Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე - როდის დაიწყება ტყის აღდგენა


ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე
ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, 8 აგვისტოს ღამით გაჩენილმა ხანძარმა შერეული ტყის მასივი, დაახლოებით, 2 ჰექტარ მიწის ფართობზე გაანადგურა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს - ბოლო დროს გახშირებული ხანძრების ფონზე კი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ და რატომ გაჩნდა ფერდობზე ცეცხლის კერები.

გადმოწერა

დედაქალაქში, მთაწმინდის ფერდობზე, გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველო აწარმოებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია განმარტავს, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ „ვერსია ბევრია, თუმცა გამოძიება ყველაფერს დაადგენს“:

“გამოძიება დაიწყო 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას გაუფრთხილებლობით. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის, განმარტებით კი, ხანძრის პირველი კერები 8 აგვისტოს ღამით, სავარაუდოდ, ვერის სასაფლაოს მიმდებარედ გაჩნდა, შემდეგ კი ქარის გამო მთაწმინდის პარკის მიმართულებით გავრცელდა, თუმცა, საბოლოოდ, ზარალს გადაურჩა როგორც მოსახლეობა, ისე პარკი:

“დაახლოებით, არის 2 ჰექტრამდე დამწვარი. არის ძალიან რთული რელიეფი. იყო კლიმატური პირობებიც - მხედველობაში მაქვს ძლიერი ქარი. იქმნებოდა საშიშროება, რომ ხანძარი გავრცელებულიყო პარკის ტერიტორიაზე, ასევე მოსახლეობაში. მეხანძრეების მყისიერმა ჩარევამ, პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ მივიღეთ მინიმალური ფართობი და უმოკლეს დროში ხანძრის ლიკვიდაცია“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანახმად, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ჩაერთო. სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებას აძნელებდა რთული რელიეფი, თუმცა მეხანძრეებმა თავიანთი პროფესიონალიზმით ხანძრის გავრცელების საშიშროება დროულად აღმოფხვრეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობაც. ხანძარი, მთლიანობაში, თითქმის სამ საათს გაგრძელდა და პოლიტიკოსებისა და საზოგადოების განსაკუთრებული მობილიზებაც გამოიწვია. სკეპტიკოსებისთვის მთავარი შეკითხვა იყო ის, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული ვერტმფრენები ხანძრის ჩასაქრობად.

ამჟამად კი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის, გოგა წერეთლის, თანახმად, მიმდინარეობს მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტერიტორიის შესწავლა, რის შემდეგაც გაირკვევა, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი:

ხანძარის შედეგი
ხანძარის შედეგი

“ახლა ჩვენი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება-აღწერა. პირველადი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად ეს იყო ბალახზე და ბუჩქებზე გავრცელებული. დღეს, დღის განმავლობაში, მოხდება ტერიტორიის აღწერა, დაითვლება, თუ რამდენი ხეა დაზიანებული, რა მდგომარეობაშია ტერიტორია და შემდეგ ინფორმაცია მოგეცემათ და გავრცელებული იქნება“.

მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე კი ფიქრობს, რომ მთაწმინდის ფერდობზე შემოდგომაზე ახალი ნარგავები უნდა დაირგოს, დამწვარი ხეები კი, მეწყრული პროცესების თავიდან აცილების მიზნით, ტყის საფრის აღდგენის შემდეგ უნდა მოიჭრას. რაც შეეხება ჩანაცვლებას:

“ძირითადად გამოყენებული იყო შავი ფიჭვი და ჩანაცვლება უნდა მოხდეს ელდარის ფიჭვით და ფართოფოთლოვანი ხეები უნდა დაირგოს. მათ შორის ისეთი ხეები უნდა დაირგოს, როგორიცაა ნუშები, რაც ძალიან დამახასიათებელია ჩვენი გარემოსთვის. ვნახოთ. მთავარია, ფართოფოთლოვანები დავრგოთ და უნდა დაირგოს ისეთები, რომლებიც ნიადაგს გაამაგრებს“.

ნინო ჩხობაძე აქვე შენიშნავს, რომ გამწვანება ნახანძრალ ტერიტორიაზე გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაიწყო და წიწვოვანი ხეების უმრავლესობა ხანძრის დროისთვის თითქმის გამხმარი და ამორტიზებული იყო.

XS
SM
MD
LG