Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალები საქართველოდან“ – მიგრანტთა შრომითი უფლებები და საჭიროებები


ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის „ქალები საქართველოდან“ ჩვენება და დისკუსია საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები და მომუშავე ქალების შრომით უფლებებსა და პრობლემებზე. ფილმის ჩვენება მოეწყო საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ტურის – “ადამიანის უფლებების“ - ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში. როგორც პროექტის კოორდინატორი ანა ციმინტია ამბობს, დოკუმენტური ფილმი, რომელიც თითქმის ცხრა წლის წინ ამერიკაშია გადაღებული, აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ფილმში აღწერილია მიგრანტი ქართველი ქალების ცხოვრება ნიუ–იორკსა და ნიუ–ჯერსიში, საიდანაც თავიანთი შრომით მიღებულ ფულს წლებია უგზავნიან საქართველოში დარჩენილ ოჯახებს. ანა ციმინტიას თქმით, მიგრანტი ქალები, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობენ და ძირითადად მომვლელებად, აღმზრდელებად ან დამლაგებლებად მუშაობენ, მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ. ამასთან, დაუცველია არალეგალურად დასაქმებულთა შრომის უფლებები. ანა ციმინტიას შეფასებით, ფილმის ჩვენებამ და დისკუსიამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ საზოგადოება შრომითი მიგრანტების საჭიროებებზე დაფიქრდეს:

„პროექტი მიზნად ისახავს ფილმის მაყურებლის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, დაესწრება დისკუსიას და მიიღებს მასში მონაწილეობას, მით უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება იმაზე, თუ რა პირობებში გვიწევს მუშაობა, როგორ უნდა გაიმართოს ჩვენი შრომითი პოლიტიკა და ა. შ.“, – აცხადებს ანა ციმინტია.

ანა ციმენტია
ანა ციმენტია

ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორ თემურ ჯვარშეიშვილის თქმით, დოკუმენტური ფილმი „ქალები საქართველოდან“ კარგად გადმოსცემს შრომითი მიგრანტების პრობლემებსა და საჭიროებებს:

„რთულია უყურო კადრებს ემოციების გარეშე. ასეთი ცხოვრებით ცხოვრობენ ჩვენი ნათესავები, ოჯახის წევრები და ჩვენ მხოლოდ თეორიულად ვიცით, რომ უწევთ რთულ პირობებში მუშაობა. ეს არის ფილმი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად უბიძგებს ადამიანს, კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს იმ მოვლენებს, თუ რა ხდება იქ. ძალიან ხელშესახებად გადმოსცემს იმ ემოციებს და მოვლენებს, რომლებიც ხდება ამ ადამიანების თავს, ჩვენგან კილომეტრების დაშორებით“.

თემურ ჯვარშეიშვილისავე შეფასებით, ფილმი კარგად აჩვენებს მიგრანტი ქალების შრომისა და მათ მიერ გამოგზავნილი თანხისადმი საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრების დამოკიდებულებასაც. საჯარო დისკუსიის მონაწილე ნატო ქათამაძის თქმით, სამუშაოდ უცხოეთში წასული ქალები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, რადგან მათი ქმრები, შვილები და ახლო ნათესავები საქართველოში დასაქმებას ვერ ახერხებენ. ნატო ქათამაძე აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფოს როლის გაძლიერებას და მისი პასუხისმგებლობის გაზრდას:

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ შექმნას საშუალება, ალტერნატივა, სამუშაო ადგილები, რათა დაბრუნდნენ ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში, რადგან წლების შემდეგ ხდება გაუცხოება, რაზეც ფილმშიც არაერთხელ იყო ხაზგასმული, შვილებიც მშობლებს უყურებენ, როგორც ფულის მომწოდებელს და ის სითბო და სიყვარული, რომელიც მშობელსა და შვილს შორის უნდა იყოს, თითქმის აღარც არის, ქრება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლი გასათვალისწინებელია“.

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის „ ქალები საქართველოდან“ ჩვენება და საჯარო დისკუსია შრომითი მიგრანტების პრობლემებზე საქართველოს 12 ქალაქში იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG