Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და საკადრო ცვლილებები


ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი ამ დრომდე ვერ მიიღო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ საკრებულოს ვადის დაცვით ორჯერ გაუგზავნეს ბიუჯეტის პროექტი, თუმცა, დაზუსტებების მიზნით, უკანვე გამოითხოვეს. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განცხადებით, ბიუჯეტზე მუშაობა იანვარშიც გაგრძელდება, რაც კანონს შეესაბამება, და 2018 წლის პირველ თვეში თანხა დაიხარჯება წინა წლის ანალოგიური პერიოდის გათვალისწინებით. მერის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს დასამტკიცებლად იანვრის ბოლოს გაუგზავნიან. პროცესის გაჭიანურებას თანხის შემცირებას უკავშირებენ ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მერიის მიერ მომზადებული 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 2017 წლის დაგეგმილ ბიუჯეტზე ნაკლები იყო. ბესიკ ბრეგაძე ვარაუდობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის მონაცემები მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გასაცემი გრანტებისა და ტრანსფერების თანხა განისაზღვრება:

გადმოწერა

„იანვრის თვეში ცენტრალური ბიუჯეტი იქნება დამტკიცებული და განსაზღვრული იქნება მიზნობრივი, სპეციალური და გამოთანაბრებითი ტრანსფერები, რომლებიც ჩვენ უნდა გადმოგვეცეს, და ამის ფონზე შესაძლებელია რამდენიმე მილიონი ლარით ცვლილებაც იყოს იმ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მანამდე იყო შემოტანილი საკრებულოში“.

სამწუხაროდ, მიმდინარეობს რეორგანიზაცია იმისთვის, რომ როგორმე მოხდეს არასასურველი ადამიანების გაშვება და „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმება განხორციელდეს ქუთაისის მერიაში...
გიგა შუშანია

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის წევრის“, ბესიკ ბრეგაძის, შეფასებით, ქალაქის მთავრობას გაუჭირდება 2017 წლის ბიუჯეტის შესრულება, რადგან შემოსავლებს უკვე დააკლდა 700 ათას ლარზე მეტი, რომელსაც სათამაშო ბიზნესი გადასახადის სახით იხდიდა, და პირველი კვარტალის შემდეგ ამ კომპანიებმა საქმიანობა სხვა ქალაქში განაგრძეს. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, თანხა მოაკლდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსაც და შემცირდა ქალაქის გამწვანების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც მუშაობას ერთი თვის წინ შეუდგა, ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ხარვეზად მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ გამოსწორება შესაძლებელია.

ქუთაისის მთავრობას საკრებულოს ოპოზიცია კიდევ ერთი საკითხის, მერიის სამსახურებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო აკრიტიკებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, გიგა შუშანიას, განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობას რეორგანიზაციის საკითხის შინაარსობრივი განხილვა უშედეგოდ შესთავაზეს:

„სამწუხაროდ, მიმდინარეობს რეორგანიზაცია იმისთვის, რომ როგორმე მოხდეს არასასურველი ადამიანების გაშვება და „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმება განხორციელდეს ქუთაისის მერიაში. მერია თითქოს კონკურსებს ატარებს, მაშინ როდესაც ყველა სამსახურის უფროსის ვინაობა წინასწარ ცნობილია და ყველამ წინასწარ იცის, თუ რა შედეგით დასრულდება კონკურსები“.

ის პროგრამები, რაც არსებობს კულტურისა და სპორტის მიმართულებით, ყველა გაგრძელდება. კულტურის მიმართულებით კულტურის ააიპი იმუშავებს, სპორტის მიმართულებით – სპორტის ააიპი...
გიორგი ჭიღვარია

საკრებულოს წევრ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის, თქმით, ქუთაისის მერმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოაცხადა მოსალოდნელი რეორგანიზაცია და ძირითადად წინა მერის, შოთა მურღულიას, კადრებს გაათავისუფლებენ:

„ეს არის არჩევნებამდე დაანონსებული საკითხი იმ გუნდისა, რომელიც მოდიოდა უმრავლესობაში. ე. წ. მურღულიას კადრებს მოუწევთ სახლში წასვლა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი“.

ქუთაისის მერიამ საკრებულოს, რეორგანიზაციის ფარგლებში, სამსახურების ახალი სტრუქტურა შესთავაზა და უმრავლესობამ, მხარდაჭერის შედეგად, გააუქმა კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახური. კულტურის განყოფილება ადმინისტრაციულ სამსახურს შეუერთდა, დანარჩენი განყოფილებები კი – მერიას დაქვემდებარებულ შესაბამის ორგანიზაციებს. საკრებულომ მხარი დაუჭირა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის გაყოფასაც და შეიქმნა არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის და ზედამხედველობის სამსახურები. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად იგეგმება მერიის როგორც შტატიანი, ისე ხელშეკრულებით დასაქმებული 50-მდე თანამშრომლის შემცირება. გიორგი ჭიღვარია საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ რეორგანიზაცია სამსახურების დუბლირების თავიდან ასაცილებლად ხორციელდება:

„ის პროგრამები, რაც არსებობს კულტურისა და სპორტის მიმართულებით, ყველა გაგრძელდება. კულტურის მიმართულებით კულტურის ააიპი იმუშავებს, სპორტის მიმართულებით – სპორტის ააიპი. ასე რომ, ეს ოპტიმიზაციის გამო გავაკეთეთ და ასე უფრო ეფექტური იქნება მართვა. გავყავით არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, რადგან უხერხული იყო, როდესაც ერთი სამსახურის ხელმძღვანელი თან ნებართვას სცემდა და თან ამოწმებდა. ამ მიმართულებით ქალაქში ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ ეფექტურობისთვის აუცილებელი იყო გაყოფა“.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიასავე, განმარტებით, რეორგანიზაცია, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. კანონის შესაბამისად, მერიას ისევ 9 სამსახური ექნება და 13 თანამდებობის პირი და 300 საჯარო მოხელე იმუშავებს. მერიის 9 სამსახურის ხელმძღვანელებმა ახალი მერის არჩევიდან მალევე დაწერეს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. გიორგი ჭიღვარიამ 5 მათგანის განცხადება დააკმაყოფილა, 4 კი თანამდებობაზე დატოვა. მათ შორის ერთი-ერთი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია, ახლად შექმნილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG