Accessibility links

ზუგდიდის სოფელში თხილისა და სიმინდის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციას ითხოვენ


ზუგდიდის სოფელ კოკის მცხოვრებნი თხილისა და სიმინდის მოსავლის განადგურების გამო ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. კოკელების თქმით, სხვადასხვა სახის მავნებელმა - უმეტესად კი, ე.წ. აზიურმა ფაროსანამ - წელს სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტები გაანადგურა და გლეხები შემოსავლის გარეშე დატოვა.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თხილის მავნებელ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის სამუშაოები დაგვიანდა და ისიც მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. კოკელები დახმარების სახით კომპენსაციას ითხოვენ. როგორც სოფლის მკვიდრი ნონა კვარაცხელია ამბობს, გლეხების პრობლემები დღეს ხელისუფლებას არ აინტერესებს, რის გამოც იძულებულნი არიან საპროტესტო გამოსვლები დაიწყონ:

„ხელისუფლებას ვთხოვთ გამოყოს კომისია, შეისწავლოს, თუ რა ზარალი ნახა მოსახლეობამ. ყველას კრედიტები აქვს. ეს ხალხი არ გაჩერდება, ეს დასაწყისია“.

„ფაროსანასთან ბრძოლა უნდა დაწყებულიყო აპრილ-მაისის თვეში, უნდა ყოფილიყო რამდენჯერმე, ახლა ჩვენთან 90 % უკვე გაფუჭებულია. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ერთხელ შეიწამლა და ეს იყო მხოლოდ პიარი. სახელმწიფოს ვთხოვთ შეისმინოს ჩვენი ლაპარაკი. მივმართავთ გუბერნატორს. დღეს აქ ვართ, მაგრამ ხვალ და ზეგ გუბერნიასთან დავდგებით და იქ ჩავატარებთ აქციას. მათ მივაწვდენთ ჩვენს ხმას“, - ამბობს კოკში მცხოვრები მერაბ თოდუა.

გლეხების მოთხოვნას უერთდება და მათ მხარდაჭერას უცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ანა წითლიძის, განცხადებით, კოკის მცხოვრებთა პრეტენზიები და მოთხოვნა ლეგიტიმურია.

„ჩვენც მოვითხოვთ, რომ ყველა დონეზე შეიქმნას სპეციალური კომისია და დაუთვალონ ამ ადამიანებს, ზარალი რამდენია, შემდეგ კი იზრუნონ იმაზე, რომ გადაუხადონ კომპენსაცია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტების მიერ იგეგმება კომისიების შექმნა იქ, სადაც აზიურმა ფაროსანამ მოსახლეობა აზარალა, შედეგების შესახებ ინფორმაცია კი შესაბამის უწყებებს ეცნობება. რაც შეეხება თხილის კულტურის შეწამვლის ვადებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ მხრივ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოები ჩაატარა ამერიკელი ექსპერტების დახმარებით და რეკომენდაციით:

„სწორედ ამ ექსპერტების ვადების მიხედვით მოხდა წამლობები. როგორც ექსპერტები ამბობენ, წამლობებისთვის აუცილებელია კონკრეტული ტემპერატურის მიღწევა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა წამლობები, როცა გარეთ გამოვიდა მავნებელი საბუდარიდან, სახლებიდან და ა.შ. თუმცა ეს არის სპეციფიკური მავნებელი და მას სჭირდება გეგმიური ბრძოლა. სწორედ ამიტომ დაგეგმილია შემდეგი წამლობები შემოდგომაზე“, - განაცხადა პაატა ლაგვილავამ.

ცნობისთვის: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 10 ივლისს შეაჯამეს თხილის მავნებელ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებული სამუშაოები და მიღებული შედეგი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ, მონიტორინგის მიხედვით, კამპანია წარმატებული იყო, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა აზიური ფაროსანას პოპულაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG