Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო ხარვეზები დევნილთა დასახლებებში


ფოთის დევნილთა დასახლება
ფოთის დევნილთა დასახლება

ზუგდიდში ლაღიძის ქუჩისა და ფოთში ახალი რაიონის დევნილთა დასახლებებში არსებული სამშენებლო ხარვეზების, ამით შექმნილი ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს შესახებ და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში.

შეხვედრაზე მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, აფხაზეთის მთავრობისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებს მოუწიათ.

გადმოწერა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდში ლაღიძის ქუჩის დასახლებას, სადაც მცხოვრები 1 200 ოჯახი ამ დრომდე არ არის დარწმუნებული, რომ სუფთა წყალს სვამს. კორპუსის მობინადრეებმა განაცხადეს, რომ ორი წელია, რაც ამ ბინებში ჩაასახლეს და ამ ხნის მანძილზე სუფთა წყლის მიწოდება მოუგვარებელ პრობლემად იქცა.

„ყველაფერი არასწორად არის გაკეთებული. ფეკალურმა მასამ გაჟონა, იმიტომ იყო ხალხის მოწამვლაც. ახლაც ის კომუნიკაცია დევს იქ. ახალი არაფერი არ გამოცვლილა, მარტო ჭაბურღილი გათხარეს. ყოველდღე ვიწამლებით, ხალხო! გამოიყოს კომისია. სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულია ჩადენილი“, - აცხადებს ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრები ინეზა ფარულავა.

დევნილებმა, ისევე როგორც საია-ს წარმომადგენლებმა, ყურადღება გაამახვილეს მაღალი ტენიანობისა და სამშენებლო ხარვეზების გამო შექმნილ პრობლემებზე. თქვეს, რომ შენობების კედლების ნაწილზე წყალი ჟონავს, ობის გამო კი ოთახები ნადგურდება, დგას მძაფრი სუნი, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

დევნილების საპასუხოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლობის თანამშრომელმა მორის შოგირაძემ აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა განსახლების პრობლემის მოგვარების მიზნით დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ამ პროცესში ხარვეზების არსებობა ბუნებრივია:

„ხარვეზი მომავალშიც იქნება, იმიტომ რომ უხარვეზოდ გამორიცხულია. რადგან ფართების ნაკლებობაა, დევნილთა სამინისტრო იძულებულია ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმუშაოს და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს დევნილების ფართით დაკმაყოფილება. რაც შეეხება ნესტს, დასავლეთ საქართველოში ეს პრობლემა, ფაქტიურად, აღმოუფხვრადია. მეც გამაჩნია ოჯახში სინესტის პრობლემა“.

დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ გერგედავას განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, აღნიშნულ დასახლებაში დამატებით ადგილი გვაქვს მშენებლობისას ჰიდროიზოლაციის დარღვევასთან, რის გამოსწორებაც შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება საჭირო ფინანსების უქონლობის გამო.

„კანალიზაციის სისტემაში, მე მგონი, არის შეცდომა. თვითონ „წყალკანალის“ წარმომადგენლებიც ამას მიუთითებენ. აქ პრობლემა არის არა მილების დიამეტრში, არამედ ფეკალური მასების გადამქაჩის სიმძლავრე არ ყოფნის ამ დასახლებას. უნდა შეიცვალოს უფრო მძლავრით, ანდა პირდაპირი ჩადინების გზითაც შესაძლებელია გაკეთდეს“, - ამბობს ზურაბ გერგედავა.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქში ახლა ასრულებს წყლის მილების დაქსელვით სამუშაოებს, რის შემდეგაც შესაძლებელია ამ დასახლების ქსელში ჩართვა, რითაც ეს პრობლემა მოიხსნება.

დევნილებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ მათი პრობლემები კვლავ ღია რჩება და კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. მათ ნაწილობრივ დაეთანხმა საია-ს იურისტი, ჯემალ ჭკადუა:

„სინესტესთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გამოვიდა, რომ ეს ამ ეტაპზე მოგვარებადი არ არის. რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემებს, ესეც, ანალოგიურად, დიდ თანხებთან არისო დაკავშირებული და მოგვარებადი არ არის“.

საია აპირებს ლაღიძის დასახლება მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში იყოლიოს.

ზუგდიდის ახალ უბანში სასმელი წყლით მოწამვლის პირველი შემთხვევა გასული წლის 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მაშინ სულ 111 მცხოვრები დაავადდა. პრობლემის დაფიქსირების შემდეგ დასახლებაში ახალი ჭაბურღილი გაითხარა, თუმცა, დევნილების თქმით, ამით პრობლემა არ გადაჭრილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG