Accessibility links

3 იანვარს, დაახლოებით, საღამოს 19 საათისთვის, პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს ხანძარი გაუჩნდა. დამწვარია ერთ-ერთი ოთახის შესასვლელი კარი და იატაკის მცირე ნაწილი. კულტურის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი შეგნებულად, მათი საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით გააჩინეს. ამ ეჭვს ამყარებს შემთხვევის ადგილზე და მის მიმდებარედ დასხმული საწვავის ნაწილი და ჭურჭელი, რომლითაც საწვავი შენობაში შეიტანეს. მომხდარს ახმეტის რაიონული სამმართველო იძიებს, თავად დუისელებმა კი „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ სოლიდარობის, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით 4 იანვარს დუისში აქცია გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონული სამმართველოს ოპერატიული ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე, მართალია, შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ, მაგრამ იმ დროისათვის ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო. შენობა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა. შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო ცენტრის კომპიუტერების ოთახის კარისა და იატაკის დაზიანების გარდა, „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ მატერიალურ ზარალსაც გადაურჩა. როგორც ფონდის ერთ-ერთი თანამშრომელი, ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორი ლუიზა მუთოშვილი ამბობს, დარაჯი, რომელიც სავახშმოდ იყო გასული, დროულად დაბრუნდა და ცეცხლის ლოკალიზებაც შეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შიშობს, რომ შენობა მთლიანად დაიწვებოდა:

ნამდვილად მოვითხოვთ გამოძიებას. ნამდვილად მოვითხოვთ ამის დადგენას. ეს საზოგადოებრივი ცენტრი სასწავლო კულტურული ერთადერთი ცენტრი იყო პანკისის ხეობაში. ნამდვილად რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილიშვილებს, ჩვენს მომავალს ნამდვილად წაადგება და ნამდვილად გვჭირდება ჩვენც. ვის არ აწყობს, ჩვენც გვაინტერესებს...
თამარ მარგოშვილი

“შემთხვევით არ მომხდარა, იმიტომ რომ იქვე გდია ორი ათლიტრიანი „კანისტრა“, დაცლილია მთლიანად. მაღლა, მეორე სართულზე, კორიდორის ფანჯრებია შემტვრეული და იქაც შესხმულია მთლიანად საწვავი. ბუნებრივია, განზრახ გაკეთებულია. იქ შემთხვევით ამდენი საწვავი საიდან მოვიდოდა? ეს შემთხვევითი არ არის, რადგან შარშან, ახალი წლის ღამეს, - ძალიან დიდი ხანია, ხეობაში ასე არ აღვნიშნავდით ხოლმე ახალ წელს, - დაიდგა ნაძვის ხე პოლიციის შენობასთან და იმ ღამეს გადაწვეს ნაძვის ხე. ეს ერთი შემთხვევა იყო, მეორე შემთხვევა უკვე ეს არის და არ ვიცი, მოკლედ. ველოდებით გამოძიების დასკვნას“.

გამოძიება დუისის კულტურის სახლში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. შარშან დუისის ცენტრში მორთული ნაძვის ხის დაწვა კი გაუმართავ ელექტროობას დაბრალდა, თუმცა, ამის მიუხედავად, წელს, გამგებლის რწმუნებულის, თამარ მარგოშვილის, თქმით, საახალწლო ნაძვის ხის დადგმა მაინც ვერ გაბედეს. ახლა თამარ მარგოშვილი შარშანდელ შემთხვევითობასაც ეჭვქვეშ აყენებს და კულტურის სახლში გაჩენილი ხანძრის ფაქტის გამოძიების დასრულებას ელოდება:

“უახლოეს პერიოდში უნდა გამოიძიონ, უნდა დადონ შედეგი. თუ არადა, ფართომასშტაბიან აქციასაც... ამას ასე არ დავტოვებთ. ნამდვილად მოვითხოვთ გამოძიებას. ნამდვილად მოვითხოვთ ამის დადგენას. ეს საზოგადოებრივი ცენტრი სასწავლო კულტურული ერთადერთი ცენტრი იყო პანკისის ხეობაში. ნამდვილად რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილიშვილებს, ჩვენს მომავალს ნამდვილად წაადგება და ნამდვილად გვჭირდება ჩვენც. ვის არ აწყობს, ჩვენც გვაინტერესებს. ჩვენ თვითონ ჩვენი თვალით დავინახეთ, მეორე სართულზე ასულები ვიყავით, არც გვჯეროდა, ჩვენ თვითონ ჩვენი თვალით დავინახეთ, გუბეები დგას საწვავის. ფანჯრებიდან გადასულები არიან ოთახებში“.

დუისის სასწავლო ცენტრი ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც კულტურული და პროფესიული კურსები ფუნქციონირებს - მათ შორის, ცეკვისა და ხატვის წრე, კომპიუტერული სწავლების კურსი და სხვა. მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებელი პროექტები, რომლებშიც ახალგაზრდებისთვის არაერთი აქტივობაა გაწერილი. რეალურად ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს განათლების მიღება და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ათვისება შეუძლიათ. ცენტრში ემზადებიან აბიტურიენტებიც. მთლიანობაში, ხეობის 700-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს სასწავლო ცენტრის მომსახურებით. „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით დაარსდა და ფუნქციონირებს უხუცეს ქალთა საბჭო. თუმცა, როგორც ამ ფონდის ხელმძღვანელმა იზა ბექაურმა უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY-ს, ორგანიზაციის საქმიანობა ხეობაში ზოგიერთისთვის მიუღებელია. იზა ბექაური ამის დამადასტურებელ რამდენიმე შემთხვევასაც იხსენებს:

“ქალთა ძალადობის აქციას შევუერთდით ნოემბერში ჩვენც და ამ ფაქტის დროს იყო რაღაც გაღიზიანება ხალხისა. მარა იმის მერე ჩვენ შევხვდით მაგათ ლიდერებს და მეგონა, რომ ყველაფერი დაწყნარდა. ფეისბუკზე იყო მუქარები, რომ გაეთრიე პანკისიდან და შენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია და ასეთი რაღაცეები. დაახლოებით, ერთი რამდენიმე თვის წინ, როდესაც პირველად გავხსენით ცეკვის კურსი, მოგვივარდნენ და გვეჩხუბნენ, რომ ნუ უკრავთ და ნუ გამოდის ცენტრიდან მუსიკის ხმა. ჩვენ არც მაშინ არ მიგვიმართავს პოლიციისთვის. ეს, ალბათ, ჩემი ბრალია. არ მინდოდა, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დაწყნარდებოდა, მაგრამ...“

გუშინ განვითარებული მოვლენის შემდეგ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა...
ბექხან გარეულიძე

პანკისის სათემო რადიო “WAY”-სთან საუბარში „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი იზა ბექაური ვარაუდობს, რომ ხანძარი დუისის კულტურის სახლში სწორედ მის გაფრთხილებას და დაშინებას ემსახურებოდა. იგი ობიექტურ გამოძიებას და საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს ითხოვს და აღნიშნავს იმასაც, რომ მის წინააღმდეგ პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილის აგრესია განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მან მთავრობას სოციალური დახმარების დანიშვნის პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს.

ის, რომ იზა ბექაურისა და ხეობაში მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციის განცხადებას ცალკეულ შეთხვევებში სოციალური დახმარების არამიზნობრიობაზე მართლაც მოჰყვა დაძაბულობა ხეობაში, ადასტურებს პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან გარეულიძე.

დუისის კულტურის სახლში 3 იანვარს ხანძრის გაჩენის ფაქტს იგი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტმა ზიანი მიაყენა არა მარტო „კახეთის განვითარების ფონდს“, არამედ ხეობას, მთლიანად:

„ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში დანაშაული და კრიმინალი აღკვეთილიყო. ამ მიმართულებით თვალსაჩინო შედეგსაც მივაღწიეთ, მაგრამ გუშინ განვითარებული მოვლენის შემდეგ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა“, - ვკითხულობთ პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამის ბექხან გარეულიძის განცხადებაში, რომელსაც პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG