Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპტიმისტური რეიტინგი და ხანდაზმულთა საჭიროებები


1 ოქტომბერს, გაეროს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, HelpAge international-მა გლობალური agewatch ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის მიხედვით 96 ქვეყანაში აფასებს ხანდაზმულთა მდგომარეობას. რეიტინგში საქართველომ 28-ე ადგილი დაიკავა და, გასულ წელთან შედარებით, 9 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია.

2014 წლის agewatch-ის ინდექსში ნორვეგია ლიდერობს. რეიტინგის პირველ ათეულში მყოფ ქვეყნებს შორის არიან ასევე: შვედეთი, შვეიცარია, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, ისლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ახალი ზელანდია. ხანდაზმულთა მდგომარეობის მიხედვით, საქართველოს რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: სლოვაკეთი, მექსიკა, არგენტინა, პოლონეთი, იტალია, თურქეთი და ასე შემდეგ. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ავღანეთს აქვს, რომელსაც ბოლო, 96-ე, ადგილი უჭირავს. Help Age international-ის ანგარიშის მიერ განსაზღვრული რეიტინგების მიხედვით, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, თავისთავად, არ არის ხანდაზმული ადამიანების კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ აუცილებელია დაბერების პროცესის შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ექნება სამოქმედო დოკუმენტი, „გზამკვლევი დაბერების მეინსტრიმინგისთვის საქართველოში“, რომელიც ეყრდნობა მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმას და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის განხორციელების რეგიონალურ სტრატეგიას:

ლელა ბაქრაძე
ლელა ბაქრაძე

“ამ დოკუმენტზე მუშაობით სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აცნობიერებს დემოგრაფიული ტრანზიციის გარდაუვალ ტენდენციას, როგორიცაა დაბერება, და აცნობიერებს, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს პასუხი დემოგრაფიული მოვლენის მიმართ, რაც თხოულობს სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების მორგებას. სწორედ ასეთ რეკომენდაციებს იძლევა ეს გზამკვლევი, რომელიც ძალიან მალე იქნება დასრულებული“.

ლელა ბაქრაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზამკვლევს თავის სამოქმედო დოკუმენტად აქცევს და დაბერების მეინსტრიმინგის ადეკვატურ პოლიტიკას გაატარებს ყველა სფეროში, კერძოდ, ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მისცემს მათ საშუალებას შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები და განათლება, რათა მონაწილეობა მიიღონ შრომით ბაზარზე, დაბერების ბუნებრივ დემოგრაფიულ პროცესს მოარგებს სათანადო სოციალურ და ჯანდაცვით პროგრამებს და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ამ მხრივ არსებულ რეალობას, Help Age Internetional-ის მიერ წარმოებული კვლევის თანახმად, საქართველოში 60 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა 2014 წლისთვის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობის 20, 1 პროცენტს შეადგენს. 2014 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 19 პროცენტი, პენსიას იღებს 65 წელს გადაცილებული ადამიანების 89 პროცენტი, დასაქმებულია 55-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის 60,6 პროცენტი.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ფიქრობს, რომ Help age international-მა ხანდაზმულებისთვის ძალზედ ოპტიმისტური სურათი დახატა, მაშინ როდესაც რეალურ ცხოვრებასა და agewatch ინდექსს შორის სერიოზული დისონანსია:

“მოულოდნელი არის 28-ე ადგილი, რომელიც ფიქსირდება ამ რეიტინგში. ანუ საქართველო იკავებს 28-ე პოზიციას ხანდაზმული მოქალაქეების ცხოვრების დონის თვალსაზრისით და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, ლიტვა, უსწრებს ნახევარ ევროპას პრაქტიკულად. მით უფრო ეს არის გასაკვირი, როდესაც ვხედავთ, რომ „help age international”-ი ადგენდა ამ რეიტინგს კვლევის საფუძველზე და კვლევა ითვალისწინებდა 4 ძირითადი ცვლადის შესწავლას“.

უფრო მეტად სოციალური საკითხები გვაწუხებს - გაჭირვებულია ხალხი. 150 ლარი რა არის, ერთი მითხარით. მშიერ-მწყურვალები არიან, არაფერი შემოსავალი არა აქვთ. პენსიონერმა თავისი პენსიის ხარჯზე უნდა შეინახოს თავისი თავიც, ოჯახიც, შვილებიც და შვილიშვილებიც...
მერი სეხნიაშვილი

ცვლადები, რომლებზეც ვალერიან გორგილაძე მიუთითებს, არის გარანტირებული შემოსავლები, ანუ მატერიალური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თვითრეალიზების პოტენციალი და შესაბამისი საარსებო პირობები. სოციოლოგის აზრით, ყველა ამ კომპონენტით მდგომარეობა არასახარბიელოა, ისეთი ცვლადების შემთხვევაში კი, როგორიცაა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, დაავადებების გავრცელების ხარისხი, პენსიის მოცულობა და სხვა, სურათი გაცილებით მძიმე და რეალისტური იქნებოდა.

ხანდაზმულები კი თავიანთი ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას მეტ-ნაკლები აქტიურობით ცდილობენ. პენსიონერთა კავშირის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერი სეხნიაშვილმა, მაგალითად, მთავრობის სახელზე ხელმოწერების შეგროვების შესახებ გვიამბო:

“ჩვენ ჩამოწერილი გვაქვს ის პრობლემატური საკითხები, რაც გვაწუხებს. ვაკეთებთ პენსიონერების ხელმოწერებს და მერე შესვლა გვინდა მთავრობაში, რომ არა მარტო სიტყვით იყოს ეს ჩვენი მოთხოვნა, არამედ მივაღწიოთ იმას, რომ რაღაც სასიკეთო ძვრები იყოს პენსიონერებისთვის და არამარტო პენსიონერებისთვის. უფრო მეტად სოციალური საკითხები გვაწუხებს - გაჭირვებულია ხალხი. 150 ლარი რა არის, ერთი მითხარით. მშიერ-მწყურვალები არიან, არაფერი შემოსავალი არა აქვთ. პენსიონერმა თავისი პენსიის ხარჯზე უნდა შეინახოს თავისი თავიც, ოჯახიც, შვილებიც და შვილიშვილებიც“.

მანამდე კი, სანამ ხანდაზმულთა პეტიცია მთავრობაში შევა, მათ თავიანთ პრობლემებზე საუბარი სახალხო დამცველთან საგანგებო შეხვედრაზე ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, 1 ოქტომბერსაც, შეძლეს. სახალხო დამცველთან შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ომბუდსმენსა და პენსიონერთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

XS
SM
MD
LG