Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მისია ქაბულში, ნატოს მთავარ შტაბში


რომან კუპკა (მარცხნივ) და კობა ლიკლიკაძე ქაბულში
რომან კუპკა (მარცხნივ) და კობა ლიკლიკაძე ქაბულში

ქაბულის ცენტრში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარ შტაბში, ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის მუშაობა იოლი რომ არ იქნებოდა, იმ წუთიდანვე ნათელი გახდა, რაც მე და ჩემმა კოლეგამ, ოპერატორმა რომან კუპკამ ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მოვირგეთ და აეროდრომის წინ, შვეულმფრენების მოლოდინში გამწკრივებულ სამხედროებს შევუერთდით. რომანი გამოცდილი ოპერატორია, მრავალი წელი ჩეხეთის ტელეკომპანია „ნოვაში“ მუშაობდა და ერთხელ უკვე ნამყოფია ავღანეთში, საიდანაც ამ ოთხი წლის წინ რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა ჩეხეთის სამხედრო კონტინგენტის ცხოვრებაზე. სანამ შვეულმფრენებს ველოდებით, რომანი დროს არ კარგავს და ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე ნატოს საკონსულტაციო ცენტრის საავიაციო სექტორში დაშვებული ამერიკული „ბლეკჰოკებისა“ თუ ბრიტანული „პუმების“ შორი ხედით გადაღებას იწყებს.

ასეთ გადაღებას ნატოს სარდლობა არ კრძალავს. ოღონდ მთავარია, ვიდეო- ან ფოტოკამერამ არ დააფიქსიროს მფრინავის ან შვეულმფრენში მჯდომი სპეცრაზმელის სახე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსტრემისტების უმთავრეს სამიზნეს სწორედ ის გამოცდილი სამხედრო მფრინავები წარმოადგენენ, რომლებიც სადაზვერვო ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში ანადგურებენ თალიბანისა თუ სხვა დაჯგუფებების მოძრავ კოლონებსა თუ სამხედრო განლაგებებს.

ქაბულის „მწვანე ზონაში“ მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბსა და ამავე მისიის წვრთნის, კონსულტაციისა და დახმარების სამეთაურო შტაბს სულ ათი კილომეტრი აშორებს ერთმანეთს, მაგრამ, საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით, ნატოს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის გადაადგილების უსწრაფესი და ყველაზე უსაფრთხო საშუალება სწორედ შვეულმფრენია.

ჩვენ წასაყვანად ამჯერად „პუმა“ მოფრინდა. მე და რომანს, რომლებსაც ქართული სამხედრო-სამრეწველო ცენტრ „დელტის“ წარმოების ჯავშანჟილეტები გვაცვია, გვიჭირს შვეულმფრენზე ტელეკამერის, შტატივის, კომპიუტერისა და ზურგჩანთების ათრევა. ვგრძნობ, რომ მოკლე, ჭიპამდე ჯავშანჟილეტში სასაცილოდ ვჩანვარ. მხოლოდ იმის წარმოდგენა მამშვიდებს, რა მძიმე იქნებოდა ჩემი ზომის ჯავშანჟილეტი.

ვისაც ამერიკული თუ ბრიტანული შვეულმფრენებით ავღანეთსა თუ ერაყში ათი წუთი მაინც უფრენია, დამეთანხმება, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში არავინაა იმაზე უფრო ძვირფასი და ახლობელი, ვიდრე სამხედრო მფრინავი და ის ბორტ-მეტყვიამფრქვევე, რომელიც ჯერ შვეულმფრენში ასვლაში გეხმარება და შემდეგ, მთელი ფრენის განმავლობაში, ტყვიამფრქვევის სახელურსაა ჩაბღაუჭებული, რათა ეკიპაჟსა და მგზავრებზე ქვემოდან შესაძლო თავდასხმა მოიგერიოს.

აფრენიდან სულ რაღაც ხუთ წუთში ჩვენი „პუმა“ დაეშვა ქაბულის ცენტრში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბის წინ, შვეულმფრენებისათვის გამოყოფილ ბაქანზე. ამ ხუთ წუთში გადავუფრინეთ ქაბულს და შვეულმფრენის ღია კარებიდან რამდენიმე სურათი გადავუღე უძველეს ქალაქს, რომლის შუაგულშიც განთავსებულია კოალიციური ძალების მართვის მთავარი შტაბი.

ამ ბასტიონს რამდენიმე ფენად აქვს შემოვლებული ბეტონის ფილებისაგან აგებული მაღალი გალავანი, რომელმაც, თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის შემთხვევაში, 900 კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტის აფეთქებას უნდა გაუძლოს.

სხვათა შორის, 20 აპრილს ნატოს მთავარი შტაბიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანით მოაწყო მძლავრი აფეთქება, რომელსაც, სულ ცოტა, 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„ჩვენი სათვალთვალო კოშკიდან ვხედავდი, მაშველებს ნანგრევებიდან როგორ გამოჰყავდათ დაჭრილები, როგორ აგროვებდნენ დახოცილთა სხეულის ნაწილებს. ჩვენმა მებრძოლებმა სასწრაფოდ გააძლიერეს დაცვა შტაბის გარე პერიმეტრზე“, – მიყვება საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის მეთაური, კაპიტანი კახა შპეტიშვილი.

ეს ოფიცერი 30 წლისაც არ არის და უკვე მესამედაა ავღანეთში. 2013 წელს კაპიტანი შპეტიშვილი ჰელმანდის პროვინციაში იყო და თავის ასეულთან ერთად საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის ფარგლებში. სამი წლის წინ, მაის-ივნისში, თალიბებმა სწორედ 42-ე ბატალიონზე მოაწყვეს ორი მსგავსი თავდასხმა, რომელთა შედეგადაც დაიღუპა ათი ქართველი ჯარისკაცი. კახა შპეტიშვილი მიყვება ამ საზარელი თავდასხმების ზოგიერთ დეტალს, რაც ჩემთვის მეტნაკლებად ცნობილი იყო. მაგრამ, როდესაც ამ ამბავს ქაბულში ვისმენდი, თვალწინ დამიდგა ჰელმანდის გადახრუკული პროვინცია, ე.წ. „წითელი გზა“ და მის მახლობლად მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელსაც სამი წლის წინ თვითმკვლელმა მოიერიშეებმა ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სატვირთო მანქანები დააჯახეს.

ორ კვირაში ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბის სკვერში, გაიხსნება ბოლო წლების განმავლობაში ავღანეთში დაღუპული 31-ივე ქართველი ჯარისკაცის მემორიალი. ქართველი სამხედროების ასეთი ჩანაფიქრის განხორციელებას უყოყმანოდ დათანხმდა ნატოს ამერიკული სარდლობა, რომელიც აფასებს და ენდობა ერაყსა თუ ავღანეთში, კოალიციური ძალების რიგებში 13-წლიანი საბრძოლო გამოცდილების მქონე ქართველ ჯარისკაცებს. ამ ნდობის გამოხატულებაა ისიც, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთლიანად 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ჯარისკაცებს ევალებათ. ქართველი ჯარისკაცები მთელი ნატოს შტაბის გენერალიტეტისა და აქ ჩამოსული ყველაზე საპატიო სტუმრების უსაფრთხოებას იცავენო, მეუბნება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ალექს ფინკი.

სწორედ ქართველ ჯარისკაცებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ნატოს მისიის ცენტრალური შტაბის ტერიტორიაზე ჩვენ არა მხოლოდ ვიხილეთ, არამედ მაქსიმალურად შევძელით კიდეც იმ ყველაფრის გადაღება, რის ფირზე აღბეჭდვაც დაშვებულია ამ ყველაზე უფრო გასაიდუმლოებული სამხედრო ბასტიონის შიგნით.

და, ცხადია, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ავღანეთში ქართული კონტინგენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიცრებს (ორ ლევანს), რომლებიც ყველა საკითხის მოგვარებაში გვეხმარებიან.

ამ სტრიქონებს უკვე ბაგრამში ვწერ, სადაც ქაბულიდან 20 წუთის ფრენის შემდეგ, მე და რომან კუპკა 29 აპრილს, ამჯერად უკვე ამერიკული „ბლეკჰოკით“ ჩამოვფრინდით.

აქ, ქაბულიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ფარვანის პროვინციის მთავარ ქალაქში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის უდიდეს საავიაციო ბაზაზე, არანაკლებ რთულსა და საპასუხისმგებლო ამოცანებს სრული შემადგენლობით ასრულებს კიდევ ერთი ქართული ქვედანაყოფი, 52-ე ბატალიონი. მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბრებ, რადგან სულ მალე ყველანი ერთად წავალთ ბაგრამის ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის საველე ეკლესიაში, სადაც აქ მყოფი ყველა მართლმადიდებლისათვის სააღდგომო წირვასა და ლიტურგიას ჩაატარებს ქვედანაყოფის სამხედრო მოძღვარი, მამა ზაქარია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG