Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუნიციპალური დაწესებულებების მომსახურება და სოციალური სერვისები ბენეფიციარებისთვის


„მადლიერების სახლი“
„მადლიერების სახლი“

იმერეთის რეგიონში მუნიციპალურ სასადილოებს ყველაზე მეტი - 800 - ბენეფიციარი ქუთაისში ჰყავს. ქალაქის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლის“ ორი სასადილოთი ძირითადად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები სარგებლობენ. მათი მომსახურებისთვის წლევანდელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 620 ათას ლარი. ამ თანხიდან 450 ათასი ლარი კვებისთვის იყო გათვალისწინებული, დანარჩენი კი 33 თანამშრომლის ხელფასისა და სხვა ხარჯებისთვის. ერთ ბენეფიციარზე ყოველდღიურად იხარჯება საშუალოდ 1 ლარი და 60 თეთრი, თვეში კი - 47 ლარამდე. როგორც ბენეფიციარები ამბობენ, „მადლიერების სახლის“ სასადილოში კვირის გარდა ყოველდღე იკვებებიან, კვირა დღის ულუფა კი თან მიაქვთ. ულუფა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით გაიცემა. ბენეფიციარებისთვის ერთჯერადი კვება არასაკმარისია, თუმცა საკვებისა და მომსახურების ხარისხს დადებითად აფასებენ:

„რვასულიანი ოჯახი მყავს და ზოგჯერ მიმატებენ საკვებს, თუ არის საშუალება, თუ არადა, რა ქნან. მზარეულიც კარგია და ყველა. საკვები ცოტა მეტი თუ იქნება, კარგია, მაგრამ კაპიკები ჯდება ჩვენი შენახვა. რა ქნან, თავად ხომ არ იყიდიან. რასაც აძლევს მთავრობა, იმას გვაძლევენ ჩვენ. ფაფაც არის, წიწიბურა, კატლეტი, ხორცი საქონლის და ქათმის. ყოველთვის კარგია საკვები, მზარეული კარგი გვყავს და კარგად აკეთებს“.

„სიმართლე რომ ვთქვა, არ გვყოფნის, ბევრნი ვართ ოჯახში და თუკი დაგვიმატებენ, კარგი იქნება. დღეს, მაგალითად, თევზი და სუპი გვაქვს, ოთხშაბათს გვაძლევენ ლობიოს და ბრინჯს“.

„კარგი მომსახურება აქვთ, აქაც მივირთმევ და ნახევარი სახლშიც მიმაქვს ქილებით, მარტოხელა ვარ“.

„მადლიერნი ვართ. ძალიან შეღავათია. შეიძლება ერთი ან ორი პური დავამატო, მაგრამ ჩემთვის მაინც შეღავათია ეს სასადილო. რაც არის ნორმა, გვაძლევენ და თუკი საშუალება აქვთ ან მორჩებათ საკვები ან პური, ზოგჯერ გვიმატებენ კიდეც“.

„მადლიერების სახლი“
„მადლიერების სახლი“

„მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელის თამთა ბაკურაძის ინფორმაციით, კვებისთვის, კომუნალური გადასახადების, პერსონალის ხელფასისა და სხვა ხარჯებისთვის წელს 620 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიც იმავე თანხას ითვალისწინებს. თამთა ბაკურაძის თქმით, ერთჯერადი ცხელი სადილით ბენეფიციარები დღიურად აუცილებელ რაციონს და კალორიებს იღებენ:

„კვირის მენიუ მრავალფეროვანია, ყოველდღე ერთჯერადი კვებისთვის ერთ ადამიანზე ერთი პური და სხვადასხვა კერძია გათვალისწინებული, მაგალითად, ორშაბათს – თევზი, ბარდის სუპი და კისელი, სამშაბათს – ქათმის ბულიონი, წიწიბურას გარნირი და კისელი, ოთხშაბათს – ლობიო, ბრინჯის ფაფა და კომპოტი, ხუთშაბათს - ხორციანი ხარშო და კომპოტი, პარასკევს – ბორშჩი, ბრინჯის ფაფა, მოხარშული კვერცხი და კომპოტი, შაბათს კი ულუფა ორმაგდება და კვირისთვის წინასწარ მიაქვთ კატლეტი, სუფი, წიწიბურას გარნირი და კისელი. არის შემთხვევები, როცა ბენეფიციარები ითხოვენ და უმატებენ კიდეც. ამასთან, მენიუ „მადლიერების სახლის“ სასადილოებში სეზონურად ნახლდება და იცვლება“.

„მადლიერების სახლი“
„მადლიერების სახლი“

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელის თამთა ბაკურაძის ინფორმაციით, 50-მდე ბენეფიციარისთვის, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, სადილი სახლში მიაქვთ. თამთა ბაკურაძე ამბობს, რომ „მადლიერების სახლს“ ყოველდღიურად აკითხავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ სასადილოების მომსახურებით ისარგებლონ, თუმცა არსებობს გარკვეული კრიტერიუმები - კერძოდ, მოქალაქე ქუთაისში უნდა ცხოვრობდეს და სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მინიჭებული ჰქონდეს 65 ათასამდე სარეიტინგო ქულა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მადლიერების სახლები“ ფუნქციონირებს რეგიონის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, მათ შორის სამტრედიაში არსებობს ორი დაწესებულება - „სახლი თანადგომა“ და „ სათნოების სახლი“, სადაც ყოველდღიურად სადილობს, ჯამში, 150-ზე მეტი ბენეფიციარი. ორივე დაწესებულების წლიური ბიუჯეტი 268 ათას ლარამდეა. ამასთან, სამტრედიაში პროგრამით „უფასო პური“ სარგებლობს 350 ბენეფიციარი და ამ მიზნით ყოველთვიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება საშუალოდ 1550 ლარი. სამხარეო ადმინისტრაციისავე ცნობით, ჭიათურის მუნიციპალურ სასადილოში კვირის გარდა 12-დან 16 საათამდე სადილობს 165 ბენეფიციარი და ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 91 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები „სათნოების სახლისა“ და „მადლიერების სახლის“ მომსახურებით სარგებლობენ ხონის მუნიციპალიტეტშიც, სადაც 260-მდე ბენეფიციარია, წლევანდელმა დაფინანსებამ კი 193 ათასი ლარი შეადგინა. ამავე მუნიციპალიტეტში ახლახან ამოქმედდა მეორე სოციალური სამრეცხაო. ხონის მადლიერების სახლის ბენეფიციარები ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანია მათი ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისთვის:

„როგორც ხანდაზმული, ძალიან ვაფასებ იმას, რომ სამრეცხაო გააკეთეს. ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ხნიერ ქალებს სად შეგვიძლია თეთრეულის გარეცხვა, ახლა კი ხელმისაწვდომია“.

„ზაფხულში მზეში დავდგამდი წყალს, ჩავალბობდი სარეცხს და ამოვირეცხავდი და ახლა აქ შემიძლია გავრეცხო. ამაზე მეტი მადლი ჩემთვის არავის გაუკეთებია“.

ხონის „მადლიერების სახლში“ სოციალური სამრეცხაოს პროექტი მოხალისეობრივი იდეების კონკურსის ფარგლებში დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველომ“. პროექტის ავტორ ელისო ჯიქიას განცხადებით, სოციალური სამრეცხაო ქმნის ინკლუზიურ გარემოს „მადლიერების სახლის“ ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად:

„სერვისის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მოხუცებისა და შშმ პირებისთვის. მათთვის განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ინკლუზიური გარემო. ამ მიმართულებით ჩვენი პროექტი დროულია ჩვენს მუნიციპალიტეტში“.

„მადლიერების სახლში“ ახალი სერვისის დამატების საჭიროებაზე ლაპარაკობს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე. მისი განცხადებით, სოციალური პროექტები ბენეფიციართა მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება:

„არის საშხაპეების მოწყობის მოთხოვნაც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ადამიანებმა, რომლებიც სერვისებით სარგებლობენ, ოჯახურ გარემოში იგრძნონ თავი. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი და ამისთვის თანამონაწილეობით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ“.

იმერეთის რეგიონში სოციალური სამრეცხაოები პირველად ხონის მუნიციპალიტეტში გაიხსნა და ეს პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG