Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმატური ცვლილება და ვერცხლისწყლის დონე ზღვაში


ანტარქტიდა
ანტარქტიდა

კლიმატური ცვლილებების შედეგად სანაპირო წყლების ამღვრევამ შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს ზღვის ცხოველებში ტოქსიკური ვერცხლისწყლის შემცველობა და, შესაბამისად, გამოიწვიოს ადამიანის საკვების დაბინძურება.

გადმოწერა

2100 წლისთვის შესაძლოა წვიმების ციკლების დარღვევის გამო 10%-40%-ით გაიზარდოს სანაპირო წყლებში გახრწნილი ორგანული ნარჩენების მოცულობა. მეცნიერთა თქმით, ამან ზღვის ეკოსისტემების წონასწორობა შეიძლება დაარღვიოს კვების ქსელის ქვედა საფეხურებზე. მათი აზრით, წონასწორობის დარღვევის შედეგად, სულ მცირე, ორჯერ შეიძლება გაიზარდოს მიკროსკოპულ ზოოპლანქტონებში ვერცხლისწყლის შემცველობა.

ქვედა დონეზე ვერცხლისწყლის სიჭარბე შეიძლება აისახოს მთელ კვების ქსელზე და მიაღწიოს თევზს, რომლითაც ადამიანი იკვებება, გვაფრთხილებს შვედი ბიოქიმიკოსი უმეოს უნივერსიტეტიდან, ერიკ ბიორნი. ვერცხლისწყალს ადამიანი და ცხოველები იოლად ითვისებენ, რამაც შეიძლება თანდაყოლილი დეფექტები, თირკმლის დაზიანება და სხვა დაავადებები გამოიწვიოს.

ინდუსტრიული რევოლუციის დაწყების შემდეგ ადამიანის ზემოქმედებით, განსაკუთრებით ნამარხი საწვავის გამოყენებით, გასამმაგდა ოკეანის ზედა ფენებში არსებული ვერცხლისწყლის დონე. ადამიანისავე ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების შედეგად ირღვევა წვიმების ციკლები, ზღვებში ჩადის უფრო მეტი წყალი, მათ შორის გახრწნილი ორგანული ნარჩენების შემცველი წყალი.

ბიორნმა და მისმა კოლეგებმა წყლის დაბინძურების სიმულაცია ჩაატარეს. ექსპერიმენტისას მათ დიდი ავზები გაავსეს ზღვის მიკრობებით და მეთილის ვერცხლისწყალი დაამატეს. იმ ავზებში, რომლებიც გახრწნილი ორგანული მასალით იყო ამღვრეული, აღინიშნა ეკოსისტემის ცვლა სინათლის მოყვარული ფიტოპლანქტონიდან სიბნელის მოყვარულ ბაქტერიებამდე, რომლებიც გახრწნილი ნივთიერებით იკვებებიან.

ფიტოპლანქტონი მასზე მაღალ დონეზე მდგარი ზოოპლანქტონის საკვებია. ზოოპლანქტონი ასევე იკვებება ბაქტერიებით, ოღონდ გაშუალებული გზით - ჯერ ბაქტერიებს მიირთმევენ უმარტივესნი, უმარტივესებს კი ზოოპლანქტონები შეექცევიან. ამ გზით ბაქტერიებში დაგროვილი ჭარბი ვერცხლისწყალი აღწევს ცოცხალ ორგანიზმებში, რომლებიც ზღვის ცხოველების ერთ-ერთი მთავარი საკვებია. მეთილის ვერცხლისწყალი კვების ჯაჭვის ყოველ საფეხურთან ერთად მატულობს. ჩატარებული ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ჯაჭვში უმარტივესთა ჩართვა 100%-600%-მდე ზრდის ამ სისტემაში ვერცხლისწყლის რაოდენობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ პლანქტონით თევზი იკვებება, ადვილი წარმოსადგენია, რას უქადის ეს ადამიანს.

ვერცხლისწყლით დაბინძურების შეზღუდვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ემისიის შემცირება. ამიტომ, მიკრობიოლოგების აზრით, ერთი მხრივ, საჭიროა ემისიის კონტროლი, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია კლიმატური ცვლილებების ფაქტორის გათვალისწინებაც.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG