Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და პრიორიტეტები


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები 54 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის დაგეგმილ ბიუჯეტს ორ-ნახევარი მილიონი ლარით აღემატება. საკრებულოს უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზეა მორგებული, რასაც არ ეთანხმებიან ოპოზიციონერი დეპუტატები. საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, გიგა შუშანიას განცხადებით, საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ნოემბერში მერმა და მისმა გუნდმა თავადვე დაიწუნა და დეკემბერში უკან გაითხოვა. გიგა შუშანიასავე განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ნაჩქარევად განიხილა და დაამტკიცა:

გადმოწერა

„ეს იყო ნაჩქარევი, ორი დღის განმავლობაში კომისიებზე მოყოლით გავლილი ბიუჯეტის პროექტი - ისე, რომ ოფიციალურად არ შემოსულა არც ერთი ცვლილება, ბოლო პერიოდში თუ რას აპირებდა ქალაქის მერია. აქედან გამომდინარე, ეს ბიუჯეტი არ ასახავს ქუთაისელთა საჭიროებებს, არ არის ქალაქის განვითარებაზე მორგებული. დაჩქარების ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ გაზრდილი ხელფასები როგორმე თვის ბოლომდე აეღოთ მერიის თანამშრომლებს“.

იზრდება ფასები ენერგომატარებლებზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ამ ვითარებაში არ არის გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომლებსაც შეუჩერდათ დახმარება, არ არის გათვალისწინებული პენსიონერების ის საკითხი, რომელი ინიციატივითაც ჩვენ გამოვდიოდით...
დავით გოგისვანიძემ

2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტის მიხედვით, მერიის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი 250 ათასი ლარით გაიზარდა და 3 მილიონ 460 ათასი ლარი შეადგინა, საკრებულოს სახელფასო ფონდი კი 54 ათასი ლარით გაიზარდა და 839 400 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას, განმარტებით, სახელფასო ფონდის გაზრდა საკრებულოს 5 ფრაქციის თავმჯდომარეთა მოადგილეების თანამდებობის შემოღებამ განაპირობა, რაც კანონით რეგულირდება. მერიის სახელფასო ფონდის გაზრდას კი თანამშრომელთა ხელფასის მომატებით ხსნის ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია:

„სახელფასო ფონდი იზრდება თანამშრომლებისთვის, მერის ხელფასი არ იზრდება. ზრდა აუცილებელია, რადგან თანამშრომლებს, რომელთა ხელფასი 400 ლარია, უნდა ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, რათა უკეთესად ემსახურონ ჩვენს ქალაქს“.

ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ხარჯის გაზრდა მიუღებელია საკრებულოს წევრისთვის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ დავით გოგისვანიძისთვის, რომლის განცხადებითაც, ბიუჯეტი მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებზე მორგებული არ არის:

„იზრდება ფასები ენერგომატარებლებზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ამ ვითარებაში არ არის გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომლებსაც შეუჩერდათ დახმარება, არ არის გათვალისწინებული პენსიონერების ის საკითხი, რომელი ინიციატივითაც ჩვენ გამოვდიოდით. ამ ბიუჯეტს ჩვენ, რა თქმა უნდა, ხმას ვერ მივცემდით, იმიტომ რომ სულ სხვა დაკვეთა მოდის მოსახლეობისგან და სულ სხვა მიმართულებით იმუშავა უმრავლესობამ“.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ფინანსური დოკუმენტი კარგადაა დაბალანსებული და განაწილებული...
გიორგი ჭიღვარია

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების საპასუხოდ, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია განმარტავს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 300 ათასი ლარითაა გაზრდილი თანხა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის და 20-მდე პროგრამისთვის წლის განმავლობაში 4 მილიონ 313 ათასი ლარი დაიხარჯება. გიორგი ჭიღვარიასავე განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილონი ლარი განისაზღვრა, სპორტული ღონისძიებებისთვის 703 ათასი, კულტურული ღონისძიებებისთვის მილიონ ლარზე მეტი, ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებისთვის კი 210 ათასი ლარია განსაზღვრული:

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ფინანსური დოკუმენტი კარგადაა დაბალანსებული და განაწილებული და ის არის ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ გაკეთებული. ის იქნება ჩვენი წინსვლის საწინდარი“.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიასავე გამარტებით, ქალაქი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან ტრანსფერის სახით 8 მილიონ ლარს მიიღებს, პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის კი გაპონოვის ქუჩის, თეთრი ხიდისა და ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG