Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: მოსკოვი ცრუობს უკრაინის თაობაზე


ჯონ კერი
ჯონ კერი

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებისგან ზავის დარღვევის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ რუსეთი ცრუობს უკრაინის კონფლიქტში თავისი როლის თაობაზე.

კერის 24 თებერვალს რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა დაუსვა კითხვა, თვლის თუ არა ის, რომ რუსეთი „ცრუობს“, როცა ამბობს, უკრაინაში არ არიან რუსეთის სამხედროები და არ არის რუსული იარაღიო. კერიმ ამ კითხვას უპასუხა, „დიახო“.

ისინი სისტემატურად ავრცელებენ რეალობის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ან სიცრუეს - როგორც გსურთ, ისე უწოდეთ - [უკრაინაში] თავიანთი ქმედებების შესახებ...
ჯონ კერი

ვაშინგტონში, სენატის საფინანსო-საბიუჯეტო ქვეკომიტეტში გამოსვლისას, კერიმ დასძინა:

„რუსეთში ამჟამად დგას ძალიან თვალშისაცემი ფაზა - მიმდინარეობს ყველაზე ღია და მასშტაბური პროპაგანდა, რაც კი შემხვედრია ცივი ომის ინტენსიური პერიოდის შემდეგ. ისინი სისტემატურად ავრცელებენ რეალობის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ან სიცრუეს - როგორც გსურთ, ისე უწოდეთ - [უკრაინაში] თავიანთი ქმედებების შესახებ. ეს ჩემ წინაშეც მომხდარა, სხვების წინაშეც, ძალიან ბევრ ვითარებაში“.

კვირის ბოლოს კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართავს შეხვედრას.

მოსკოვი უარყოფს სეპარატისტების მხარდაჭერას უკრაინის აღმოსავლეთში - კონფლიქტში, რომელსაც, სულ მცირე, 5 700 ადამიანი ემსხვერპლა.

21 თებერვალს კერიმ განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ მსჯელობენ.

პარალელურად, უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის აღმოსავლეთში ქვეყნის არმიას და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს მოუწოდეს უერთგულონ მიმდინარე თვეში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებას.

ლორან ფაბიუსი
ლორან ფაბიუსი

24 თებერვალს, პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ერთობლივი განცხადება წაიკითხა - მან მხარეებს მოუწოდა „პირველ ეტაპზე სრული ზავი შენარჩუნდეს, შემდეგ კი დასრულდეს მძიმე შეიარაღების გატანის პროცესი“.

მაგრამ უკრაინის ჯარის მიერ 25 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას, თუმცა დარღვევის შემთხვევები ბოლო დღეებში შემცირდა.

25 თებერვალს უკრაინის ჯარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სეპარატისტებმა სოფელი პაპაიასნაია დაბომბეს და სოფელ შიროკინოში, ქალაქ მარიუპოლთან ახლოს, უკრაინის პოზიციებზე შეტევას განაგრძობენ. უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ ფრონტის ხაზიდან მანამდე არ გაიტანს მძიმე შეიარაღებას, სანამ ბრძოლა არ შეწყდება.

XS
SM
MD
LG