Accessibility links

კომუნისტების ნაბიჯმა პრაღა ფეხზე დააყენა


პრაღის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები

5 მარტის საღამოს პრაღაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ჩეხეთის კომუნისტური პარტიის წევრ ზდენეკ ონდრაჩეკის დანიშვნა პარლამენტის იმ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, რომელსაც უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის კონტროლი ევალება. ამ საპარლამენტო კომისიას, კერძოდ, ეხება პოლიციელების, მებაჟეებისა და ციხის ზედამხედველების დანაშაულთა გამოძიება.

მე აქ მოვედი ჩემი შვილიშვილებისათვის. მსურს, რომ ისინი კარგად ცხოვრობდნენ და არ უნდა დავუშვათ ტოტალიტარიზმის დაბრუნება...
საპროტესტო აქციის მონაწილე

ონდრაჩეკის დანიშვნამ მასობრივი აღშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ 1989 წლის იანვარში, კომუნისტური პოლიციის თანამშრომლად მუშაობის დროს, იგი პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე გამართული დემონსტრაციის სასტიკ დარბევაში იღებდა მონაწილეობას. 1989 წლის საპროტესტო აქციები პრაღაში წინ უძღოდა „ხავერდოვან რევოლუციას“. ამ მოვლენების დროს დააპატიმრეს და შემდგომ 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს. 5 მარტს პრაღის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გამოსულ ადამიანებს გამოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით „არ დავივიწყებთ“! ისინი იქნევდნენ ქაღალდისაგან გაკეთებულ ხელჯოხებს და აჩხრიალებდნენ რკინის გასაღებებს, როგორც ამას აკეთებდნენ დემონსტრანტები 1989 წელს, „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს.

„მე აქ მოვედი ჩემი შვილიშვილებისათვის. მსურს, რომ ისინი კარგად ცხოვრობდნენ და არ უნდა დავუშვათ ტოტალიტარიზმის დაბრუნება“, - განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში.

პრაღის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები
პრაღის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები

მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების პასუხად, ჩეხეთის ერთ-ერთი ტელეარხისათვის მიცემულ კომენტარში ონდრაჩეკმა უარყო დემონსტრანტების სასტიკად დარბევაში მონაწილეობა და განაცხადა, რომ 1989 წელს პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, როგორც ასეთ შემთხვევებშია მიღებული. მანამდე საზოგადოებაში კამათი მოჰყვა ონდრაჩეკის ჩასვლას რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ აღმოსავლეთ უკრაინაში. ვიზიტის პარალელურად მიცემულ ინტერვიუში მან „სამხედრო დანაშული“ უწოდა უკრაინის სამთავრობო ჯარების მოქმედებას, სოციალურ მედიით კი გაავრცელა მოსაზრება, რომ უკრაინამ თავი უნდა დაანებოს ყირიმის გამო „მოთქმას“.

რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება

5 მარტის საღამოს პრაღის ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც მოუწოდებს პარლამენტს, ხელახლა ჩაატაროს კენჭისყრა და ონდრაჩეკი სხვა კანდიდატურით ჩაანაცვლოს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ჩეხეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ იქნება იოლი.

პრაღის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები
პრაღის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები

ბოლო საპარალამენტო არჩევნების შედეგად კომუნისტურმა პარტიამ ხმათა 10 % მიიღო. ანალოგიური მაჩვენებლით შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში პოპულისტური პარტიები, - სამოქალაქო დემოკრატიული პარტია და მეკობრეთა პარტია, - რამაც ევროკავშირში ბევრი დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად ჯანსაღია ჩეხეთის დემოკრატია.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მიაღწევს ონდრაჩეკის გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში 2 მარტს უკვე შედგა.

პრაღის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები
პრაღის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები

კომუნისტი დეპუტატის დანიშვნა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე უკავშირდება ჩეხი კომუნისტების შეთანხმებას, მხარი დაუჭირონ პარლამენტში პარტია „ანოს“ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს. ბოლო არჩევნების დროს გამარჯვებულმა პარტია „ანომ“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და უმდიდრესი ადამიანი, ანდრეი ბაბიში, უდგას სათავეში, ვერ მოიპოვა საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის ფორმირებისათვის. თავის მხრივ, ჩეხეთის კომუნისტური პარტია ზდენეკ ონდრაჩეკის დანიშვნას მიიჩნევს პრინციპულ საკითხად პარტია „ანოსათვის“ მხარდაჭერის სანაცვლოდ. ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ორი პარტიის თანამშრომლობის შესახებ საბოლოოო გადაწყვეტილებები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

საპროტესტო აქციის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ჩეხმა კომუნისტმა ზდენეკ ონდრაჩეკმა 6 მარტს თანმდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით ზდენეკ ონდრაჩეკმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა საფრთხე, რომლიც მის ოჯახს ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG