Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ინტერესები ოკუპირებულ აფხაზეთში


რუსეთი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ცდილობენ სულ უფრო მეტად გაახმაურონ კიდევ უფრო დაახლოების გეგმები და სწორედ ამ ჭრილში განიხილება ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა მოსკოვში. კრემლის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, სტუმრისა და მასპინძლის საუბრის მთავარ საგნად სახელდება ე. წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის სამომავლო გეგმები განსაკუთრებით სახიფათოდ გამოიყურება სამხედრო თანამშრომლობის კუთხით.

კრემლის ინტერესები ოკუპირებულ აფხაზეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:17 0:00
გადმოწერა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის რაულ ხაჯიმბას სტუმრობის შესახებ ინფორმაცია მოსკოვმა წინასწარაც არაერთხელ გაახმაურა, ხოლო კრემლის ოფიციალურმა ვებსაიტმა1 დეკემბერს ამცნო საზოგადოებას, რომ ეს შეხვედრა შედგა. როგორც ყოველთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამჯერადაც განსაკუთრებით ესმება ხაზი იმ გარემოებას, რომ ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს ორი დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტები არიან. საუბრის მთავარ თემად სახელდება ე. წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც ოსტატურად იყენებს მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, ეს დოკუმენტი აბსოლუტურად უკანონოა.

როდესაც სოხუმისა და მოსკოვის კიდევ უფრო დაახლოებაზეა ლაპარაკი, ყურადღების ცენტრშია რუსეთის დუმის მიერ რამდენიმე კვირის წინ რატიფიცირებული ე. წ. „ხელშეკრულება“ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე, რომელთან დაკავშირებითაც სხვადასხვა დროს შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთმა წარმომადგენელმა. მოსკოვისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2015 წელს გააფორმებული ხელშეკრულება მიზნად ისახავს, რუსეთის სამხედრო ბაზის სიმძლავრეებზე დაყრდნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას „აგრესიის მოსაგერიებლად“. ეს მიზნები სრულად ემსახურება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ 2014 წელს გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულების ინტერესებს. მსგავსი დოკუმენტი მოსკოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმთანაც აქვს გაფორმებული.

რუსეთის აქტიურობა დე ფაქტო აფხაზეთთან მიმართებით თვალშისაცემია ანალიტიკოსებისთვისაც და მათ შორის არის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთი ამ აქტიურობით საკუთარი ინტერესების განმტკიცებას ცდილობს, რაც თავისთავად მოიცავს სურვილს ანგარიში გაუსწოროს ნატოს:

„(რუსეთის ქმედებებში) მთავარი იდეა არის ის, რომ შეინარჩუნოს პოზიციები, გააძლიეროს და რეგიონში მეტი მიზნის მიღწევის საშუალებები გაუჩნდეს. დღევანდელი კონკრეტული ვითარება ნატოს გაძლიერებასთან და შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამყარებს რუსეთის ნაბიჯებს“.

მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საერთო სამხედრო დაჯგუფების შესახებ გახდა ცნობილი, მედიაში გავრცელდა ბევრნაირი ვარაუდი დაგეგმილ ღონიოსძიებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი ვარაუდის მიხედვით, რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ათასამდე უნდა გაიზარდოს და, პარალელურად, უნდა გაიხსნას რამდენიმე ათეული ახალი საგუშაგო საოკუპაციო ხაზზე.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეს ინფორმაცია უარყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ არშბამ:

„სამხედრო კონტინგენტის ნებისმიერი ზრდა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხდება და ცალმხრივად ამის გაკეთება არავის შეუძლია. უსაფუძვლოა საუბრები გალის რაიონის მილიტარიზების შესახებ. არავინ გეგმავს დამატებითი საგუშაგოების გახსნას. გალის რაიონში მოქმედებს სასაზღვრო კომენდატურა - ასე ეწოდება სასაზღვრო ქვედანაყოფს. სასაზღვრო კომენდატურის შემადგენლობაში შედის ოთხი დანაყოფი, რომლებიც უშუალოდ საზღვარზე მუშაობენ. არ არსებობს მათი რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა“.

გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილის უარყოფის მიუხედავად, იმავე ინტერვიუდან ოლეგ არშბას განმარტებები მაინც მოწმობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარკვეული ძვრები მოსკოვისა და სოხუმის ერთობლივი გეგმების შესაბამისად. მაგალითად, დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა საზღვრისპირა ზონა და, შესაბამისად, გამკაცრდა კონტროლი ოკუპირებულ გალში, რომელსაც რესპონდენტი „სარეჟიმო ზონადაც“ მოიხსენიებს. „რეჟიმი შეცვლილია და გზაზე დაცვის სისტემა ამოქმედდა... ის სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება“.

მოსკოვისა და სოხუმის უკანონო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ძალაში შესვლას მუდმივად აპროტესტებენ საქართველოში და მუდმივად ლაპარაკობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. თუმცა ურთიერთგანსხვავებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციები, მაგალითად, მოსკოვისა და სოხუმის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს:

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. ჩვენ უნდა ჩვენი უნარით შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი. ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებით - თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და საბრძოლო მომზადების ხარისხის ამაღლების მიმართულებით - მომავალშიც გავაგრძელებთ“.

თუმცა ანალიტიკოსებისთვის ისიც ცხადია, რომ მხოლოდ საკუთარი არმიის იმედად ყოფნა არასაკმარისია პატარა საქართველოსთვის და, მით უმეტეს, ისეთი ძლიერი და აგრესიული მტრის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია. დიდი მეზობლის აგრესიის შეკავების შესაძლებლობებს ისინი ძირითადად საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომასა და მხარდაჭერაში ხედავენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობის „პოზიციის მაქსიმალური კონსოლიდაციის“ აუცილებლობაზე ლაპარაკობდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG