Accessibility links

სამთავრობო პლატფორმა მოქალაქეთა პეტიციებისთვის და მისი მუშაობის რისკები


პრეზენტაცია

24 იანვარს ქუთაისში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმა ichange.gov.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა. პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიიის ფარგლებში, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა პორტალის მოხმარების წესები და პირობები ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის, განმარტებით, ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. ზვიად დევდარიანისავე განცხადებით, პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, საქართველოს მთავრობა ვალდებულია განიხილოს პეტიციაში წარმოდგენილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება:

please wait

No media source currently available

0:00 0:05:11 0:00
Direct link

„ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ბევრი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეს, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინოს გადაწყვეტილების მიმღებს ან ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში - მით უფრო, როდესაც საუბარია ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მიბმულ ტექნოლოგიებზე. ამ თვალსაზრისით, ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია“.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა არის მხოლოდ და მხოლოდ რაიონულ ცენტრში ან მოდემით, მოდემის შეძენა კი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა და ეს რეალური პრობლემაა.
ნანა სოხაძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორ სალომე საღარაძის განცხადებით, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმა არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება საზოგადოების წინაშე და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სალომე საღარაძისავე ინფორმაციით, პეტიციის გამოქვეყნება შესაძლებელია ისეთ თემებზე, როგორიცაა: რეგიონალური განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, ჯანდაცვა, მეცნიერება, სოციალური საკითხები, განათლება, ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ინოვაციები და სხვა:

„მნიშვნელოვანია პეტიციის შინაარსის ფორმულირება, ვინაიდან დადგენილებაში მკაცრადაა გაწერილი, რა შემთხვევაში არ გამოქვეყნდება პეტიცია, ვინაიდან მე, როგორც მოქალაქემ, გარდა იმისა, რომ მთავრობას უნდა მივაწოდო ჩემი იდეა, ასევე მოქალაქეებმა უნდა გაიგონ ჩემი მიზანი, რადგან ისინი არიან პეტიციის ხელმომწერები. შესაბამისად, მათთვის ეს მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული. გარდა ამისა, პეტიცია მთავრობის კომპეტენციას უნდა მიეკუთვნებოდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ განიხილება. მაგალითად, თუ არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, მთავრობა მას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, პეტიცია აუცილებელია წარმოდგენილი იყოს სახელმწიფო ენაზე“.

განცდა მრჩება, რომ მთვრობამ შეგვიქმნა პლატფორმა, რაც ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ განცდა რჩება იმისა, რომ ის, ფაქტობრივად, აღარ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პეტიციას მხარდაჭერა ვერ ექნება ხმების რაოდენობით...
ნინო ხუხუა

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ წარმომადგენელი ნანა სოხაძე მიიჩნევს, რომ პლატფორმის ფუნქციონირებას რისკს შეუქმნის ის ფაქტი, რომ ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი რაიონებში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის, რაც, თავის მხრივ, პეტიციის შექმნისა და ხელმოწერის პროცესს გაართულებს:

„ინტერნეტის ხელმისაწვდომობა არის მხოლოდ და მხოლოდ რაიონულ ცენტრში ან მოდემით, მოდემის შეძენა კი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა და ეს რეალური პრობლემაა. რეგიონში, რომელსაც მე წარმოვადგენ, ისიც კი ჭირს, რომ ადამიანს ხელი ფურცელზე მოაწერინო“.

„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ხუხუას განცხადებით, პეტიციების პორტალზე მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია, პეტიციის განთავსება და გამოქვეყნება შედარებით მარტივი პროცესებია, რასაც მსურველი ასე თუ ისე მარტივად მოახერხებს, თუმცა შესასრულებლად რთულია პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რაც ნაგულისხმევია პროექტში:

„10 ათას ხმას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაუსაბუთებელი. ზოგადად, წარმოუდგენელია 10 ათასი ხელმომწერის დაინტერესება და განცდა მრჩება, რომ მთვრობამ შეგვიქმნა პლატფორმა, რაც ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ განცდა რჩება იმისა, რომ ის, ფაქტობრივად, აღარ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პეტიციას მხარდაჭერა ვერ ექნება ხმების რაოდენობით“.

ქუთაისში გამართული საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, პეტიცია, თავისი შინაარსით, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმია და მისი გამოყენების მიზანია ხელისუფლებას შეახსენოს მოსახლეობის პრიორიტეტული პრობლემები. სწორედ ამიტომ, სასურველია მოქალაქეებმა აუცილებლად გამოიყენონ ეს ფორმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG