Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელყუმბარა თუ დისტანციური მოწყობილობა?


იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შეგდეგად დაიღუპა 2015 წლის 20 იანვარს
იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შეგდეგად დაიღუპა 2015 წლის 20 იანვარს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ყოფილ პოლიციელ გიორგი სოსანაშვილს, რომელსაც ბრალი ედება იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მკვლელობა ჩადენილი იქნა განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელმაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თუმცა, ბრალდების დამძიმების პასუხად, გიორგი სოსანაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და რომ საქმეში არსებული ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება - ხელყუმბარის ფალია - დანაშაულის ადგილზე მკვლელობის შემდეგ იქნა მიტანილი. რამდენად საფუძვლიანია პროკურატურისა და ადვოკატის არგუმენტები?

2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დანაშაულში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ახალი გარემოებები აღმოჩენილი იქნა იმ პირთა დაკითხვის შედეგად, რომლებიც 20 იანვარს შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ:

„დეტალურად აღუწერეს გამოძიებას, თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან. ასევე, გამოძიების მიერ დაიკითხნენ შემთხვევიდან მოკლე პერიოდში ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები, დაზარალებულის უფლებამონაცვლე და იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები. გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც გამოიწვია ბრალდების დამძიმება“.

თუმცა, პროკურატურის პასუხად, ბრალდებულ სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული, ბრალის დამძიმება კი, სრულიად უსაფუძვლოდ, დაზარალებული მხარის გულის მოსაგებად მოხდა. ადვოკატმა 18 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ გამოძიების მასალებში არსებული მთავარი ნივთმტკიცება - ბრალდებულ სოსანაშვილის დნმ-ის კვალი რუსული წარმოების ხელყუმბარის ფალიაზე - გაყალბებულია:

„გატყორცნილ ხელყუმბარას შესაძლოა 10-12 მეტრში ძვრებოდეს ფალია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გატყორცნას ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, იქ დნმ-ის კვალს კი არა, ფალიასაც ვერ აღმოაჩენდნენ“.

ადვოკატ სოსო ჯოგლიძის თქმით, ასევე დაეჭვების საფუძველს იძლევა ინგლისური წარწერა რუსული წარმოების ხელყუმბარის ფალიაზე:

„არ არსებობს პრაქტიკაში რუსული წარმოების ხელყუმბარა ინგლისური წარწერით! ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხელყუმბარით არ არის აფეთქებული. ეს ნიშნავს, რომ მერეა დადებული ფალია, რომლითაც ვითომდა აფეთქდა ხელყუმბარა. ამის გამო მაქვს ეჭვი, რომ აფეთქება შესაძლოა მოხდა დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც შესაბამის სპეცდანაყოფებს გააჩნიათ“.

ადვოკატ სოსო ჯოგლიძის ამ არგუმენტების გაბათილება სცადა იური ვაზაგაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა ზაზა ალთუნაშვილმა, რომელმაც მკვლელობიდან რამდენიმე საათში დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ის ასევე აკვირდებოდა ექსპერტ-კრიმინალისტებისა და სასამართლო ექსპერტების მუშაობას, ნივთმტკიცებების მომზადებას, საბრძოლო მასალის ექსპერტიზას და გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული უცხო ფრაგმენტების გამოკვლევას - ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი ასკვნის:

„დისტანციური მართვის დამახასიათებელი თანმხლები დეტალები აღმოჩენილი ვერ იქნა. ეს იყო მომხდარი მაინიცირებელი საშუალებით. გამოყენებული იქნა ე.წ. რუსული УЗРГМ ტიპის აფეთქების საშუალება, ე.წ. ფალია. ამიტომ ის, რომ მასზე წარწერა (УЗРГМ ) გაკეთებულია ინგლისურად, სულაც არ ამტკიცებს იმას, რომ ხელყუმბარა F1 არ იყო|“.

გარდა ამისა, იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ, დნმ-ის ანალიზის გარდა, გამოძიებას შეკრებილი აქვს სხვა არაერთი მტკიცებულება:

„მოწმეთა ჩვენებები, დოკუმენტალური მტკიცება, მისი მიმოწერები სოციალურ ქსელში, შსს-ს საიტზე მისი გადამოწმებები, მისი განთავისუფლებები სამსახურიდან, მისი გზა, თუ როგორ და სად დადიოდა - ყველაფერი ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები“.

ამ და სხვა არგუმენტებით დაზარალებულისა და ბრალდებულის ადვოკატები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 28 მაისს წინასასამართლო სხდომაა დანიშნული.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG