Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი?


ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ულტიმატუმისათვის ვერ გაიმეტა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გადადგომა მას თავდაპირველად მხოლოდ მეგობრულად ურჩია. 3 ოქტომბერს კი „რჩევა“ კერძო მოსაზრებამდე დაიყვანა და შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტთან გამართავს კონსულტაციას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების მიზნით. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამით საქართველოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება და შევეცდები დავასაბუთო, რატომ ვფიქრობ ასე.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ, ორკვირიანი კონსულტაციის შემდეგ, ყველა მინისტრის, მათ შორის, ე.წ. ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელების პორტფელებს გამარჯვებული ძალა, კოალიცია „ქართული ოცნება“, მოითხოვს. თეორიულად, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება და მოითხოვოს სამი მინისტრის - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების - პოსტების შენარჩუნება, რასაც, როგორც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის განცხადებებიდან ჩანს, უსათუოდ მოჰყვება მტკიცე უარი და შემდგომი სახელისუფლო კრიზისი, რის შექმნაც, თავის მხრივ, აწ უკვე ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეკლარირებულ გეგმებში აღარ შედის. და რომ შედიოდეს კიდეც, ასეთი სიჯიუტით დამარცხებული მმართველი გუნდი კიდევ უფრო გაიუარესებს მდგომარეობას: პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდება, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ადმინისტრაციულძალაგამოცლილი „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებ ადგილს მიიღებს და, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სივრციდან.

თუმცა ვითარება უკეთესი არც მაშინ იქნება, თუ პრეზიდენტი მიიღებს გამოწვევას და პარლამენტში დასამტკიცებლად ხელს მოაწერს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტის სიით შემადგენლობას.

აი, აქ კი ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი და არც ერთი არ ჰპირდება სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის „უღრუბლოდ“ ამოწურვას.

არავინ იცის, რა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: კოალიციის ლიდერმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მართლა წარადგინა გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე დღეში დატოვებს საპატიმროს კედლებს. ცხადია, სააკაშვილი კატეგორიულ უარზეა, იმუქრება სახელისუფლო კრიზისით, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდება მიიღოს იმ გენერლის კანდიდატურა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ უწოდა „კრიმინალების, ადამიანთა გამტაცებლებისა და ნარკომაფიის მფარველი“. უეჭველია, სააკაშვილის შემორჩენილ მხარდამჭერებს უკვე მხოლოდ თამაზაშვილის დანიშვნა მიაყენებდა ისეთ მორალურ დარტყმას, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა, პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სრული ჩამოშლა“ უკვე გაბზარული „ნაციონალური მოძრაობისა“.

არადა, მოვლენათა არც სხვაგვარი განვითარება ამცირებს „ნაცმოძრაობის“ სრული კრახის საფრთხეს. ვინც უნდა დანიშნოს ბიძინა ივანიშვილმა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ახალ მინისტრებს აუცილებლად მოუწევთ ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, აფრასიძეების, გლდანის ციხის სკანდალის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ფოტორეპორტიორების თუ სხვა „რეზონანსული“ საქმეების ხელახლა გამოძიება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებაა, მისგან ელექტორატის დიდი ნაწილი, უწინარესად, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა. შესაბამისად, მეტისმეტ მერყეობას ან სიტყვის გატეხვას „ქართული ოცნების“ ლიდერს არავინ აპატიებს.

იგივე შეიძლება ითქვას რვა წლის განმავლობაში უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების უკან დაბრუნების პროცესზე, იმ საქმეების გაცოცხლებაზე, რომელთა განხილვაზეც სასამართლოები ახალ რეალობაში უარს ვეღარ იტყვიან. კი გააკეთა აბსტრაქტული მოწოდება ივანიშვილმა, იქნებ მეგობრულად დააბრუნოთ სხვებისთვის წართმეული ქონებაო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ნებაყოფლობითი „ტრანსაქცია“ დღევანდელ ვითარებაში? იმ პირობებში, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ არც საქართველოს მოქალაქეობა და არც ჩამორთმეული უძრავი ქონება თბილისში, ურეკსა და ბათუმში, ძნელი დასაჯერებელია, რომ მავანმა ყოფილმა ძალოვანმა მინისტრმა თავზე ნაცარი დაიყაროს და უკლებლივ ჩააბაროს წართმეული ქონება, ვთქვათ, დევნილ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ან ციხეში გამომწყვდეულ მერაბ რატიშვილს. არადა, სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში გამოძიების კვალი უსათუოდ მივა იმ თანამდებობის პირებამდე, რომლებსაც მთელი რვა წლის განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილის რეჟიმი. თუ ორ პოლიტიკურ ძალასა და მათს ლიდერებს შორის რაიმე კულუარული გარიგება უკვე არ არსებობს, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ზოგიერთი მინისტრის დაპატიმრების საკითხიც. რამდენადაც ცნობილია, მაღალი თანამდებობის პირთა სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ღიად არავისთვის მიუცია და ასეთ რამეს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას ვერც რომელიმე დასავლელი პოლიტიკური პარტნიორი მოსთხოვს.

ჰოდა, წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მიტკალივით გაფითრებულ და ბორკილდადებულ რომელიმე ყოფილ მინისტრს პოლიციის დეტექტივი დაკავების სანქციას უკითხავს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი ამ დროს ზის სამუშაო კაბინეტში და იტანჯება იმაზე ფიქრით, რა პასუხი გასცეს მის რეზიდენციასთან შეგროვილ უამრავ ჟურნალისტს; რით ანუგეშოს ის თანამებრძოლები, რომლებიც, სულ მცირე, პასიური თანამონაწილეები არიან ყველა იმ უკანონობისა, რომელთაც ახალი სახელმწიფოს მშენებლობის თანმდევ „აუცილებელ ბოროტებად“ სახავდნენ მათი იდეოლოგები.

„თავისი ტყავის გადასარჩენად სააკაშვილი ნებისმიერს გაწირავს“, - ხშირად ამბობენ საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელი ოპონენტები. კონიუნქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში, ჟარგონს თუ ვიხმართ, ყველაფერი მოსულა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს მეგობარ უკრაინაში სააკაშვილის მეგობარმა და მისი შვილის ნათლიამ, ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ჯერ საერთოდ გზიდან ჩამოიშორა თავისი ყოფილი თანამებრძოლი, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მეორე ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, შემდეგ კი „პოლიტიკურად მოტივირებულ“ სასამართლოზე მის წინააღმდეგ ჩვენებაც კი მისცა. არ მინდა დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ ქარიზმატული ლიდერი, ასეთ დაცემაზე ხელს მოაწერს. თუმცა მას, როგორც ზემოთ ითქვა, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიდი არჩევანის შესაძლებლობა არც აქვს. და, შესაძლოა, ივანიშვილმაც, სწორედ როგორც ადამიანმა ადამიანს, ისე ურჩია სააკაშვილს, „არ გაიწვალოს თავი“ - ანუ არ მიიყვანოს საქმე იმპიჩმენტამდე - გადადგეს ნებაყოფლობით და, ამგვარად, პასუხისმგებლობა იტვირთოს თავისი გუნდის აქტიურ წევრთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, რომელთა შელამაზება, ჩამოწერა და დავიწყება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, როგორც პოპულარობის ზენიტში მყოფი პოლიტიკოსის, ძალებსაც კი აშკარად აღემატება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG