Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და საქართველო ნატოს სახელმწიფოებთან ერთად


უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი
უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი

კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, ნატოს ქვეყნების სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეულმა. საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის გამოსვლაში არაერთხელ ახსენა რუსეთის აგრესიული მისწრაფება – გაანადგუროს უკრაინის დამოუკიდებლობა, თუმცა ქვეყანა არ დანებდება და კვლავაც ივლის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზით. 23 აგვისტოს კიევში განიხილებოდა უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის ერთიანი პოზიციის შემუშავების საკითხი.

ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა პეტრო პოროშენკომ მოიხსენია ძლიერ გადაწყვეტილებებად, რომლებიც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს რუსეთის აგრესიული იმპერიის მარწუხებიდან უკრაინის გათავისუფლებას. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესების მიხედვით მოქმედებს და რომ ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ დიდი განსაცდელის წინაშე დგას, აუცილებლად გაძლიერდება. საგანგებო ყურადღება დაეთმო ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობასა და ქვეყნის მზაობას – ღირსეულად გაუმკლავდეს მტერს:

„უკრაინა მზად არის ხისტი სამხედრო პასუხი გასცეს აგრესორს, თუკი ის ისევ ეცდება შემოტევას... თუმცა, მაინც, ჩვენთვის პრიორიტეტულია დონბასისა და ყირიმის დაბრუნების მშვიდობიანი, დიპლომატიური, პოლიტიკურ-სამართლებრივი გზები... მე მჯერა ჩვენი მოკავშირეების და განსაკუთრებულად სიმბოლურია, რომ ამ აღლუმში მონაწილეობენ თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელი პირები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები: დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ესტონეთიდან, კანადიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდავეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და შეერთებული შტატებიდან“.

​მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი, ძირითადად, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრიორიტეტზე ისმება, 24 აგვისტოს კიევში გაკეთებულ კომენტარებში რუსეთს ძალიან ბევრჯერ შეახსენეს ანექსირებული ყირიმი, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, დამოუკიდებელი მეზობლების შევიწროება და ის, რომ მისი აგრესიული ქმედებები მუდმივი საფრთხის წყაროს წარმოადგენს. ამის შესახებ ისაუბრა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმაც, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აქვე ითქვა, რომ აქტიურად განიხილება უკრაინისათვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა. ხუთშაბათს ჯეიმს მატისი, უკრაინის სხვა არაერთი პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან ერთად, კიევის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმსაც დაესწრო.

საქართველოში ხანძართან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის გამო, კიევში ჩასვლა ვერ მოახერხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აღლუმს ესწრებოდა მისი მოადგილე – ლელა ჩიქოვანი. საქართველოს წარმოადგენდნენ ასევე: სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. დოლიძემ და მახარობლიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღეს კიევში 23 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. უკრაინის მხარეს ამ შეხვედრაზე წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, ხოლო მოლდავეთს – საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი.

ვიქტორ დოლიძეს 24 აგვისტოს ჩვენ კიევში დავუკავშირდით. მისი თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს ძალიან მტკიცე მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ და საჭიროა, რომ საერთო ღირებულებების მქონე ამ ქვეყნებმა თავიანთი ინტერესები ერთიანი ძალებით დაიცვან სხვა საერთაშორისო სარბიელზეც:

„ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მეტის მიღწევას შევძლებთ იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალური სარგებელი, მაქსიმალური მხარდაჭერა და უფრო მეტი დაახლოება, მათ შორის – პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით – მივიღოთ ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, როგორც შედეგი“.

რადიო თავისუფლების შეკითხვას – იქნება თუ არა სამი ქვეყნის მიერ შემუშავებულ ერთიან პოზიციაში აქცენტი ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით – სახელმწიფო მინისტრმა ასე უპასუხა:

„წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, მოდით, ნუ გავუსწრებთ ჩვენ მოვლენებს. ეს არის ჩვენი, ყველას, საბოლოო მიზანი, საითკენაც მივდივართ და, რა თქმა უნდა, ეს ასეა; მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუკი ჩვენ გეგმაზომიერად და გონივრულად ვიმოქმედებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება“.

ეს (ერთიანობა) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ისევე, როგორც – ნატოსთვის... ნატოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა და ჩვენ, ნატოს შემთხვევაში, ვართ ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორები. ეს აჩვენა ნატოს მიერ ბოლო დროს გამართულმა წვრთნებმა, როგორც საქართველოში, ასევე – უკრაინაში...
ირაკლი მჭედლიშვილი

​გავიხსენოთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ევროპარლამენტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს, რომელშიც ასახულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საგანგებო რეზოლუციის მიღების საჭიროება. რეზოლუციის ადრესატი უნდა იყოს ევროკავშირის საბჭო, რათა მან, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას უკრაინას, მოლდავეთსა და საქართველოს. ერთობლივი განცხადების შინაარსის თანახმად, ეს მიდგომა უნდა აისახოს სამიტის დეკლარაციაშიც.

ზოგადად, ერთობლივ ძალისხმევას უფრო უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე ცალკეული ქვეყნების ძალისხმევას – აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი – ირაკლი მჭედლიშვილი:

„ეს (ერთიანობა) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ისევე, როგორც – ნატოსთვის... ნატოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა და ჩვენ, ნატოს შემთხვევაში, ვართ ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორები. ეს აჩვენა ნატოს მიერ ბოლო დროს გამართულმა წვრთნებმა, როგორც საქართველოში, ასევე – უკრაინაში, მაგალითად... რაც შეეხება ევროკავშირს, დღეისთვის უკვე სამივე ქვეყანას გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან და, გარდა ამისა, სამივე ქვეყანას აქვს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელიც მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“.

სხვა ბევრი ანალიტიკოსის მსგავსად, ირაკლი მჭედლიშვილისთვისაც ნათელია, რომ უფრო მეტი შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი – თუკი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მოწინავე სამი ქვეყანა – უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ერთიან პოზიციასა და სამოქმედო სტრატეგიას ჩამოაყალიბებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG