Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით უპასუხებს ევროპული სასამართლო საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ?


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი მეორე სახელმწიფოთაშორისი განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზეპირ მოსმენას 2011 წლის 22 სექტემბერს გამართავს. განაცხადი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე კონვენციის სავარაუდო დარღვევებს შეეხება.

ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებლობას სხვადასხვა ფუნდამენტური უფლების დარღვევისათვის, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, საკუთრების უფლება ...
საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე სახელმწიფოთაშორის განაცხადს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელი ლევან მესხორაძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება, რომ საომარი მოქმედებების დროს რუსეთის ფედერაცია იყო მთავარი შემოქმედი, რომ მან უნდა აგოს პასუხი, იმიტომ რომ სწორედ ის ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც დაირღვა საქართველოს მოქალაქეების უფლებები. 22 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლო საქმის პროცედურულ ასპექტებს განიხილავს:

”მაგალითად, არის თუ არა რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის მიღმა განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის შიდა სამართლებრივი საშუალებები არაეფექტიანია.”

რაც შეეხება თავად განაცხადის ძირითად შინააარსს:

”ეს არის განაცხადი, რომლითაც ჩვენ ევროპულ სასამართლოს მივმართეთ 2009 წლის 6 თებერვალს, რომლითაც ჩვენ ვითხოვთ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას იმ ქმედებებისათვის, რაც მათ განახორციელეს 2008 წლის აგვისტოს ოკუპაციის დროს. ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებლობას სხვადასხვა ფუნდამენტური უფლების დარღვევისათვის, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, საკუთრების უფლება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ა.შ.”, - განმარტავს ლევან მესხორაძე.


საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ბესარიონ ბოხაშვილი, რომელიც გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, განმარტავს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მიერ მეორე სახელმწიფოთაშორისო განაცხადი შევიდა და მთავრობის მოთხოვნა ე.წ. უზრუნველყოფის ღონისძიება იყო, მაშინ სასამართლოებმა ვალდებულებები ორივე მხარეს დააკისრეს:

”ჩვენ ამ განაცხადში ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდით, რომ ოსი და რუსი ჯარისკაცები აწამებდნენ ტყვედ აყვანილ ქართველებს, იყო არასათანადო მოპყრობისა და მკვლელობის ფაქტები და საქართველოს მთავრობა ითხოვდა სასამართლოსგან მიეღო უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საშუალება მიეცემოდათ მხარეებს გაეხსნათ ჰუმანიტარული კორიდორი და ადამიანები გამოეყვანათ კონფლიქტის ზონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამას საქართველოს მთავრობა მოითხოვდა, საერთაშორისო სასამართლომ ეს ვალდებულება ორივე მხარეს დააკისრა - საქართველოსაც და რუსეთსაც.”

ახლა რეალურად სასამართლო განიხილავს დასაშვებობის საკითხს, ანუ საჩივარი აკმაყოფილებს თუ არა ევროკონვენციით დადგენილ მოთხოვნებს ...
მას შემდეგ განაცხადი დამატებითი მასალებითაც შეივსო და ახლა საქართველოს მთავრობა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ომის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა სამართლის ძირითადი ნორმებიც. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, ამის პროგნოზირება რთულია, აცხადებს ბესარიონ მოხაშვილი:

”საქართველოს მთავრობა ახლა ამტკიცებს, რომ ომის დროს, ჰუმანიტარული სამართლის გარდა, ადამიანის უფლებათა სამართალიც დაირღვა. სტრასბურგის სასამართლო კი სწორედ ადამიანის უფლებათა სამართლის დაღრვევის ფაქტებს განიხილავს და ახლა მასზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს - შესაძლოა, გვითხრას, რომ განაცხადი არ აკმაყოფილებს დაშვებადობის კრიტერიუმებს, რომ ამოწურული არ არის სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები რუსეთის ფედერაციაში, ან თქვას, რომ არასათანადოდ არის დასაბუთებული. ამის პოტენციური შანსი რჩება, თუმცა იმის შანსიც არის, რომ, როგორც ჩვენს პირველ განაცხადთან დაკავშირებით მოხდა, საქმის არსებითად განხილვის გადაწყვეტილებაც მიიღონ.”

ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია იხსენებს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთავრობას საერთაშორისო სასამართლოში ჯერ კიდევ ომამდე, 2007 წელს, რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის გამო უჩივლა, რასაც ოდნავ მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს, ომი და ახალი სარჩელიც მოჰყვა:

”ახლა რეალურად სასამართლო განიხილავს დასაშვებობის საკითხს, ანუ საჩივარი აკმაყოფილებს თუ არა ევროკონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.”

მუხაშავრია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ქვეყნებს შორის დავის არცთუ ისე ბევრი საქმე განუხილავს, მით უმეტეს, ისეთი კომპლექსური, როგორიც საქართველო-რუსეთის დავაა:

”სტრასბურგის სასამართლოში მიდიხარ მაშინ, როდესაც ძალიან ხარ დარწმუნებული შენს პოზიციაში. მარტო ფაქტები არ კმარა და მათ უნდა შესაბამისად წარდგენა, დასაბუთება და მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილება. მე ცოტა მაეჭვებს, რამდენად მზადაა ამისთვის და რამდენად კარგად აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული ჩვენს მთავრობას, განსაკუთრებით ჰააგის გამოცდილების შემდეგ.”

თუ 22 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ განაცხადს დასაშვებად არ ჩათვლის, მაშინ არც საქმის არსებითი განხილვა გაიმართება, ხოლო თუ ისე მოხდა, რომ რუსეთმა საქმე მოიგო, განმარტავს ლია მუხაშავრია, საქართველოს, შესაძლოა, ზიანის ანაზღაურებაც დაეკისროს:

”ვშიშობ, რომ თუ ისე მოხდა, რომ რუსეთმა მოგვიგო ეს პროცესი, მაშინ შეიძლება ამან იმოქმედოს იმაზე, რომ ტერიტორიები, რომლებიც დავკარგეთ დე ფაქტო, დე იურედ დაკარგულადაც აღიაროს ასეთი რანგის სასამართლომ.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG