Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების სისტემა იქმნება


ვის და როგორ უნდა მიმართოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, რომელიც კონფლიქტის დროს დაზარალდა? - ამ მექანიზმის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს მიზნად პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამთავრობო და არასამთავრობო და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრები ერთიანდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არსებობდა სისტემა, რომელიც კონფლიქტის დროს ძალადობის მსხვერპლს საშუალებას მისცემდა ერთიანი - იურიდიული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო - მომსახურება მიეღო. 10 მაისს სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ერთადერთი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მასზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღეძრა, რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს პროკურატურისგან უშედეგოდ ელოდა პასუხს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს მან და მისმა ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაეგზავნათ. ეს არის დღესდღეობით ერთადერთი საქმე, რომელიც კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა სასამართლომდე მიიტანა და რომელიც ორი სახელმწიფოს - საქართველოსა და რუსეთის - წინააღმდეგ არის მიმართული.

ეს არის ტაბუდადებული პრობლემა და ამ თემაზე საუბარი ადამიანებს ძალიან უჭირთ ...
ნატო ზაზაშვილი
“ის ხანშიშესული ქალია. შვილიშვილები ჰყავს. არ მოელოდა, რომ მას ეს საშიშროება შეიძლებოდა შექმნოდა. ქმარი გააპარა სახლიდან და უბედურებაც სწორედ მას შემდეგ დატრიალდა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ იქიდან პასუხი არ მიგვიღია. გამოძიებაც კი არ დაიწყეს, სამწუხაროდ”, - ამბობს ლია მუხაშავრია.

როგორ და ვის უნდა მიმართოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, რომელიც კონფლიქტის დროს დაზარალდა? - სწორედ ამ ე.წ. რეფერალური მექანიზმის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს მიზნად სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამთავრობო და არასამთავრობო და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრები ერთიანდებიან. ერთი ფანჯრის სისტემა - ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩევლის გენდერის საკითხებში, თამარ საბედაშვილის, ერთ-ერთი რეკომენდაცია. მისი თქმით, ეს სისტემა საშუალებას მისცემს ძალადობის მსხვერპლს თავიდან აიცილოს მისთვის მტკივნეული საკითხის რამდენჯერმე გამეორება და თავისი პრობლემით სხვადასხვა უწყებებში სიარული:

”ეს არის ტაბუდადებული პრობლემა და ამ თემაზე საუბარი ადამიანებს ძალიან უჭირთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, რომ იქ, სადაც მსხვერპლი ერთხელ მოჰყვება თავისი ტრაგედიის შესახებ, იქვე მოხდეს მისთვის გარკვეული სერვისების გაწევა. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც ერთი საერთო ფანჯრის პრინციპით ხორციელდება მსხვერპლის ძირითადი სერვისებით დაკმაყოფილება. ეს მოიცავს სამედიცინო, იურიდიულ, სასამართლო ექსპერტიზას და ფსიქოლოგიურ დახმარებას.”

ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში არაერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მას და მის კოლეგებს სწორედ კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური დახმარება უწევდათ. ისინი თავიანთ ტრაგედიას ტაბუს ადებენ და ამ თემაზე საუბარს გაურბიან, ამბობს ის და იხსენებს, მისი თქმით, ყველაზე მძიმე ამბავს, რომელიც ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ერთ-ერთ სოფელში დატრიალდა:

სექსუალური ძალადობის საქმეები განიხილება სპეციალურად შექმნილი სამსახურის მიერ, სადაც მსხვერპლის სქესის გამომძიებელი და პროკურორი აწარმოებს საქმეს ...
ლია მუხაშავრია
”ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ამ ტრაგედიის მონაწილე ადამიანები ნორმალური ცხოვრებისთვის დაგვებრუნებინა”, - გვეუბნება ნატო ზაზაშვილი: ”გაკეთებული იყო დროებითი ბანაკი, სადაც საკმაოდ ბევრი ტყვე იმყოფებოდა და მათზე სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა. იქ, სამწუხაროდ, ბავშვებიც იყვნენ”, - ამბობს ნატო ზაზაშვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ იდეების გაცვლა მიმდინარეობს, ბევრი დეტალი კვლავაც დასაზუსტებელია. მაგალითად, ჭირს იმაზე საუბარი, თუ რა რესურსით და როდის შეიქმნება კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერალური მექანიზმი. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადვოკატი ლია მუხაშავრია იმ საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია და რომელიც მსხვერპლის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული:

”სექსუალური ძალადობის საქმეები განიხილება სპეციალურად შექმნილი სამსახურის მიერ, სადაც მსხვერპლის სქესის გამომძიებელი და პროკურორი აწარმოებს საქმეს, ექსპერტიც იმავე სქესისაა, კონფიდენციალობა დაცულია; ხალხს, ვინც გამოძიებაშია ჩართული, გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგები, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამ ტიპის ადამიანებთან,”

როგორც ლია მუხაშავრია გვეუბნება, საქართველოში არსებული პროცედურები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობას გულისხმობს, ზოგ შემთხვევაში დამამცირებელია და ის მსხვერპლის უფლებებსა და ღირსებას კიდევ ერთხელ ლახავს. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენისკენ არის მიმართული, დროულად და, რაც მთავარია, პირველ რიგში, სწორედ მსხვერპლთა ინტერესების გათვალისწინებით უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG