Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროვიცა: ორად გაყოფილი ქალაქი


კოსოვოს ქალაქ მიტროვიცის სერბები და ალბანელები ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც 1999 წლის ივნისში კოსოვოში ომი დასრულდა. მდინარე იბარის სამხრეთით ეთნიკური ალბანელები მიტროვიცას აღიქვამენ ახალი ქვეყნის ნაწილად, რომელსაც პრიშტინა განაგებს და რომელმაც სერბიისგან დამოუკიდებლობა 5 წლის წინ გამოაცხადა. მაგრამ ჩრდილოეთით მცხოვრები სერბები ფიქრობენ, რომ მიტროვიცა, ისევე როგორც მთლიანად კოსოვო, მუდამ სერბია იქნება. „ახალი ევროპის“ დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ მასალას, რომელიც ჩვენმა კოლეგამ, რონ სინოვიცმა მიტროვიცაში მოამზადა.

კოსოვოში ზამთრის ერთ-ერთ გრძელ ღამეს - მაშინ, როცა ჩრდილოეთ მიტროვიცაში ხალხის უმეტესობას სძინავს - სერბიის მუნიციპალურ უწყებათა წარმომადგენლების მიერ დამონტაჟებული გამაფრთხილებელი სირენა იწყებს მუშაობას.

რამდენიმე წუთში ქუჩებში ბევრი სერბი მამაკაცია გასული. მობილური ტელეფონები რეკავს. კოსოვოს ჩრდილოეთით არსებული ე.წ. „სამოქალაქო დაცვის ძალის“, სერბიის ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხალხისთვის ინსტრუქციების გაცემას იწყებენ.

ამგვარი სცენები ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს კოსოვოში, მდინარე იბარიდან ჩრდილოეთით მცხოვრები 40,000-მდე სერბისთვის.

ეს მდინარე მიტროვიცას კვეთს და ერთმანეთისგან ყოფს სამხრეთში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებს და სერბებს, რომლებიც 1999 წელს კოსოვოს ომის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთში კომპაქტურად ცხოვრობენ.

იქ ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებენ სერბი ოფიციალური პირები, რომლებსაც ბელგრადთან აქვთ კავშირი. ისინი უარს აცხადებენ აღიარონ პრიშტინის მიერ 2008 წელს სერბიისგან ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობა. ბევრი სერბი სახლობს კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე სოფლებში და დასახლებებში.

ღამით ჩართული გამაფრთხილებელი სირენები მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ უჩვეულო ყოფისა, რომელიც ამ რეგიონისთვის ცხოვრების წესად არის ქცეული.

კიდევ ერთ მწვავე პრობლემას ქმნის საბაჟო პუნქტებზე აგებული ბარიკადები.
კოსოვოს 1,8 მილიონი მოსახლის მესამედზე მეტს დღეში ერთ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს...

ეთნიკური სერბები მთავარ საავტომობილო გზებზე ბარიკადებს აგებდნენ კოსოვოს ხელისუფლების მოქმედების შესაზღუდად. ნატოს ჯარისკაცების მცდელობას, დაენგრიათ ბარიკადები, გასულ წელს სისხლიანი შეტაკებები მოჰყვა.

ბარიკადების აღების და შემდეგ სერბების მიერ მათი თავიდან აღმართვის პროცესი დიდწილად ახლაც გრძელდება.

კოსოვოს მცხოვრებთ დიდ ტვირთად აწევთ გაჭირვება და სიღარიბე. ახალ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება მძიმეა - კოსოვოს 1,8 მილიონი მოსახლის მესამედზე მეტს დღეში ერთ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. გამონაკლისი არც მიტროვიცაა. მეტიც, ეთნიკური უთანხმოება და დაყოფა კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას.

მიტროვიცის დე ფაქტო დაყოფა 1999 წლის ივნისში მოხდა - სერბიის წინააღმდეგ ნატოს მიერ წარმოებული საჰაერო შეტევის შემდგომ, ქაოსურ დღეებში. კოსოვოში ასიათასობით ეთნიკური ალბანელი დაბრუნდა, რასაც სერბთა სახლებისა და ბიზნესებისთვის ცეცხლის წაკიდება მოჰყვა. იქ მცხოვრებ სერბთა უმრავლესობა ჩრდილოეთით გაიქცა.

სწორედ მაშინ ააგეს შეიარაღებულმა სერბებმა ბარიკადები და არაფორმალური გამშვები პუნქტები მიტროვიცის სამ ძირითად ხიდზე, რათა ალბანელებისთვის არ მიეცათ ჩრდილოეთში მდებარე სახლებში დაბრუნების საშუალება. ეთნიკური სიძულვილი, რომელსაც ორივე მხარეს მყოფი ნაციონალისტი ექსტრემისტები უმაგრებდნენ ზურგს, მწვავე და ძალიან თვალშისაცემი იყო ამ დაყოფილ ქალაქში.

14-ოდე წლის შემდეგ მიტროვიცის მთავარი ხიდის ბოლო - ჩრდილოეთის მხარეს - ქვებით არის ჩახერგილი. ქვების გროვას თავზე სერბიის რესპუბლიკისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ბანერები ადგას. ხიდის ორივე მხარეს გრაფიტით არის მიწერილი - „კოსოვო სერბიაა“.
ბელგრადი, როგორც ცნობილია, კოსოვოს კვლავ თავის სამხრეთულ პროვინციად აღიქვამს...

მიტროვიცის ჩრდილოეთით მცხოვრები ბევრი სერბი თავისი ქალაქის სამხრეთ ნაწილში 1999 წლის შემდეგ არ გადასულა - შიშის გამო ან იმ მიზეზით, რომ იქაურობა, უბრალოდ, არ აინტერესებთ.

თუმცა 22 წლის ელენა აჩიჩი, ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ამბობს, რომ არ ეშინია და რომ ხიდზე ბევრჯერ გადასულა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე:

„ეს საკმაოდ ძნელია მათთვის, ვინც ამ მხარეს დასახლდა. მაგრამ ჩვენთვის, ვინც ყოველთვის აქ ვცხოვრობდით, ეს ჩვეულებრივი რამაა. მივეჩვიეთ სიტუაციას. სხვებისთვის შეიძლება უჩვეულოდ ჩანდეს, მაგრამ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ“.

პრიშტინის ოფიციალური პირების თქმით, ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობას „პარალელური ინსტიტუტების“ არსებობა ზრდის - სერბთა სამთავრობო უწყებები, რომლებსაც ბელგრადი აფინანსებს.

ბელგრადი, როგორც ცნობილია, კოსოვოს კვლავ თავის სამხრეთულ პროვინციად აღიქვამს, თუმცა 2011 წლის მარტში ევროკავშირის ეგიდით დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, ურთიერთობაში მნიშვნელოვანი დათბობა შეინიშნება.

სერბიის ევროკავშირში გაწევრიანება პრიშტინასთან კავშირების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული. ასეთ ფონზე, გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა მიანიშნა, რომ ბელგრადმა შეიძლება შეწყვიტოს წინააღმდეგობის გაწევა კოსოვოს გაეროში გაწევრიანების პროცესისთვის.
თუმცა დაჩიჩმა იქვე დასძინა, დიალოგის ყველაზე რთული ფაზა ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვსო. მას მხედველობაში ჰქონდა სერბი უმცირესობის ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკება პრიშტინასთან. ბელგრადი იმედოვნებს, რომ სერბებს, რომლებიც უარს აცხადებენ ეთნიკური ალბანელი მთავრობის აღიარებაზე, გარკვეული ფორმით ავტონომიას მიანიჭებენ.
XS
SM
MD
LG