Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა მანჩესტერში


მანჩესტერის არნდეილის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
მანჩესტერის არნდეილის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია

ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა მანჩესტერში წუხელ მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.​

გადმოწერა

ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ საკუთარ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელი მისი ერთ-ერთი წევრი იყო. „ხალიფატის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შეიტანა ბომბი ხალხში“, - იუწყება ექსტრემისტული დაჯგუფების საიტი, რომელიც შეიცავს მუქარას შემდგომი თავდასხმების შესახებ.

„პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა იციან თავდამსხმელის ვინაობა, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია მისი ვინაობის გამჟღავნება“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია მანჩესტერში წუხელ მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო.

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მომენტში, რომლის ეპიცენტრიც დარბაზის ფოიე გახლდათ, „მანჩესტერ-არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს, კონცერტი. დაღუპულთა შორის თექვსმეტ წლამდე ასაკის 12 მოზარდია.

მანჩესტერში საკონცერტო დარბაზში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებული სამეფოს ხალხს. ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი, უდანაშაულო ადამიანი, ცხოვრებითა და სიცოცხლით რომ ხარობდნენ, ცხოვრებისგან გაბოროტებულმა ხელმოცარულებმა დახოცეს. მე არ ვუწოდებ მათ მონსტრებს, რადგან ძალიან სურთ, რომ ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ. იფიქრებენ, რომ ეს მათთვის საპატიო სახელია. ამიერიდან მე მათ ვუწოდებ ხელმოცარულებს. ისინი ხელმოცარულები არიან და, დაიმახსოვრეთ, კიდევ უფრო მეტად იქნებიან ხელმოცარულები“, - განაცხადა 23 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დღესვე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი მანჩესტერში მდებარე არნდეილის სავაჭრო ცენტრთან, სადაც, თვითმხილველთა ინფორმაციით, მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. „როიტერის“ ცნობით, პოლიციამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია სავაჭრო ცენტრის მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან და ოფისებიდან. არნდეილის სავაჭრო ცენტრი მანჩესტერში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო დაწესებულებაა. პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. მოგვიანებით სავაჭრო ცენტრმა მუშაობა განაახლა, თუმცა მანჩესტერი, მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების მომეტებულ პირობებში განაგრძობს ცხოვრებას.

„ეს არის ერთ-ერთი უსაშინლესი ინციდენტი, რაც კი ოდესმე მომხდარა გაერთიანებულ სამეფოში. და მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერს პირველად არ უხდება ამის გადატანა, ეს არის ერთ-ერთი საშინელი თავდასხმა, რაც კი ამ ქალაქში მომხდარა და ყველაზე უფრო საშინელი, რაც კი თავს დასტყდომია ჩრდილოეთ ინგლისს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს ხელისუფლების სახელით მიუსამძიმრა.

მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო, საარჩევნო კამპანია შეაჩერეს ბრიტანელმა კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა და 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG