერი გამოუწვევია და ამის შესახებ უკვე არავინ საუბრობს“.

წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დამწვარი ადგილობრივებმა 12 მარტს, საღამოს, ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ვალეს პოლიციამ სსკ-ის 166 მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური საქმიანობისათვის ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG