Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხეების ჭრის სტატისტიკა და მშენებლობები თბილისში


გასულ წელს საზოგადოების საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ყაზბეგის გამზირზე სახლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხეების მასობრივად ჩეხვის ფაქტი. მანამდე და შემდეგაც არაერთხელ გაჩენილა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ეწირება თუ არა სამშენებლო ინტერესებს ქალაქის მწვანე გარემო. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ შეისწავლა ხეების ჭრის სტატისტიკა და ეკონომიკურ მოგებასთან მისი კავშირი.

გადმოწერა

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ 583 ნებართვა გაიცა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.

მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოს ჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ 1 947 282 ლარი მიიღო, რაც წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 2011 წელს – 46,844 ლარი, 2012 წელს – 89,836 ლარი, 2013 წელს – 184,207 ლარი, 2014 წელს – 263,813 ლარი, 2015 წელს – 695,804 ლარი, 2016 წელს (5 სექტემბრის მდგომარეობით) – 666,778 ლარი.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვების სტატისტიკას, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, 2011 – 2016 წლებში (28 აგვისტოს ჩათვლით) გაიცა სულ 1,747 ნებართვა საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზე.

”ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა 2011 წელს - 375. 2012 წელს ეს რიცხვი 142-მდე შემცირდა, თუმცა 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2015 წელს მათი რიცხვი 334-ს გაუტოლდა. 2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით (255 ნებართვა) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ზემოთქმულის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დეტალურად უნდა გაიწეროს ის პროცედურა და უფლებამოსილი ორგანო, რაც ხეების შეფასებასა და მოჭრის ნებართვის გაცემას უკავშირდება“, ვინაიდან არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თუ რამდენად საფუძვლიანად ხდება ხის დაავადებულად შეფასება.

XS
SM
MD
LG