Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაშიმ ტაჩი: სერბიასთან შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მაგრამ არ იქნება დათმობა


კოსოს დროშა
კოსოს დროშა
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი იმედოვნებს, რომ სერბიასთან მიღწეული იქნება შეთანხმება კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ტაჩიმ ოთხშაბათს, პრიშტინაში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერ კეტრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა.

„პროგრესს ეტაპობრივად ვაღწევთ, გვიწევს ისეთ პრობლემებთან გამკლავება, რომლებიც სერბიასთან ერთი საუკუნის მანძილზე დაგვიგროვდა. ჩრდილოეთის პრობლემები 13-14 წელიწადს ითვლის, მაგრამ პირველად ხდება, რომ იქ კანონი და წესრიგი იწყებს ფუნქციონირებას. ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული - პირიქით, ყველას სამსახურს უწევს. ამდენად, მოველი რომ გვექნება წინსვლა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის საქმეში, რომლის მიზანიც იქნება კავშირების ნორმალიზება ჩვენს ორ ქვეყანას შორის“.

სერბია არ ცნობს კოსოვოს მიერ 2008 წელს ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, რომელიც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ აღიარა. ასეთი დამოკიდებულების გამო სერბია ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირის მხრიდან, რომელიც მოითხოვს, გაუმჯობესდეს ურთიერთობები და მოიხსნას ის ეთნიკური დაძაბულობა, რაც კოსოვოს ჩრდილოეთში უმცირესობაში მყოფ სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის არსებობს.

თუმცა ოთხშაბათს, როცა სერბიასთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე იმედიანად საუბრობდა, ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესში არ იქნება არავითარი დათმობა კოსოვოში მცხოვრები სერბი უმცირესობის საკითხში.

მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ეთნიკურმა სერბებმა სექტემბერში თავიანთი ადგილობრივი წარმომადგენლობა აირჩიეს, რომელსაც, ჰაშიმ ტაჩის თქმით, არ გააჩნია არავითარი აღმასრულებელი ძალაუფლება.

კოსოვოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება არის უმთავრესი წინაპირობა, რასაც ევროკავშირი უყენებს სერბიას ბლოკში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღის განსასაზღვრავად.

თუმცა პრიშტინაში მყოფმა ეშტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კოსოვოს საკითხი ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომლებიც მხარეთა შორის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს.

კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კოსოვოში ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ ატიფეტე იაჰიაგას ესაუბრა. პრიშტინიდან ეშტონი ბელგრადში ჩავა და მოლაპარაკებებს სერბიის ლიდერებთანაც გამართავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG