Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას მოითხოვენ


სოფელ დიცის მცხოვრები 18 წლის კობა ყორანაშვილი წელს სტუდენტი გახდა, იგი სოხუმის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა ჯერ არ იცის სწავლას გააგრძელებს თუ არა, რადგან მშობლებს გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ. კობამ განცხადებით უკვე მიმართა განათლების სამინისტროს და პასუხს დეკემბრისთვის ელოდება, მანამდე კი უნივერსიტეტი გადასახადის გადავადებას ჰპირდება. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ჯერ არ იცის, განათლების სამინისტროს პასუხი როგორი იქნება და დეკემბრის შემდეგ საერთოდ შეძლებს თუ არა სწავლის გაგრძელებას.

სოფელ დიცის ცენტრში სტუდენტების მშობლები შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან მათი შვილების დაფინანსება მოითხოვეს. მათი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების ახალგაზრდებს წინა წლებში დაფინანსების პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდას დაფინანსების შეწყვეტის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა. სოფელში, სადაც 5 წელია ოკუპირებული ტერიტორიიდან სარწყავი სისტემების გადაკეტვის გამო მოსავალი თითქმის არ მიუღიათ, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება.

კახა ზაქაროშვილის შვილი წელს სტუდენტი გახდა. მისი თქმით, სოფელში მოწეული მცირეოდენი მოსავალი ოჯახის შესანახად და შვილის სწავლის საფასურის გადასახდელად არ ჰყოფნის; ამბობს, რომ წინა არჩევნების დროს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ხმების სანაცვლოდ მის თანასოფლელებს აფინანსებდნენ.

მშობლების პრეტენზიებს დიცის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ზაქარია ვატიტაძეც იზიარებს. მისი თქმით, დიცის თემიდან 8 სტუდენტს უკვე შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, 20-მდე ახალგაზრდამ კი ჯერ არ იცის სწავლას გააგრძელებს თუ არა. მისი აზრით, ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების ახალგაზრდებს ყურადღება უნდა მიაქციოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგრაცია სულ უფრო იზრდება და სოფლები დაცლის საფრთხის წინაშე დგას.

განათლების სამინისტროს აქვს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სასწავლო გრანტს იღებენ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების წვრები, ობოლი ახალგაზრდები, მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები. წელს სიახლე ისაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან გრანტის მომპოვებელთა კვოტა 30-დან 50-მდე იზრდება. გრანტის მოცულობა 2250 ლარს შეადგენს და ის მომპოვებელ სტუდენტს მთელი სწავლის პერიოდში გაჰყვება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ვალერიან გობრონიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების მაძიებელმა სტუდენტებმა განაცხადი 30 სექტემბრამდე განათლების სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ რესურსცენტრში უნდა შეიტანონ, სამინისტრო კი ეროვნულ გამოცდებში მიღებული შედეგების შესაბამისად შეარჩევს სახელმწიფო გრანტის მფლობელებს.

მარტო გორის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. უამრავი ასეთი სოფელი არსებობს ხაშურის, საჩხერის, ქარელის, კასპის და ახალგორის რაიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებს დასავლეთ საქართველოშიც არაერთი ქართული სოფელი ესაზღვრება. ჯერჯერობით უცნობია ამ სოფლებიდან რამდენი ახალგაზრდა შეიტანს განაცხადს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, მაგრამ უკვე ნათელია, რომ 50 კაციან კვოტაში ყველა ვერ მოხვდება და ნაწილს თავადვე მოუწევს სწავლის გადასახადის შეგროვება.
XS
SM
MD
LG