Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპენსაციების გაცემა აქციების ფონზე


სტიქიის შედეგები კახეთში
სტიქიის შედეგები კახეთში
კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო. თანხას, ჯამში, 28 500 ოჯახი 6 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს. თელავში პირველი, ვინც დახმარება მიიღო, ნუკრი ბახუტაშვილია. ამბობს, რომ ბანკის ოპერატორს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა და მას პლასტიკური ბარათი გადასცეს, რომელზეც 2980 ლარია დარიცხული.

ნუკრი ბახუტაშვილი: რაც დაგვიზიანდა, იმასთან შედარებით, ნორმალური თანხა მივიღეთ. მადლობლები ვართ. 2980 ლარი მივიღე. კომისიამ შემამოწმა. შემდეგ ჩემი პირადობით მოვედი ბანკში და პრობლემის გარეშე მივიღე კომპენსაცია. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ კომისიის გადაწყვეტილებით - ალბათ, რაც საჭირო იყო, ისე აგვინაზღაურეს ზარალი.

სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა რამდენიმე ეტაპად მოხდება. პირველად სიებში 3000-მდე ოჯახი მოხვდა. იმისათვის, რომ დააზუსტონ, მოხვდნენ თუ არა პირველი ტრანშის სიაში, მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლია სოფლის რწმუნებულთან. "ქართუ ბანკის" თელავის ფილიალის მმართველი იმედა ჯაში ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დახმარების მიმღებთა სიები ბანკშიც გამოაკრეს.

იმედა ჯაში: კომპენსაციები გაიცემა დღეს დილიდან და ეს პროცესი ეტაპობრივად მოხდება. სიებიც გამოიკვრება ეტაპობრივად. ბანკი მზად არის მოსახლეობის დახმარებისთვის. მობილიზებულია თანამშრომელთა დიდი რაოდენობა.
თუ სხვა სოფლების მცხოვრებლებს 20 და 30 ათასებს აძლევენ, ჩვენ 500 ლარის ღირსი აღარ ვართ? ასეთი მასშტაბის სტიქიამ ჩვენს თავზე გადაიარა, რატომ არ გვაძლევს ეს მთავრობა დახმარებას, გვაინტერესებს...
აქციის მონაწილე


კომპენსაციების გაცემის პარალელურად თელავში საპროტესტო აქციები იმართება. სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობის ნაწილი, ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით, თელავის გამგეობის შენობაში შეიკრიბა. ვარდისუბნელები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ სოფელში სტიქიით დაზარალებულებს მცირე ფულადი ანაზღაურება მისცა, ახალი მთავრობა კი კომპენსაციებზე საერთოდ უარს ეუბნება. აქციის მონაწილეების თქმით, ვარდისუბნელთა დიდი ნაწილი ახალ სიებში არ არის.

აქციის მონაწილე: ივანიშვილმა რაც გვითხრა, რომ გეკუთვნითო და მაშინ დაგცინესო, სააკაშვილმა რომ 1000 ლარები დაგირიგათო... ეხლა მე იმ 95 მილიონს გირიცხავთ, ვინც დაზარალდითო. გვეკუთვნის და უნდა მოგვცენ. 2 ტონა ყურძენს ვკრეფდი ხოლმე და ამ სეზონზე 80 კგ. მარცვალი ძლივს მოვკრიფე. ლობიო და სიმინდი კი ვერ მოვიყვანე ამ სტიქიის გამო.

აქციის მონაწილე: თუ სხვა სოფლების მცხოვრებლებს 20 და 30 ათასებს აძლევენ, ჩვენ 500 ლარის ღირსი აღარ ვართ? ასეთი მასშტაბის სტიქიამ ჩვენს თავზე გადაიარა, რატომ არ გვაძლევს ეს მთავრობა დახმარებას, გვაინტერესებს.

აქციის მონაწილეებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შეხვდა. დავით ნაპირელის განმარტებით, ამ დრომდე სტიქიით დაზარალებული ოჯახების დამატებითი სიები მუშავდება და ყოველ მათგანს, ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სეტყვამ 2012 წლის 19 ივლისს გაუნადგურა, შესაბამისად დაეხმარებიან.

დავით ნაპირელი: სპეციალური კომისია დამატებით სიებს აკეთებს სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ზარალთან დაკავშირებით. ისინი აკვირდებიან, თუ არის რამე გამორჩენილი. ასე რომ, მათი პრეტენზიები, მე ვფიქრობ, მისაღები არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით რასაც განიხილავს კომისია, დაზარალებულები მივლენ მათთან და გაიგებენ შესაბამის პასუხს.
მეორედ დავთესეთ მარცვალი და როცა უნდა აგვეღო მოსავალი, შემოდგომის პირზე, მაშინაც დავისეტყვეთ. რა ეშველება სოფლის ხალხს, არ ვიცი...
აქციის მონაწილე


აქცია გამართეს თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მცხოვრებმა დაზარალებულებმაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ 19 ივლისის სტიქიამდე - 25 მაისს - ეს სოფელი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალდა და სწორედ ამიტომ ისინი კომპენსაციის დარიგებას და სიაში ჩასმას ითხოვენ.

აქციის მონაწილე: 2012 წლის 25 მაისს ისეთი სეტყვა მოვიდა, რომ მთლიანად გაგვანადგურა. არავინ არ აგვიყვანა აღრიცხვაზე. შემდეგ კახეთის რამდენიმე ქალაქში და სოფელში მოხდა სტიქიური უბედურება. იქ სახლებს გადახადა სახურავი და გადაუფარეს, კომპენსაცია მისცეს და ახლა კიდევ უხდიან ფულს და ჩვენ კი ისევ არავინ გვაქცევს ყურადღებას.

აქციის მონაწილე: მეორედ დავთესეთ მარცვალი და როცა უნდა აგვეღო მოსავალი, შემოდგომის პირზე, მაშინაც დავისეტყვეთ. რა ეშველება სოფლის ხალხს, არ ვიცი.

თელავის გამგეობაში უჭირთ საუბარი იმაზე, მიიღებს თუ არა 2012 წლის 25 მაისს სტიქიით დაზარალებული სანიორეს მოსახლეობა ფულად კომპენსაციას. გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი ამბობს, რომ იმ პერიოდში კომისიას ზარალი არ შეუსწავლია და დღეს რთულია დადგინდეს, რა დააზიანა სტიქიამ. ის კი, ვინც 19 ივლისს დაზარალდა და სიაშიც მოხვდა, დახმარებას დღეიდან 6 კვირის ვადაში მიიღებს.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG