Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასტროს სავარაუდო შემცვლელი უარს ამბობს აშშ-ის მოთხოვნაზე


კუბის ვიცე-პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. 2016 წლის 25 მაისი
კუბის ვიცე-პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. 2016 წლის 25 მაისი

კაცი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, მომავალი წლის დასაწყისში შეცვლის კუბის პრეზიდენტს, რაულ კასტროს, უარს ამბობს აშშ-ის მოთხოვნაზე, რომ ამ კომუნისტურმა ქვეყანამ შეცვალოს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა.

მოსალოდნელი ცვლილებები კუბაში

დონალდ ტრამპმა ივნისში განაცხადა, რომ აპირებს კუბას კიდევ ერთხელ გაუმკაცროს სანქციები

86 წლის რაულ კასტრომ გამოაცხადა, რომ თებერვალში გადადგება პრეზიდენტის პოსტიდან

კუბაში პირდაპირი არჩევნები არ იმართება

კვირას წარმოთქმულ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა, მკაცრად გაკრიტიკა, მისი თქმით, აშშ-ის ზეწოლა ვენესუელის მთავრობაზე, ისევე როგორც კუბის ტურისტული მრეწველობის დისკრედიტაციის მცდელობა და განაცხადა, რეგიონში მომხდარი ეს და სხვა მოვლენები მოწმობს, რომ „იმპერიალიზმის ნდობა არ შეიძლება სულ მცირედითაც კი არასოდესო“.

დიაზ-კანელი ციტირებდა ერნესტო ჩე გევარას ცერემონიაზე, რომლითაც ამ რევოლუციონერის სიკვდილის 50-ე წლისთავი აღნიშნეს.

„კუბა არ წავა დათმობებზე თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არ წავა მოლაპარაკებებზე თავისი პრინციპების გარშემო და არც თავსმოხვეულ პირობებზე დათანხმდება“, - განაცხადა დიაზ-კანელმა, რითიც მან, სააგენტო „როიტერსის“ ანალიტიკოსის აზრით, უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გამოსვლას გაეროში - კუბას სანქციები არ მოეხსნება მანამ, სანამ ის დემოკრატიას და კაპიტალიზმს არ აღადგენსო.

„ცვლილებებს, რომლებიც კუბაშია საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ კუბელი ხალხი გაატარებს“, - განაცხადა დიაზ-კანელმა.

86 წლის რაულ კასტრომ გამოაცხადა, რომ თებერვალში გადადგება პრეზიდენტის პოსტიდან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მას 57 წლის დიაზ-კანელი შეცვლის. შესაბამისად, ადრეული 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ის იქნება სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომლის გვარიც არ იქნება კასტრო.

კუბაში პირდაპირი არჩევნები არ იმართება.

დონალდ ტრამპმა ივნისში განაცხადა, რომ აპირებს კუბას კიდევ ერთხელ გაუმკაცროს სანქციები და შედეგად უკეთესი პირობები მიიღოს იმ თანდათანობით დათბობასთან შედარებით, რომელსაც აშშ-ის წინა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მიაღწია.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა კუბაში თავისი საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა და კუბასაც იგივე მოსთხოვა, გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ ჰავანაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე „შეტევები“ განხორციელდა.

აშშ-ს კუბა არ დაუდანაშაულებია ამ ინციდენტებში, რომლებიც კვლავაც გამოძიების პროცესშია, თუმცა კუბას აკისრებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მან არ დაიცვა აშშ-ის დიპლომატები. ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა გაფრთხილება მოგზაურობაზე - აშშ-ის მოქალაქეები შეიძლება თავდასხმის სამიზნეები გახდნენო.

დიაზ-კანელმა განაცხადა, ზოგიერთი ოფიციალური პირი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ავრცელებს „უჩვეულო სისულელეს“, რომელიც მიზნად ისახავს დისკრედიტაციას ჩვენი ქვეყნის უზადო რეპუტაციისა, რომ ის უსაფრთხო ადგილია უცხოელი სტუმრებისთვის, მათ შორის, შეერთებული შტატებიდანო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG