Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეზერაშვილის ექსტრადიციის დაბალი შანსი


დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი
საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელმაც საფრანგეთის მართლმსაჯულებას შესაბამისი მტკიცებულებები 40 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, საფრანგეთში დაკავებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციას ითხოვს. დავით კეზერაშვილი ინტერპოლის პარიზის ბიუროს თანამშრომლებმა ნიციდან მონაკოში მიმავალ გზაზე 14 ოქტომბერს დააკავეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულში ედება. ერთ-ერთი მათგანია რიყის გასხვისება და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელისათვის ჩამორთმევა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექსტრადიციისათვის საჭირო მასალების შეგროვება დავით კეზერაშვილის დაკავებისთანავე დაიწყო. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის საქართველოს მართლმსაჯულებისათვის გადაცემა საშური საქმეა:

„სულ ორი საქმეა: ერთი - ფულის გათეთრების, ხოლო მეორე - ბიზნესის მფარველობის კუთხით კორუფციის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიჩქარებთ იმისთვის, რომ ამ 40 დღეში საექსტრადიციო პროცედურები დასრულდეს, თუ არადა, მოთხოვნილი იქნება პატიმრობის გაგრძელება“.
დაკავების დეტალები არ ვიცი და არც შემიძლია ვთქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის სასამართლო, თუმცა ანალოგიის პრინციპით შემიძლია ვიმსჯელო, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს სახელმწიფოს ექსტრადიციაზე...
გიგი უგულავა

დავით კეზერაშვილის გვარს ხშირად ახსენებდნენ 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე. ლაპარაკია რიყის ზარალიან გასხვისებასა და კანონიერი მფლობელისათვის ტელეკომპანია „იმედის“ ჩამორთმევაზე, რომელშიც ბრალი, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, თბილისის მოქმედ მერსაც ედება. გიგი უგულავას თქმით, კეზერაშვილი ამ საქმეში მასთან მეგობრობის გამო ფიგურირებს:

„დაკავების დეტალები არ ვიცი და არც შემიძლია ვთქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის სასამართლო, თუმცა ანალოგიის პრინციპით შემიძლია ვიმსჯელო, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს სახელმწიფოს ექსტრადიციაზე. მეტიც: 1 ოქტომბრიდან დაახლოებით 30 პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე პირია, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებმა შეიფარეს“.

დღის განმავლობაში კომენტარი გააკეთა დავით კეზერაშვილის ადვოკატმაც. შოთა მინდელის თქმით, ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოდან გაგზავნილი ექსტრადიციის მოთხოვნის შინაარსსა და საფრანგეთის მართლმსაჯულებაზე:

„ზოგადი კავშირი არსებობს, მაგრამ, მთლიანობაში, ჯერია საქართველოს პროკურატურაზე. მან უნდა გადააგზავნოს ექსტრადიციის მოთხოვნა - რამდენად დაადასტურებენ და დაასაბუთებენ ისინი ექსტრადიციის, ანუ გადმოცემის, აუცილებლობას“.

იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას გაუჭირდება საფრანგეთის მართლმსაჯულების დარწმუნება დავით კეზერაშვილის გადმოცემის აუცილებლობაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას თქმით, არის ორი გარემოება, რომლებიც ექსტრადიციის ალბათობას ლამის ნულამდე ამცირებს.
ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია

„როგორც წესი, არ ხდება საქართველოში ექსტრადიცია, იმიტომ რომ ცუდი რეპუტაცია გვაქვს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. და კიდევ: კეზერაშვილი არის ისრაელის მოქალაქე, ისრაელს კი აქვს განსხვავებული პროცედურა - უფრო მეტად მფარველობს და იცავს თავის მოქალაქეებს, ვიდრე თუნდაც ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოები. ამიტომ არა მგონია, რომ მისი გადმოცემა მოხდეს. ეს დაკავება იქნება მოკლევადიანი, რის შემდეგაც გაათავისუფლებენ“, - უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

ლია მუხაშავრიას თქმით, ისედაც სახელგატეხილ საქართველოს მართლმსაჯულებას რეპუტაცია კიდევ უფრო მეტად შეულახა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმეების უხარისხო გამოძიებამ. და მაინც, საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმედოვნებენ, რომ საფრანგეთის მართლმსაჯულება უარს არ იტყვის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე. მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის თქმით, დაბრკოლება არ უნდა შექმნას კეზერაშვილის ორმაგმა მოქალაქეობამაც.

"მთავარია, იმ ქვეყნის მოქალაქე არ არის, სადაც მისი დაკავება მოხდა", - განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG